შხამიანი სოკოები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Shxama2.PNG

შხამიანი სოკოები — შხამიანად ითვლება ყველა ის სოკო, რომელიც შეიცავს შხამიან ნივთიერებას და იწვევს მოწამვლას არსებობს პირობითად საჭმელი სოკოები, რომლებიც აგრეთვე შეიცავენ შხამიან ნივთიერებებს, მაგრამ მათი თერმული დამუშავების შემდეგ (წყალში წამოდუღება 10-20 წუთს, ნახარშის გადაღვრა) შეიძლება მათი გამოყენება. შხამები, რომელთაც შეიცავენ სოკოები, თავიანთი მოქმედების მიხედვით, სამ ჯგუფად იყოფა:

სარჩევი

პირველი ჯგუფი

პირველ ჯგუფს განეკუთვნება ის შხამები, რომლებიც მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას იწვევენ. მათი მოქმედება ჭამიდან, ჩვეულებრივ, 1-2 საათის შემდეგ ვლინდება და გამოიხატება გულისრევასა და ღებინებაში, მუცლის ტკივილში, ოფლიანობაში, დასუსტებასა და ფაღარათში. ამ სახის მოწამვლას იწვევს შხამიანი ქამა, ჭრელი ქამა, მოუხარშავი მანჭკვალა, გაუთუთქავი ბღავანა, არყა და ზოგიერთი სხვა.

მეორე ჯგუფი

შხამები მოქმედებენ ნერვულ ცენტრებზე. მოწამვლის ნიშნები ვლინდება 0,5-4 საათის შემდეგ და გამოიხატება ძლიერ გულისრევასა და ღებინებაში, ფაღარათში, თავბრუსხვევაში, გონების დაკარგვაში, ძლიერ ოფლიანობაში, ისტერიულ სიცილსა და ტირილში, ჰალუცინაციაში ამ სახის მოწამვლას იწვევს ძირითადად ცადამაყვანა და თავჭედილა, რომლებიც შეიცავენ შხამებს – მუსკარინსა და მუსკარიტონს. ასეთსავე მოწამვლას იწვევს პატუირას ბოქკოვანა, თეთრი კლიტოციბე, მოთეთრო კლიტოციბე და ზოგიერთი სხვა.

მესამე ჯგუფი

შხამებით მოწამვლის ნიშნები სოკოს ჭამიდან 8-70 საათის შემდეგ ვლინდება, ხოლო თვით მოწამვლა 15 დღემდე გრძელდება და თითქმის მუდამ სიკვდილით მთავრდება. კუჭში მოხვედრილი შხამები პირველ ხანებში არ იწვევს შესამჩნევ მოწამვლას; მოწამვლის ნიშნები შეიმჩნევა მხოლოდ მაშინ, როდესაც შხამი მიაღწევს ტვინამდე და მოქმედებს ნერვულ ცენტრებზე, რომლებიც არეგულირებენ შინაგან ორგანოთა ფუნქციებს ამის შემდეგ იწყება კუჭის წვენისა და ლორწოს ინტენსიური გამოყოფა, რასაც მოსდევს გულისრევა და ფაღარათი. ორგანიზმი განიცდის წყლის ნაკლებობასა და დაუოკებელ წყურვილის გრძნობას, სქელდება სისხლი, ავადმყოფს ულურჯდება ტუჩები და ფრჩხილები; უცივდება ხელ-ფეხი, ეწყება კრუნჩხვები შემდგომში შხამი ადამბლავებს ნერვებს, რომლებიც აწესრიგებენ სისხლძარღვთა მუშაობას, რის შედეგადაც ძარღვებში ხდება სისხლის შეკავება, ეცემა წნევა. ამ დროს ხდება ღვიძლის, თირკმლისა და გულის ცხიმოვანი გადაგვარება ავადმყოფის ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება და თითქმის მუდამ სიკვდილით თავდება. ასეთ მოწამვლას იწვევს შხამა, მანჭკვალას მატყუარა, ცრუმანჭკვალა, აბლაბუდა (კორტინარიუსის) და ინოციბეს გვარების ზოგიერთი წარმომადგენელი, აღნიშნული შხამიანი სოკოები შეიცავენ ძირითადად ფალოტოქსინებისა და ამოტოქსების შხამების ჯგუფის, როგორიცაა ფალოიდინი, ფალოინი, ფალინი, ფალისინი, ფალიცინი, ფალიზინი და სხვ.

საჭმელი სოკოები და ალკოჰოლი

საჭმელი სოკოები – სილიო, მუხისძირა, მგლის სოკო და ზოგიერთი სხვა, სპირტიან სასმელთან ერთად, იწვევს მოწამვლას, რაც გამოიხატება შემდეგში: 0,5-2 საათის შემდეგ იწყება სახის გაწითლება, შემდეგ სხეულის უმეტესი ნაწილი იისფერი ხდება, ცხვირის წევრი და ყურის ბიბილოები უფერულდება, სხეულის ტემპერატურა მატულობს, ჩნდება წყურვილის ძლიერი გრძნობა, გულისრევა და ფაღარათი, მაჯისცემა ჩქარდება, ავადმყოფს უჭირს ლაპარაკი, მხედველობა აკლდება გარკვეული ხნის შემდეგ ყველა ეს მოვლენა გაივლის, მაგრამ, თუ მოწამლულმა მეორე დღეს სპირტიანი სასმელი ისევ დალია, მოწამვლის აღწერილი ნიშნები განმეორდება.

სოკოთი მოწამვლის ინტესივობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საჭმლად მიღებული შხამიანი სოკოს რაოდენობას, ადამიანის ჯანმრთელობას (განსაკუთრებით, საჭმლის მომნელებელი აპარატის, ღვიძლისა და თირკმლების მდგომარეობას), რა სახით შეჭამა სოკო (ახალი, ნედლი სოკო ყოველთვის უფრო ტოქსიკურია, ვიდრე მოხარშული ან სხვაგვარად დამზადებული). მძიმე შედეგები მოსდევს შხამიანი სოკოთი ბავშვებისა და მოხუცების მოწამვლას.

სოკოთი მოწამვლის თავიდან ასაცილებლად უეჭველად უნდა გვახსოვდეს, რომ საჭმელად უნდა შეგროვდეს მხოლოდ ის სოკოები, რომლებიც ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, როგორც საჭმელი სახეობები; მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი თავი უნდა შევიკავოთ მათი საჭმლად გამოყენებისაგან.

პირველადი დახმარება სოკოთი მოწამვლისას

აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმის გამოძახება. ექიმის მოსვლამდე ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ ლოგინში და მცირე ყლუპებით დავალევინოთ ცივი მარილწყალი (ეს რამდენადმე შეუმსუბუქებს გულისრევას); რეკომენდებულია დავალევინოთ ცივი მაგარი ჩაი ან ყავა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სპირტიანი სასმელის მიცემა, რადგან ალკოჰოლი ხელს უწყობს სოკოს შხამის შეწოვას ორგანიზმის მიერ. თუ ექიმი იგვიანებს, მაშინ შესაძლებელია მიეცეს 4-5 ჭიქა და მეტი (2 ლიტრამდე) ოთახის ტემპერატურის მქონე ადუღებული წყალი, რომელშიც უნდა გავხსნათ საჭმელი სოდა (ერთი ჩაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალზე) ან კალიუმის პერმანგანატი (ვარდისფრამდე). ამის შემდეგ უნდა გამოვიწვიოთ ღებინება კოვზის ტარის ან თითის დაჭერით ენის ძირზე (სასაზე); ეს უნდა გავიმეოროთ 5-6-ჯერ. ნაწლავებიდან საწამლავის გამოსარეცხად უნდა დავალევინოთ ინგლისური მარილი (ერთი ჭიქა წყალში იხსნება ორი სუფრის კოვზი ინგლისური მარილი; სკოლამდელ ბავშვთათვის ეს დოზა ორჯერ მცირდება). ყოველი ღებინების შემდეგ უნდა დავალევინოთ სასაქმებელი ზეთი და გაუკეთდეს ოყნა 1,2 ლიტრი წყლით (სკოლამდელებს 1 ჭიქა). ამ დროს ორგანიზმი განიცდის წყლის ნაკლებობას. ამიტომ ავადმყოფს უნდა მიეცეს ცივი მაგარი ჩაი, ყავა ან ოდნავ მლაშე წყალი. ფეხის ტერფებსა და მუცელზე სათბური უნდა დაედოს. საჭმელის ნაწილი კუჭიდან (ამონაღები) და სოკოს კერძიდან უნდა შევინახოთ. ეს გააადვილებს მოწამვლის მიზეზის დადგენასა და სათანადო ღონისძიების ჩატარებას.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები