ჩეჩნეთ-რუსეთის კონფლიქტი (1994 წლიდან)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩეჩნეთ-რუსეთის კონფლიქტი (1994 წლიდან)შეიარაღებული ბრძოლა რუსეთის ფედერალური ჯარების დაჯგუფებასა და ჩეჩენთა სამხედრო ფორმირებებს შორის.

1991 წელს ჩეჩნეთის ეროვნულმა ძალებმა გენერალ ჯ. დუდაევის ხელმძღვანელობით გამოაცხადეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი და მისი გასვლა რუსეთის ფედერაციიდან და საბჭოთა კავშირიდან.

1992 წლის 7 ივლისისათვის მათ გააყვანინეს ჩეჩნეთიდან იქ დისლოცირებული სამთავრობო ჯარები (ეს იყო პირველი ასეთი შემთხვევა ყოფილი სსრ კავშირის ტერიტორიაზე), ხოლო მათი შეიარაღება და საბრძოლო მასალები ხელთ იგდეს.

1994 წლის დეკემბრისათვის ჩეჩნური სამხედრო ფორმირებები ითვლიდნენ 13 ათ. კაცს, ჰქონდათ 40 ტანკი, 50 ჯავშანტრანსპორტიორი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, დაახლოებით 100 ქვემეხი, ნაღმსატყორცნი, სხვა ტექნიკა და მზად იყვნენ დაეცვათ თავისი სუვერენიტეტი.

სარჩევი

ჩეჩნეთის I ომი

რუსეთის ხელისუფლებამ პრეზიდენტ ბ. ელცინის დროს, გადაწყვეტილება მიიღო ძალისმიერი გზით აღედგინათ რუსეთის იურისდიქცია ჩეჩნეთში. 1994 წლის ბოლოსათვის მეამბოხე რესპუბლიკის წინააღმდეგ დაძრული საჯარისო დაჯგუფება ითვლიდა 38 ათ. კაცს, ჰქონდა 230 ტანკი, 454 ჯავშანტრანსპორტიორი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 388 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. ოპერაციის საჰაერო მხარდაჭერას ახორციელებდა მძლავრი საჰაერო არმადა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა საფრონტო ბომბდამშენები და გამანადგურებლები, მოიერიშე თვითმფრინავები, დამრტყმელი და სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენები და სხვა.

1994 წლის დეკემბერში დაწყებული საბრძოლო მოქმედებები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ჩეჩნური ფორმირებები ოსტატურად უთავსებდნენ ერთმანეთს რეგულარული ჯარებისა და პარტიზანული რაზმების მოქმედებათა მეთოდებს. ომის შემდგომმა მსვლელობამ ცხადყო, რომ რუსეთის არმიამ ვერ შეძლო ბოლომდე შეწყობოდა ასეთ კომბინირებულ მოქმედებებს. შედეგი არ გამოიღო ჩეჩნეთში მოქმედი ფედერალური დაჯგუფების გაზრდამაც, რომლის ძალებმა 1995 წლის ბოლოს 462 ათ. კაცს მიაღწია შორეული საცეცხლო დაზიანების საშუალებათა დიდი რაოდენობით. 1996 წლის აგვისტოში რუსები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ წინა წელს აღებული გროზნო. მალე ქ. ხასავიურთში (დაღესტანი) ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ხოლო 1997 წლის მაისში მოსკოვში ბ. ელცინმა და ჩეჩნეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ა. მასხადოვმა (ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი ჯ. დუდაევი ამ დროისათვის უკვე მოკლული იყო 1996 წელს მიზანმიმართული რაკეტული დარტყმით) ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასა და ჩეჩნეთის რესპუბლიკას შორის. ოფიციალური რუსული მონაცემებით, 1994–96 წლების მოვლენებში ფედერალური ძალების დანაკარგი მოკლულების, დასახიჩრებულებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახით აღემატებოდა 5,5 ათ. კაცს, სანიტარული დანაკარგი – 51 ათ. კაცს. ჩეჩნური სამხედრო ფორმირებების დანაკარგი (არასრული მონაცემებით) აღემატებოდა 2,7 ათ. კაცს. განსაკუთრებით დიდი იყო მსხვერპლი ჩეჩნეთის მშვიდობიან მოსახლეობაში. აქ დაღუპულთა რიცხვი ათეულობით ათასს აღწევდა.

ჩეჩნეთის II ომი

მიუხედავად სამშვიდობო ხელშეკრულებისა, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა კვლავ ცდილობდა ჩეჩნეთში თავისი კონტროლის აღდგენას. მოსკოვს შესანიშნავი საბაბი მიეცა 1999 წლის აგვისტოში, როდესაც ჩეჩნეთის მხრიდან დაღესტანში შეიარაღებული ფორმირებები შეიჭრნენ. თუმცა არავითარი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობდა, რომ ა. მასხადოვს რაიმე კავშირი ჰქონოდა ამ ფაქტთან, რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩნეთის მხარეს ხელშეკრულების დარღვევასა და აგრესიაში დასდო ბრალი.

1996–97 წლების ხელშეკრულებები დენონსირებული იქნა და ფედერალური არმია ისევ შეიჭრა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, ამჯერად ტერორიზმთან ბრძოლის ლოზუნგით, 1999 წლის სექტემბერში. II ომისთვის რუსეთის მხარე გაცილებით უკეთ მომზადებული აღმოჩნდა არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური, იდეოლოგიური და პროპაგანდისტული თვალსაზრისითაც. ჩეჩენთა წინააღმდეგობამ პარტიზანული ომის ხასიათი მიიღო. ა. მასხადოვისა და სხვა ცნობილი სამხედრო ლიდერების დაღუპვის შემდეგ ჩეჩენთა წინააღმდეგობის ინტენსიურობა საგრძნობლად დაეცა, თუმცა მთაში კიდევ მოქმედებდნენ დაცალკევებული რაზმები. გარდა პირდაპირი სამხედრო აქციებისა, მოსკოვი დაადგა ჩეჩნეთ-რუსეთის კონფლიქტის “ჩეჩენიზაციის”, ანუ ცალკეული ლიდერებისა და მებრძოლების გადაბირების გზას. ამ საქმეში რუსეთის ხელმძღვანელობას დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა ჩეჩნეთის სასულიერო ლიდერმა ა. კადიროვმა, რომელიც ჯ. დუდაევის დროს რუსეთის წინააღმდეგ გამოდიოდა.

2000 წელს ვ. პუტინმა იგი ჩეჩნეთის პრორუსული ადმინისტრაციის მეთაურად დანიშნა.

2004 წლის მაისში ა. კადიროვი დაიღუპა მის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად, მაგრამ მისი საქმის გამგრძელებელი აღმოჩნდა მისივე ვაჟი – რ. კადიროვი (ჩეჩნეთის პრეზიდენტი 2007 წლიდან). მიიჩნევენ, რომ რ. კადიროვის ჩეჩნეთის სათავეში მოსვლის შემდეგ რესპუბლიკაში მდგომარეობა შედარებით სტაბილური გახდა.

2009 წლის 15 აპრილს მოსკოვმა ოფიციალურად გამოაცხადა ჩეჩნეთში კონტრტერორისტული ოპერაციის დასრულება. მაგრამ რესპუბლიკის სამხრეთ რაიონებში კვლავ გრძელდება დაბალი ინტენსივობის პარტიზანული მოძრაობა, რომელიც გავრცელდა აგრეთვე მეზობელ ინგუშეთსა და დაღესტანში.


იხილე აგრეთვე

მოსკოვის ხელშეკრულება 1997


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები