ჩერგვალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩერგვალი – სამეურნეო დანიშნულებით სუფრის ყურძნის ჯიში

ჩერგვალი – მეგრული სიტყვაა და „თეთრ მრგვალს“ ნიშნავს. სამეურნეო დანიშნულებით სუფრის ყურძნის ჯიშია, თუმცა მისი პროდუქცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი მნიშვნელობის ორდინარული ტიპის ღვინოების დასაყენებლადაც.

ჩერგვალის მოკლე აღწერა მოცემულია აკად. ივ. ჯავახიშვილის (7) და ერ. ნაკაშიძის (10) შრომებში. პროფ. ს. ჩოლოყაშვილის (5) მიხედვით ჩერგვალი სამეგრელოს სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელებამდე ჩერგვალი მაღლარად ყოფილა გაშენებული სამეგრელოს მთისპირა სოფლებში (სოფ. ფოცხო, უშაფათი, თამაკონი, სალხინო, წალენჯიხა და სხვ.). ფართო გავრცელება ამ ჯიშს წარსულში არ ჰქონია, იგი მეტწილად სხვა აგილობრივ ჯიშებთან მინარევის სახით ყოფილა წარმოდგენილი. ამ ჯიშს ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად ყურძნად იყენებდა, ზოგ შემთხვევაში კი მისგან ღვინოსაც აყენებდნენ.

ჩერგვალი შესწავლილია გეგეჭკორის რაიონის სოფ. სალხინოს ზონაში. მრავალი წლის განმავლობაში წარმოებული დაკვირვებით დადასტურდა, რომ იგი თავისი მორფოლოგიური და ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით შავი ზღვის აუზის ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს მიეკუთვნება. Prol. pontica subprol. Georgica Negr. (11). ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ ჯიშს ახასიათებს ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი და ყურძნის გვიან დამწიფება, რაც სამეგრელოს ეკოლოგიურ პირობებთან შეხამების შედეგია. ჩერგვალის ვაზის ზრდის სიძლიერე, ფოთლის სისქე და შებუსვის ინტენსივობა, ყლორტის შებუსვა, ყვავილის ტიპი, მტევნისა და მარცვლის აღნაგობა, კანის სისქე და წიპწის აღნაგობა, აგრეთვე წმინდა მეგრული სახელწოდება „ჩე-რგვალი“, ე.ი. თეთრი მრგვალი მის აბორიგენობას ადასტურებს.

მარცვლის ფორმის მიხედვით შერქმეულ სახელს საქართველოში მრავალი ჯიში ატარებს, რომლებიც როგორც აბორიგენები, ცალკეულ ენდემურ ჯგუფებშია გაერთიანებული. ასე, მაგალითად, ცნობილია „მრგვალ-ყურძენა“ (კახეთი), „თითა ყურძენი“ (კახეთი, ქართლი), „ცხენისძუძუ“ (კახეთი, მესხეთი, აჭარა, აფხაზეთი), „ჩე-ჭიფეში“, ე.ი. „თეთრი წვრილი“ (სამეგრელო) და სხვ. დასახელებული ჯიშებისაგან ჩერგვალი სრულიად განსხვავდება თავისი ამპელოგრაფიული ნიშნებით და სამეურნო ღირებულებით და, ამრიგად, იგი დამოუკიდებელ ჯიშს წარმოადგენს.

არსებულ ლიტერატურულ წყაროებში ჩერგვალი საქართველოს რესპუბლიკის გარეთ არსად არ არის მოხსენებული. თვით საქართველოს ფარგლებშიაც მისი გავრცელების არეალი მხოლოდ სამეგრელოს ტერიტორიით იფარგლება.

ამჟამად ჩერგვალის მაღლარები თითქმის განადგურებულია და მხოლოდ თითო-ოროლა ძირია გადარჩენილი სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში (ფოცხო, უშაფათი, სალხინო, თამაკონი). ვაზების ზრდა-განვითარება ძალიან შეფერხებულია და სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედების გამო პროდუქციის ხარისხიც დაბალია. ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში ჩერგვალი საკმაოდ უხვმოსავლიანია. ბარაქიანი მტევნები და საკმაოდ მაღალი გემური თვისებების მსხვილი, ლამაზი მარცვლები აქვს. დაბლარად ნამყენების სახით, ამ ჯიშის მცირეოდენი ნარგავები წარმოდგენილია სოფ. სალხინოში (გეგეჭკორის რ-ნი). ვაზები სათანადოდაა მოვლილი და როგორც მათი ზრდა-განვითარება, ისე მოსავალი და პროდუქციის ხარისხიც სავსებით დამაკმაყოფილებელია.


სარჩევი

ბოტანიკური აღწერა

ჩერგვალი აღწერილია სოფ. სალხინოში (გეგეჭკორის რ-ნი). ვაზები დამყნობილია რიპარიაXრუპესტრის 3306-ზე და ფორმირებულია დაბლარად, ქართული წესით.

ახალგაზრდა ყლორტი

ზრდის კონუსი ღია მოწითალოა და საკმაოდ სქლადაა დაფარული მოთეთრო ბეწვისებრი ბუსუსით. ღია მწვანე ყლორტი მრგვალია და თეთრი-მონაცრისფრო ბუსუსითაა დაფარული. შებუსვა უფრო მატულობს ყლორტის წვერისაკენ.

ერთწლიანი რქა

ერთწლიანი რქა მრგვალია და საშუალო სიმსხოსი. იგი მოწითალო-ყავისფერია. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი. მუხლთაშორისის სიგრძე 8-13 სმ აღწევს.

ფოთოლი

ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა და საერთო მოყვანილობით თითქმის ოვალურია. მისი საშუალო სიგრძე 16,7 სმ, ხოლო სიგანე 15,8 სმ აღწევს.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ჩანგისებრია, სამი ძარღვისაგან შედგება და მომრგვალო ფუძე აქვს. გვხვდება ვიწრო-ელიფსური მოყვანილობის ამონაკვეთიც, გაშლილი ან ოდნავ მიახლოებული ნაკვთებით.

ზედა ამონაკვეთი ღიაა და კვერცხისებრი მოყვანილობისაა, მომრგვალო ან წამახვილებული ფუძით. გვხვდება აგრევე ღია ვიწრო ნასვრეტისებრი მცირე ან საკმაოდ ჩაჭრილი ამონაკვეთიც ფუძეზე განვითარებული ერთი კბილით. ქვედა ამონაკვეთი ძლიერ მცირედაა ჩაჭრილი, იშვიათ შემთხვევაში ღია ნასვრეტისებრიცაა.

ფოთოლი სამნაკვთიანია, უფრო იშვიათად ხუთნაკვთიანიც გვხვდება. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ბლაგვ კუთხეს ქმნის, იშვიათად – სწორსაც. ნაკვთების წვერის კბილები უფრო ხშირად სამკუთხედისებრია, ამოზნექილი გვერდებით და წამახვილებული ან მომრგვალო წვერით. გვხვდება ხერხკბილისებრი, ცალხმრივ ამოზნექილგვერდიანი კბილებიც. გარეგნობით მეორეული კბილები მთავარი კბილების მსგავსია.

ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ქეჩისებრია. ბუსუსი მონაცრისფროა და ბეწვისებრი. ფოთლის ზედა მხარე ბადისებრ დანაოჭებულია. ფირფიტის ზედაპირი ბრტყელია. მთავარი ძარღვები სუსტადაა შებუსვილი და ღია მწვანეა, ხოლო ფუძესთან იისფერი ხდება.

ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,6-0,9 უდრის, ყუნწი შიშველი და მომწვანო-მოწითალოა.

ყვავილი

ყვავილი ორსქესიანია და ნორმალურად განვითარებული ბუტკო და მტვრიანები აქვს. ყვავილში ხშირად 5 მტვრიანაა, იშვიათად 4 და 6. ყვავილედში ყვავილების რიცხვი 130-140 აღწევს.

მტევანი

მტევნის ყუნწის სიგრძე 4-5 სმ აღწევს. მტევნის სიგრძე 11-16 სმ, ხოლო სიგანე 6,5-10 სმ უდრის. მარცვლების რაოდენობა მტევანში მერყეობს 35-დან 60-მდე.

მტევნის საერთო ფორმა ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრია. ახასიათებს განტოტვა, ტოტის სიგრძე მტევნის სიგრძის ორ-მესამედს უდრის. მტევანი საშუალო სიმკვრივისაა. მტევნის ყუნწი და კლერტი ბალახისებრია, ფერად მუქი მწვანე.

მარცვალი

მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 7-9 მმ აღწევს. იგი ფერად მწვანეა. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებული და განიერ კონუსისებრია. მარცვალი საჯდომ ბალიშზე საკმაოდ მტკიცედაა მიმაგრებული.

მარცვალი ღია მწვანეა საკმაოდ მსხვილი და მომრგვალო. მისი სიგრძე 16,5-22 მმ, ხოლო სიგანე 16,2-21,5 მმ უდრის. მარცვალი შუა წელში განიერია, ოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია. იგი სქელკანიანი, საკმაოდ ხორციანი, წვნიანია და ჩვეულებრივი ტკბილი გემო აქვს. მარცვლის კანი ოდნავ დაფარულია ცვილით.

წიპწა

მარცვალში 1-3 წიპწაა. უფრო ხშირად გვხვდება 1 წიპწა. ყოველ 100 მარცვალში 140-145 წიპწაა. წიპწის სიგრძე 6,5-7 მმ, სიგანე – 3-3,5 მმ აღწევს. ფერი მოყავისფრო აქვს. ქალაძა თითქმის მომრგვალოა. მისი ზურგის მხარე გლუვია. ნისკარტის სიგრძე 1,5-2 მმ უდრის.

აგრობიოლოგიური დახასიათება

ჩერგვალის ბიოლოგიური ფაზების მსვლელობის და აგრობიოლოგიური ნიშნების შესასწავლად დაკვირვება (სამი წლის განმავლობაში) წარმოებდა სოფ. სალხინოში (გეგეჭკორის რ-ნი).

აღნიშნულ ზონაში ჩერგვალის გაღვიძება იწყება მარტის დამლევს, კვირტების გამოფურჩქვნა – აპრილის პირველ დეკადაში; ვაზი ყვავილობს 5-6 ივნისიდან და ხელსაყრელი ამინდის პირობბეში 17-18 ივნისისათვის მთავრდება. ყურძნის შეთვალება იწყება სექტემბრის დამდეგს, ხოლო მასობრივი მწიფობა ოქტომბრის დამლევიდან. ფოთოლცვენა ჩვეულებრივ იწყება ნოემბრის შუა რიცხვებიდან და დეკემბრის პირველ დეკადაში მთავრდება. ამრიგად, ჩერგვალი მომწიფების პერიოდისა და ვეგეტაციის ხანგრძლიობის მიხედვით საგვიანო ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.

ვაზის ზრდა

ვეგეტატიური ნაწილების განვითარების მიხედვით ჩერგვალი საშუალოზე ძლიერი ან ძლიერი ზრდით ხასიათდება. სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის დაბლარად ფორმირებულ ვაზებზე რქების სიგრძე ხშირად 2-2,5 მ-მდე აღწევს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდისათვის რქები სრულ მომწიფებას ასწრებს და ჯიშის დამახასიათებელ ელფერს იღებს. ამავე ზონაში მაღლარად ფორმირებული ჩერგვალის განვითარება საშუალოზე მცირე ან მცირეა, რაც მოუვლელობის გამო ვეგეტატიური მასის ჭრაქითა და ნაცრით მასობრივად დაავდებისა და ფილოქსერის უარყოფითი მოქმედების შედეგია. აღნიშნულის გამო მომწიფებას ასწრებს მხოლოდ რქების ბაზალური ნაწილები, დანარჩენი მასა მოუმწიფებელი რჩება და ზამთრის ყინვებისაგან მასობრივად ზიანდება.

მოსავლიანობა

როგორც აღნიშნული იყო, ტექნიკური სიძნელეების გამო ჩერგვალის მაღლარი ვაზების მოვლა არ წარმოებს. მხოლოდ 3-4 წელში ერთხელ აწარმოებენ საყრდენის ტოტების დაკვეცას და ვაზის ხმელი ნაწილების გამოცლას, რის გამოც მისი მოსავალი მეტად ცვალებადია. ხოლო ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში იძლევა იგი მოსავალს და ამ დროსაც მეჩხერსა და მცირე ზომის მტევნებს ისხამს. დაბლარად ფორმირებული ვაზები ნორმალური ზრდა-განვითარებით ხასიათდება და რეგულარულ მოსავალსაც იძლევა. სათანადო მოვლის შედეგად ვაზზე ვითარდება ტიპიური მტევნები და მარცვლები.

მოსავლის პირველ ნიშანს ვაზი იძლევა დარგვიდან მეორე წელს, უფრო ხშირად კი მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს – მე-4, მე-5 წლიდან. დაბლარად და ქართული წესით ფორმირებისას 10-12 კვირტით დატვირთვის შემთხვევაში ერთი ძირი ვაზის მოსავალი საშუალოდ 2-2,5 კგ აღწევს. მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,4 უდრის. ამრიგად, ჩერგვალი საშუალო მოსავლიან ვაზის ჯიშთა ჯგუფს განეკუთვნება. ეჭვს გარეშეა, რომ ვაზის უფრო მეტად დატვირთვის შემთხვევაში მისი მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მით უმეტეს, რომ ვაზის ზრდა-განვითარება ამის სრულ შესაძლებლობას იძლევა.

ამ მიზნით ჩერგვალისათვის გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფალი წესით ფორმირება 30-32 კვირტამდე დატვირთვით.

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ძლიერ მოზარდი ჯიშების ამ წესით ფორმირებამ სავსებით გაამართლა იმედები. ჯიშის გავრცელების რაიონებში ვაზებს აუცილებლად უნდა მიეცეს ამაღლებული შტამბი, რათა მზის სხივებისა და აერაციის გაძლიერებული მოქმედებით მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება, რითაც კიდევ უფრო გაუმჯობესდება პროდუქციის ღირსება.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

ჩერგვალის სამეურნეო თვისებათა შესასწავლად სოფ. სალხინოს ზონაში (გეგეჭკორის რ-ნი) ჩატარებულმა დაკვირვებამ ცხადყო ამ ჯიშის ძირითადად სუფრის ყურძნად გამოყენების მიზანშეწონილობა. პროდუქციის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები მიგვითითებს აგრეთვე მისი ღვინოდ გამოყენების შესაძლებლობაზედაც.

დიდი მტევნის წონა 192,5 გ, მცირესი 85 გ, ხოლო საშუალო მტევნისა – 135,5 გ უდრის. საშუალო მტევანში მარცვლები 94,7%, კლერტი – 5,1%, კანი – 17,0%, წიპწა – 5,2% შეადგენს, ხოლო წვენის გამოსავალი 71,5% აღწევს.

100 მარცვლის საშუალო წონა 178,3 გ უდრის. 100 მარცვალში 140-145 წიპწაა, მათი საერთო წონა 6,0 გ უდრის. აქედან, ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 41%, ორწიპწიანი – 36 და სამწიპწიანი – 23%.

სალხინოს ზონაში სრული სიმწიფის პერიოდში ყურძნის შაქრიანობა 18-19%, ხოლო საერთო მჟავიანობა 8,5-9,1 აღწევს.

საერთო შეფასება და დარაიონება

სამეურნეო დანიშნულებით ჩერგვალი სამეგრელოს ეკოლოგიური პირობებისათვის პერსპექტიულ სუფრის ყურძნის ჯიშს წარმოადგენს, რადგან იგი მრავალ საუუნეთა განმავლობაში აღზრდილი და აკლიმატიზებულია ამ მხარის პირობებში. ამავე დროს იგი ხასიათდება ძლიერი ზრდა-განვითარებით, საკმაოდ უხვი მოსავლიანობით და, რაც მთავარია, სუფრის ყურძნის ჯიშისათვის დამახასიათებელი ლამაზი აღნაგობის მტევნები და მსხვილი, ხორციანი, ლამაზად შეფერილი მარცვლები აქვს.

ჩერგვალის ყურძენი ვაზზე დატოვებული დაუჭკნობლად დეკემბრის ბოლომდე ძლებს, ხოლო დაკრეფილი კარგად ინახება მთელი ზამთრის განმავლობაში. იგი ტრანსპორტსაც კარგად იტანს.

მისი პროდუქცია შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე ადგილობრივი მოსახმარებელი ორდინარული ღვინოების დასაყენებლად.

ჩერგვალი სამეგრელოს რაიონებში მომავალში უნდა გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ სუფრის ყურძნად გამოყენების მიზნით და იგი ფართოდ უნდა დაინერგოს ამ მხარის მთისპირა ზონაში.

დასახელებულ ზონაში ჩერგვალი უნდა გაშენდეს დაბლარად, სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე საძირეებზე დამყნობილი და ეკოლოგიური პირობების შესაბამისად ვაზს 60-70 სმ-მდე სიმაღლის შტამბი უნდა მიეცეს.

ლიტერატურა

1. დემეტრაძე ვ. მასალები დასავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მრეწველობის დარაიონებისა და სპეციალიზაციისათვის, ქუთაისი, 1936.
2. კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში. თბილისი, 1957.
3. ორბელიანი სულხან-საბა, ქართული ლექსიკონი. თბილისი, 1928.
4. რამიშვილი მ. გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები. თბილისი, 1948.
5. შარდენი ჟ. მოგზაურობა საქართველოში. თბილისი, 1935.
6. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი II, „ამპელოგრაფია“. თბილისი, 1938.
7. ჯავახიშვილი ივ. საქართველოს ეკონომიური ისტორია, წიგნი II, თბილისი, 1934.
8. Гораев К. Анализы вин Кутайсской губернии скраткой характеристикой районов и почв. Тр. лаб. при сакарском питомнике американских лоз, вып. VII, Тифлис, 1914.
9. Макалатия С. История и этнография Мегрелии, Тбилиси, 1941.
10. Накашидзе Е. Очерк виноградарства и виноделия в Гурии и Мингрелии, Сбор. свед. по виноград. и виноделию на Кавказе, вып. IV. Тифлис, 1886.
11. Негруль А.М. Эволюция культурных форм винограда. Докл. АН СССР, т. XVIII, №8, 1938.
12. Старосельский В. Закавказские сорта винограда (Шорапанский и Кутайсский уезды Кутаисской губернии), Тифлис, 1893.

წყარო

საქართველოს ამპელოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები