შტერნი ვილჰელმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შტერნი ვილჰელმ

შტერნი ვილჰელმ - Stern William, Штерн Вильям, 1871-1938

გერმანელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. პერსონალისტური ფსიქოლოგიის სისტემის შემქმნელი. ერთერთი ყველაზე მრავალმხრივი და პროდუქციული ავტორი ფსიქოლოგიის ისტორიაში, რომელიც ერთნაირი წარმატებით მოღვაწეობდა ფსიქოლოგიური მეცნიერების სხვადასახვა დარგში და ფსიქოლოგიის რამდენიმე მნიშვნელოვანი დარგის სათავეებთან იდგა. იგი ეწეოდა ნაყოფიერ თეორიულ და ემპირიულ კვლევას, ქმნიდა მეთოდიკებს, იყო სერიოზული ფილოსოფიური მოძღვრების - „კრიტიკული პერსონალიზმის” ავტორი.

შტერნი სწავლობდა ბერლინში ჰ. ებინჰაუსთან. ასწავლიდა ბრესალაუსა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში. ბერლინში დააარსა გამოყენებითი ფსიქოლოგიის ინსტიტუტი და ჟურნალი (1906), ხოლო 1919 წელს ჰამბურგში - ფსიქოლოგიის ლაბორატორია და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ჟურნალი. 1933 წლიდან ემიგრაციაში იყო, ჯერ ჰოლანდიაში, შემდეგ აშშ-ში (დიუკის უნივერსიტეტის პროფესორი).

შტერნის პერსონალისტური ფსიქოლოგიის ცენტრში პიროვნების (პერსონა) ცნებაა. პიროვნებისთვის დამახასიათებელია მთლიანობა, დინამიკურობა (განვითარება), სიღრმე, მიზანსწრაფულობა, ინდივიდუალობა (უნიკალურობა). მთელი ფსიქიკა და ყოველი ფსიქიკური პროცესი პიროვნული განცდების სამყაროში იძენს საზრისს და მნიშვნელოვნებას. ფსიქიკის სიღრმივ სტრუქტურას ქმნის ცნობიერება და არაცნობიერი. ცნობიერება კონფლიქტების სიტუაციაში აღმოცენდება და წინააღმდეგობათა/სირთულეთა დაძლევას ემსახურება. თავის მხრივ, მას აქვს ნათელი დონე და ბუნდოვანი დონე.

პიროვნების განვითარება გულისხმობს ზრდას - რაოდენობის და მრავალფეროვნების მატებას; დიფერენციაციას: დიფუზური და ბუნდოვანი ფსიქიკური შიდაარსებიდან - სტრუქტურებულ და გამოკვეთილ გეშტალტებზე გადასვლას; ცვალებადობას - პერსონას ცხოვრება თავის განვითარებაში თვისებრივად განსხვავებულ, მაგრამ შინაგნად გაპირობებულ ეტაპებს გაივლის. შტერნის კონვერგენციის თეორიის თანახმად პიროვნების ჩამოყალიბება ორი ფაქტორის, მემკვიდრეობის და სოციალური გარემოს ურთიერთქმედების შედეგია.

წიგნში „დიფერენციალური ფსიქოლოგია” (1900) შტერნმა ინდივიდუალურ განსხვავებათა სისტემატური შეწავლა დაიწყო და საფუძველი დაუდო თანამოსახელე დარგს (დიფერენციალური ფსიქოლოგია). იმავდროულად, შტერნის აზრით, ფსიქოლოგია ვალდებულია, შეისწავლოს ფსიქიკური ცხოვრების ზოგადი კანონზომიერებანიც, რაც აისახა მის ფუნდამენტურ წიგნში „ზოგადი ფსიქოლოგია” (1935). შტერნმა ერთერთმა პირველმა დაიწყო ინტელექტის ტესტირება და შემოიტანა ინტელექტის კოეფიციენტის ცნება - IQ. იგი იყო ინტელექტის ტესტების გამოყენების ინიციატორი პროფორიენტაციის საქმეში {ფსიქოტექნიკა}. შტერნმა, აგრეთვე, ერთერთმა პირველმა იკვლია მოწმეთა ჩვენების და სასამართლო პროცედურების ფსიქოლოგიის საკითხები {ჩვენების ფსიქოლოგია}.

შტერნმა უდიდესი გავლენა მოახდინა ბავშვის ფსიქოლოგიის განვითარებაზე. მან შეისწავლა ბავშვის კოგნიციური, ემოციური და მოტივაციური ფუნქციების ონტოგენეზი; დაახასიათა ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმები; წარმოადგინა თამაშის ორიგინალური კონცეფცია {თამაშის თეორიები}; დაამუშავა ფსიქიკური განვითარების პერიოდიზაციის პრობლემა; სპეციალურად იკვლია მოზარდობის და ყრმობის ასაკი. ყველაზე მეტად ცნობილია შტერნის წვლილი სკოლამდელი ბავშვის შესწავლაში, რომელსაც იგი საკუთარ შვილებზე დაკვირვების გზით აწარმოებდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის მეტყველების შტერნისეული ანალიზი. შტერნი ამბობდა, რომ 1,5 წლის ბავშვი თავისი ცხოვრების უდიდეს აღმოჩენას აკეთებს - აღმოაჩენს იმას, რომ ყველა საგანს თავისი სახელწოდება აქვს. შტერნმა დაახასიათა ბავშვის მეტყველების გავითარების ძირითადი ტენდენციები და ეტაპები. ამ კანონზომიერებათა საფუძველზე შეიმუშავა მშობლიური ენის სწავლების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური პრინციპები.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები