შტიგლიცი ალფრედ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფრედ შტიგლიცი. ფლეთაირონის შენობა, ნიუ იორკი, 1903; ფოტოგრავიურა, მონტაჟი, 17X8.4 სმ. მეტროპოლიტენ მუზეუმი, ნიუ იორკი. ჟ.ბ. ნოიმანის საჩუქარი, 1958

ალფრედ შტიგლიცი – ფოტოგრაფი ალფრედ შტიგლიცი (Alfred Stieglitz, 1864-1946) ევროპული მოდერნიზმის მთავარი მხარდამჭერი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. I მსოფლიო ომის წინა წლებში, მეხუთე ავენიუს 291-ში მდებარე, უბრალოდ 291-ად ცნობილ, პატარა გალერეაში, მან მსხვილი მოდერნისტების რამდენიმე პატარა გამოფენა მოაწყო.

პარიზში მოღვაწე კენვილერის მსგავსად, შტიგლიცი ნიუ იორკში მფარველობდა ამერიკელ მოდერნისტებს. ის, როგორც ფოტოგრაფი, გამოფენების მეშვეობით, ცდილობდა ფოტოგრაფიისთვის კანონიერი ადგილის დაემკვიდრებას სახვითი ხელოვნების დარგებს შორის.

ნიუ ჯერსიში, მდიდარი გერმანელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებულმა შტიგლიცმა ფოტოგრაფია 1880-იან წლებში, ბერლინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში შეისწავლა და მალევე შეიცნო მისი შემოქმედებითი პოტენციალი. 1890 წელს, მან ნიუ იორკის ქუჩის სცენების გადაღება დაიწყო. საკუთარ ხედვებს შტიგლიცი 1902 წელს დაფუძნებული, ფოტო-სეცესიონის სახელით ცნობილი ორგანიზაციის მეშვეობით ავრცელებდა, ორი წლის შემდეგ კი გალერეა 291 გახსნა. 1910 წლისთვის გალერეა იმ ფოტოგრაფთა და ფერმწერთა გამაერთიანებელ ცენტრად იქცა, ვისაც შტიგლიცი გამოფენებს უწყობდა (ზოგი მათგანის ნამუშევრები პირველად სწორედ მან გამოფინა). მათ შორის იყვნენ: არტურ დავი, ჯონ მარინი, ჯორჯია ო’კიფი. ამას გარდა, შტიგლიცმა ევროპელი ხელოვანების - ვასილი კანდინსკის, ჟორჟ ბრაკის, პოლ სეზანის, ოგიუსტ როდენის - შემოქმედებაც გააცნო ამერიკელებს.

საკუთარ შემოქმედებაში შტიგლიცი რომანტიზებული ქალაქური სცენების პოეტურ ხატებათა შექმნას ცდილობდა. ნამუშევარში ფლეთაირონის შენობა, ფოტოს მარჯვენა მხარეს გამოსახული ხის ღერო, უკანა პლანზე წარმოდგენილი კორომის ხეთა ტოტებსა და ფლეთაირონ ბილდინგის სოლისებურ ფორმაში ჰპოვებს გამოძახილს. მთელი სცენა განმსჭვალულია ბურუსიანი ზამთრის ატმოსფეროთი, რომელიც შემოქმედმა საკუთარი თვალთახედვის, კადრის, ექსპოზიციის, ნეგატიური და პოზიტიური გამოსახულებების საშუალებით შექმნა. ბედის ირონიით, შტიგლიცი რომანტიკულ საბურველში ხვევს ნიუ იორკის სწორედ იმ ადრეულ ცათამბჯენს, რომელიც ახალი, თანამედროვე ქალაქის სიმბოლოს წარმოადგენდა. ჟურნალი Camera Work, შესანიშნავი ხარისხის ფოტო-გამოცემა, რომელსაც შტიგლიცი რედაქტორობდა, თანამედროვე ამერიკელი და ევროპელი ხელოვანების უამრავ ფოტოგრავიურას ბეჭდავდა და ამერიკული მოდერნიზმის კრიტიკასაც აქვეყნებდა. 1903 წელს სწორედ ამ ჟურნალმა დაბეჭდა შტიგლიცის ზემოთ განხილული, ცნობილი ნამუშევრის ფლეთაირონ ბილდინგის ფოტოგრავიურა.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები