შპრანგერი ედუარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შპრანგერი ედუარდ

შპრანგერი ედუარდ - Spranger Eduard, Шпрангер Эдуард, 1882-1963

გერმანელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, ვ. დილთაის მოწაფე, ბერლინის, ლაიფციგის და ტიუბინგენის უნივერსიტეტების პროფესორი. შპრანგერი კულტურის მოვლენებს ობიექტური გონის გამოვლინებად მიიჩნევდა და სუბიექტური სულის მოვლენებსაც გონით სამყაროსთან მიმართებაში განიხილავდა. საკუთრივ ფსიქოლოგიური მეცნიერების დახასიათებისას შპრანგერი არსებითად დილთაის ხაზს მიჰყვება და მას გონისმეცნიერებათა ჯგუფში ათავსებს. ტერმინი „გაგებითი ფსიქოლოგია” შპრანგერს ეკუთვნის. დილთაისაგან განსხვავებით, გაგება არ ნიშნავს შემეცნების ობიექტში, მათ შორის ცნობიერებაში შეღწევას, მასში შთაგრძნობას. გაგების აქტი გაპირობებულია მიზეზებით, რომლებიც ცნობიერების გარეთ მდებარეობს. განცდას განცდიდანვე ვერ გაიგებ, მაშინაც კი, როცა მისი ყველა შინაგანი კავშირი უშუალოდ გეძლევა. განცდის (ფსიქიკურის) გაგება გულისხმობს მის ჩართვას ობიექტური მოვლენების უფრო ფართო წრეში, კერძოდ მნიშვნელობებთან და ფასეულობებთან (გონი, კულტურა) დაკავშირებას. გაგება მხოლოდ იმისი შეიძლება, რასაც საზრისი აქვს. როდესაც ჩვენ განვიხილავთ წიგნს (ესე იგი რაღაც მატერიის ნაწილს) როგორც ყიდვა-გაყიდვის საგანს, ამით მას ვრთავთ სამეურნეო საზრისულ კავშირებში; შემეცნების ნაწარმოებად განხილვისას მას სამეცნიერო კავშირებში ვრთავთ; თუკი ყურადღებას ვაქცევთ წიგნის გაფორმებას - ესთეტიკურ კავშირებში. ამდენად, გონის სამყაროში არსებობს მუდმივი საზრისული მიმართულებები და ფასეულობათა იერარქია, რომელთაც შეესაბამება ჩვენს ცნობიერებაში არსებული სხვადასხვა განწყობები.

თავის ძირითად ნაშრომში „სიცოცხლის ფორმები” (1914) შპრანგერი ასაბუთებდა, რომ ფსიქოლოგიამ უნდა გაიგოს ინდივიდუალური სულიერი სტრუქტურის მიმართება ობიექტური გონის სტრუქტურასთან. ეს, არსებითად, ნიშნავს ადამიანთა ფასეულობითი ორიენტაციის ძირითადი ტიპების შესწავლას. ამ ორიენტაციებს შპრანგერმა „სიცოცხლის ფორმები” უწოდა და მის საფუძვლად ამა თუ იმ ობიექტურ ფასეულობაზე პიროვნების მიმართულობა მიიჩნია. ექვსი ძირითადი ფასეულობის შესაბამისად შპრანგერმა განასხვავა ადამიანთა ექვსი ტიპი: თეორიული, ესთეტიკური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური (პიროვნების შპრანგერისეული ტიპოლოგია). ყოველ ცალკეულ ადამიანში ჩანერგილია მიდრეკილება ფასეულობათა ყველა შესაძლო სფეროსადმი, რამდენადაც ისინი გონითი სამყაროს უნივერსალურ, ზოგად მიმართულებებს გამოხატავენ. თუმცა ადამიანის კონკრეტული ტიპი უპირატესობას ერთ გარკვეულ სფეროს ანიჭებს, რომელიც ინდივიდუალური სულის სამყაროს ცენტრია და მეტ-ნაკლებად ახშობს სხვა ფასეულობით დისპოზიციებს.

აქედან კეთდება პედაგოგიკური დასკვნები: ბავშვების აღზრდისას პედაგოგი ინტუიციურად უნდა მიხვდეს, თუ რა ტიპის ორიენტაცია შეიძლება გახდეს წამყვანი ამათუიმ ბავშვისთვის და უზრუნველყოს იგი შესაბამისი „ოპერაციული შესაძლებლობებით”. ეს იდეები განვითარებულია სპეციალურ ნაშრომში, რომელიც შპრანგერმა ყრმობის ფსიქოლოგიას მიუძღვნა. საზოგადოდ ბავშვის ტიპოლოგიის გათვალისწინება გადამწყვეტია მ. მონტესორის, ჰ. გარდნერისა და XXI საუკუნის მრავალ პედაგოგიკურ თეორიასა თუ მიდგომაში (მრავლობითი უნარიანობის თეორია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები