ჩოლოქის ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩოლოქის ბრძოლა - ბათუმის დაცვის საქმეში ქართველი სარდლების მიერ დაშვებულმა ტაქტიკურმა შეცდომებმა და ოსმალო ასკერებისგან ქალაქის დაკავებამ ოსმალებს დამატებითი ტერიტორიების ხელში ჩაგდების სურვილი აღუძრა. ასეთ ვითარებაში, ნ. ჟორდანიას რეკომენდაციით, ჩოლოქ-ნატანების ხაზის დაცვა და ოსმალთა შეჩერება გენერალ გიორგი მაზნიაშვილს დაევალა.

1918 წლის 2 აპრილს ნატანებში ჩასული გიორგი მაზნიაშვილის განკარგულებაში იყო 674 ჯარისკაცი, 4 ტყვიამფრქვევი და 6 ზარბაზანი. 3 აპრილს მის განკარგულებაში გადავიდა ჯავშნოსანი მატარებელი ვ. გოგუაძის ხელმძღვანელობით. გ. მაზნიაშვილის ბრძანებით, ჩოლოქის ხიდის ახლო მონაკვეთიდან რკინიგზის ხაზის მოკლე შტო ტყეში შეიყვანეს და ჯავშნოსანი იქ გადამალეს. მოხალისეთა რაზმების დახმარებით, გ. მაზნიაშვილმა შეძლო სადგურ ნატანებიდან სოფლების - ლიხაურის, შემოქმედის და ვაშნარის პოზიციების გამაგრება.

მაზნიაშვილის სამხედრო გეგმის განხორციელებაში ხელშემწყობი როლი შეასრულა მდინარე ოჩხამურთან 5 აპრილს ოსმალთა წინააღმდეგ პორუჩიკ ლ. იმნაძის რაზმის (70 კაცი) 5-საათიანმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლამ. სარკინიგზო ხაზის მიმართულებით მოძრავი მტერი 3 დღით იქნა შეჩერებული. ამავე დღეს ოზურგეთში ჩავიდნენ მხარზე თოფგადაკიდებული სოციალ-დემოკრატიის ლიდერები: ნ. ჟორდანია, ირ. წერეთელი და ვლ. მგელაძე. ამასობაში, ოზურგეთისაკენ დაიძრა ოსმალთა 500-კაციანი კოლონა. ამ მიმართულებით თავდაცვითი პოზიციის შენარჩუნების უზრუნველყოფა ევალებოდა პოლკ. ს. წერეთლის IV ლეგიონს (1000 ჯარისკაცი), რომელმაც პოზიციები უბრძოლველად დატოვა და მტერი ოზურგეთში შეუშვა. მაზნიაშვილმა წერეთელი თანამდებობიდან გადააყენა და მისი პასუხისმგებლობაში მიცემა მოითხოვა. მაზნიაშვილის ძალები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ზურგიდან მოსალოდნელი დარტყმის საფრთხის გამო, ჯარი ახალ პოზიციებზე გადააჯგუფა მის დასახმარებლად ხაშურიდან მიღებულ გვარდიის 1300-კაციან რაზმთან ერთად. ქართველთა თავდაცვითი პოზიციები იწყებოდა სოფელ შეკვეთილიდან, გაივლიდა ჩოლოქის რკინიგზის მიმართულებას, საღარიბოს ტყით გადიოდა მდინარე ნატანებამდე და ვაშნარის, ნასაკირალის, ცხემლის ხიდის, ჭალას, შემოქმედის გავლით, გოგიეთის მთამდე გრძელდებოდა.

გედევანიშვილის გვარდიის ნაწილები ნაგომრის უღელტეხილებს იცავდნენ. მაზნიაშვილმა თავისი მცირეოდენი და მოხალისეთა საფუძველზე შექმნილი რაზმები იმ ფორმით გადააჯგუფა, რომ მტერს მარჯვენა ფრონტის გარღვევის და ჩოლოქ-ნატანების ხაზის ზურგში დარტყმის შესაძლებლობა არ მისცემოდა. რამდენადაც ოსმალები რკინიგზის ხაზის დაჭერას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მათ მარცხენა ფლანგზე გალიპოლის ცნობილი დივიზიის 7000-კაციანი შემადგენლობა გადმოისროლეს. კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, ჯავშნოსანი მატარებელი №4-ის მეთაურს, ვალოდია გოგუაძეს, მტერთან შებმის გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ბრძოლის დაწყების წინ ჯავშნოსნის 80-კაციან ეკიპაჟის მებრძოლები ვ. გოგუაძემ იმ საფრთხის გამო გააფრთხილა, რომელიც სამშობლოს ემუქრებოდა და იქვე დასძინა: ვისაც ბრძოლა არ შეეძლო ჯავშნოსნიდან ჩასულიყო. „სამშობლოსათვის ვიბრძვით და მისთვის დავიხოცებით“, - იყო მებრძოლთა პასუხი, რომელთა შორისაც ვ. გოგუაძის კიდევ სამი ძმა იყო: ალფესი, ნოე და მელენტი გოგუაძეები. 8 აპრილს დილის 5 საათზე ჯავშნოსანი მატარებელი ნელი სვლით რკინიგზის მთავარ ხაზზე გავიდა და მტრის ბანაკში სროლის გარეშე შევიდა. ჯავშნოსნის მეთაურმა სროლის ბრძანება მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც ოსმალები სანგრებიდან ამოვიდნენ და ლიანდაგზე შეჩერებული, თითქოს „დატყვევებული“ მატარებლის გარშემო დიდი რაოდენობით მოგროვდნენ. ტყვიამფრქვევებისა და ქვემეხების ცეცხლით, ჯავშნოსნის ეკიპაჟმა მტრის წინააღმდეგ 5-საათიან ბრძოლას გაუძლო. 11 საათზე ჯავშნოსნის წინა ვაგონი რელსებიდან ამოვარდა. მასზე დაყენებული ტყვიამფრქვევები და ქვემეხები მწყობრიდან იყო გამოსული. მატარებლის მეორე ვაგონის დაჭრილმა მეომრებმა იერიშზე გადმოსულ ოსმალებს ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროს, მაზნიაშვილის ბრძანებით, მატარებლის დასახმარებლად გამოგზავნილი 400-კაციანი გორის გვარდია შეტევაზე გადავიდა და მტერი უკუაქცია. ოსმალებმა 1015 ჯარისკაცი დაკარგეს, ხოლო 500-მდე დაიჭრა, ქართველთა დანაკარგი უმნიშვნელო იყო.

ჩოლოქის ბრძოლიდან მეოთხე დღეს, 12 აპრილს, დღის მეორე ნახევარში გერმანელთა ჯარის ქვედანაყოფი ნატანებში ჩავიდა. 13 აპრილს გერმანული დროშა აღიმართა ნატანების სადგურში და მდინარე ნატანების ხიდზე. 1918 წლის 13 აპრილს საღამოს 7 საათისათვის მთავრობის სასახლის თეთრ დარბაზში ნ. ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამართულ კავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების ცენტრის გაერთიანებულ სხდომაზე (ესწრებოდა 200 წევრი) ჯავშნოსანი მატარებელი №4-ის მეთაურს, ვ. გოგუაძეს, „რევოლუციის პირველი მხედრის“ წოდება მიენიჭა.

შოთა ვადაჭკორია

წყაროები

გიორგი მაზნიაშვილი, მოგონებანი, 1917-1925, თბ., 1990.

ლიტერატურა

შ. ვადაჭკორია, ქართული ეპოსიდან ამოზიდული ლეგენდა (ვალოდია გოგუაძე), თბ., 2014.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები