შულენბურგი ფრიდრიხ ვერნერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შულენბურგი ფრიდრიხ

შულენბურგი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ - (დ. - 20. XI.1875, კემბერგი - გ. - 10.XI.1944, ბერლინი) - გერმანელი დიპლომატი და საჯარო მოხელე. გერმანიის იმპერიის ვიცე-კონსული რუსეთის იმპერიის კავკასიის გუბერნიის დედაქალაქ თბილისში, მოგვიანებით კი გერმანიის კავკასიური ექსპედიციის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

ბიოგრაფია

დაიბადა საშუალო შეძლების არისტოკრატიულ ოჯახში, საქსონიაში. შულენბურგის საგვარეულოს წარმომადგენლები შულენბურგი ისტორიულად სამხედრო და საჯარო მოხელეები იყვნენ. დაწყებითი განათლება მიიღო ბრაუნშვაიგში, სადაც მისი ოჯახი საქსონიიდან გადავიდა საცხოვრებლად. 1894-1900 წლებში მიიღო შესანიშნავი განათლება ლოზანაში, ბერლინსა და მიუნხენში იურისპუდენციის განხრით. სწავლის დასრულების შემდეგ არჩევანი სამხედრო და დიპლომატიურ სამსახურებს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. 1901 წლიდან მიდის გერმანიის საგარეო განყოფილების (ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს) საკონსულო სამსახურში. 1903-1906 წლებში იყო გერმანიის საკონსულო სამსახურში ბარსელონაში, ლვოვსა და ნეაპოლში, 1907 წელს კი განაწესეს გერმანიის ვარშავის საკონსულოში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და ამის შემდეგ თავისი კარიერით მთლიანად დაუკავშირდა აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს. ვარშავიდან, 1911 გადაიყვანეს კავკასიის ცენტრ თბილისში გერმანიის ვიცე-კონსულის თანამდებობაზე. თბილისში სამწლიანი მუშაობისას მან დაამყარა ახლო კავშირი ნაციონალისტურად განწყობილ ქართულ ელიტასთან, ასევე შექმნა ჯაშუშური ქსელი კავკასიის მასშტაბით. კარგად იცნობდა არარუსი ერების ფსიქოლოგიას, განსაკუთრებით ქართველების და პოლონელების ნაციონალიზმს და მათი მისწრაფებების გერმანულ ინტერესებთან შეთანხმებას ცდილობდა. მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სამხედრო სამსახურში წავიდა საფრანგეთში, 1915 წლის აგვისტოდან გადაიყვანეს თურქეთის კავკასიის ფრონტზე, ერზრუმში კონსულად, მაგრამ ამ პერიოდში მისი საქმიანობის არეალი ახლო აღმოსავლეთსაც მოიცავდა. იყო უშუალო ხელმძღვანელი თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი „ქართული ლეგიონისა“, რომელიც გერმანელებმა ჩამოაყალიბეს ქრისტიანი და მუსლიმი ქართველებისგან რუსეთის წინააღმდეგ საომრად. კარგად იცნობდა გერმანიაში მოღვაწე ქართული კომიტეტის ხელმძღვანელებს და იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ერთ-ერთი შემოქმედი 1918 წლის მაისში. უშუალოდ მონაწილეობდა ქართველების, გერმანელებისა და თურქების მოლაპარაკებებში და დარჩა თბილისში გერმანიის წარმომადგენლად მას შემდეგ, რაც მიიღეს გადაწყვეტილება გერმანული სამხედრო მისიის კავკასიაში გამოგზავნის შესახებ. როდესაც ამ ექსპედიციის მეთაური გენერალი ფონ კრესი 1918 წლის ივნისში ჩამოვიდა კავკასიაში, სწორედ შულენბურგი იყო ის ადამიანი, ვინც მას ადგილზე დახვდა. 1919 გერმანელების კავკასიიდან გასვლის შემდეგ, მცირე ხნით დაპატიმრებული იყო მოკავშირეების მიერ და გენერალ კრესთან ერთად გარკვეული დრო გაატარა ტყვეობაში კუნძულ პრინკიპოზე. გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, 1919-1922 წლებში, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ განყოფილებაში.

1922-1931 წლებში იყო გერმანიის წარმომადგენელი თეირანში, 1931-1934 წლებში - ბუქარესტში. 1934 წელს შევიდა ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში და დაინიშნა გერმანიის ელჩად საბჭოთა კავშირში. არასოდეს ყოფილა ნაცისტი და ჰიტლერი მას, კაიზერის დროის სხვა მოხელეების მსგავსად, უნდობლობით ეკიდებოდა, თუმცა, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, უარს ვერ ამბობდა მათ სამსახურზე. შულენბურგი ეწინააღმდეგებოდა გერმანიის მიერ ომის დაწყებას საბჭოთა კავშირთან. ომის დაწყების შემდეგ იყო ბოლო მაღალჩინოსანი გერმანელი საჯარო მოხელე, რომელმაც დატოვა საბჭოთა კავშირის ტერიტორია. ომის მიმდინარეობისას იყო ანტისაბჭოელ ემიგრანტებთან აქტიური ურთიერთობის მომხრე. მისი ინიციატივით 1942 წელს ბერლინში, სასტუმრო „ადლონში“ გაიმართა ემიგრანტული წრეების კონფერენცია, სადაც ქართველებიც მონაწილეობდნენ. შულენბურგი ამ ხაზს საბოლოოდ ჩამოსცილდა ნაცისტურ პოლიტიკურ ელიტაში არსებული დაპირისპირების გამო. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ გერმანია ომში მარცხდებოდა, ჰიტლერი კი მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებდა, შეუერთდა გერმანიაში არსებულ ანტიჰიტლერულ საიდუმლო მოძრაობას. ტრაგიკული იყო მისი აღსასრული. 1944 შტაუფენბერგის მიერ ჰიტლერზე განხორციელებული წარუმატებელი ტერორისტული აქტის შემდეგ, შულენბურგი, სხვა ბევრის მსგავსად დააპატიმრეს და ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების 40 წელი გერმანიის უწყვეტ სამსახურში გაატარა, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.

გიორგი ასტამაძე

ლიტერატურა

Sommer, Erich, Botschafter Graf Schulenburg, Mut-verlag, Asendorf 1989. Fleischhauer, ingeborg, Diplomatischer Wiederstand gegen „Unternehmen Barbarossa“, Ullstein, BerlIn 1991. Schmidt, Lars Peter (Hrsg.) Graf Fridrich-Werner von der Schulenburg: diplomat i učastnIk soprotivlenija (Konrad-Adenauer-Stiftung, Auslandsbüro Moskau), Moskau 2012. PolitIsches Archiv des Auswärtigen Amtes: Georgien, R7308 bIs R7317, Russisch Asien: R11040 bis R11064. Bundesarchiv Berlin-Lichterfeide, Nachiass Schulenburg: N2273, 92 bIs 122.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები