ჩომსკი ავრამ ნოამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავრამ ჩომსკი

ჩომსკი ავრამ ნოამ - Chomsky Avram Noam, Хомский Ноам, 1928-

ებრაული წარმოშობის ამერიკელი ლინგვისტი, ფილოსოფოსი, კოგნიტივისტი, ისტორიკოსი. თანამედროვე ფსიქოლინგვისტიკის ერთერთი ფუძემდებელი. ფილოსოფიასა და ლინგვისტიკას დაეუფლა პრინსტონის უნივერსიტეტში. ერთხანს ჰარვადში მუშაობდა. აქ დაწერა წიგნი „სინტაქსური სტრუქტურები” , რომელმაც იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ენის შესახებ მეცნიერებაზე, რომ ამ დარგში „ჩომსკისეულ რევოლუციაზეც” კი ლაპარაკობდნენ. 1955 წლიდან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც აქტიურად მონაწილებდა კოგნიტივისტური მოძრაობის დაფუძნებაში.

ჩომსკის წიგნში გადმოცემულია ე.წ. ტრანსფორმაციულ-გენერაციული გრამატიკის მოდელის ძირითადი ვერსია. მის მიხედვით, ენა განიხილება არა ენობრივ ერთეულთა სტატიკურ ერთობლიობად, არამედ გამართული ფრაზების წარმოქმნის თავისებურ დინამიკურ მექანიზმად. ჩომსკი პრინციპულად დაუპირისპირდა ენის ათვისების ბიჰევიორისტულ თეორიას. კერძოდ, ბ. სკინერს მიაჩნდა, რომ ენა დაისწავლება ისევე, როგორც ყველა ქცევა. ბავშვი წარმოთქვამს სიტყვას/ფრაზას, თუკი ამისთვის იგი იღებს ჯილდოს, ბავშვი ფრაზას იმეორებს. უფროსები აქტიურად ცდილობენ, წაახალისონ ბავშვი ენის სულ უფრო სწორი ათვისებისკენ და გამართული მეტყველებისკენ. პროცესი იწყება გამოთქმების უბრალო მიბაძვითა და გამეორებით და მიმდინარეობს ბიჰევიორისტული დასწავლის კანონების შესაბამისად.

ბიჰევიორისტული თვალსაზრისის სისუტე იმაშია, რომ ბავშვები ძალზე ადვილად და ძალზე სწრაფად ითვისებენ ენას იმისთვის, რომ ამის ახსნა შეიძლებოდეს მობაძვა-გამეორებისა და განმტკიცების მექანიზმებით. ბავშვები ენას ეპყრობიან შემოქმედებითად და წარმოთქვამენ გრამატიკულად გამართულ ფრაზებს, რომლებიც არასდროს მოუსმენიათ, ქმნიან ახლებურ, არარსებულ სიტყვებსა და ფრაზებს {ენა და აზროვნება}. ჩომსკის აზრით, ეს აიხსნება ბავშვის შინაგანი თანდაყოლილი მიდრეკილებით ენის მიმართ, რაც გარკვეულ სიღრმისეულ სტრუქტურებზეა დაფუძნებული. ამასთან, თანდაყოლილია არა გრამატიკის რომელიმე კონკრეტული სისტემა, არამედ ენობრივი ინფორმაციის გადამუშავებისა და ენის აბსტრაქტული სტრუქტურების ჩამოყალიბების ერთგვარი თანდაყოლილი სქემა, ენის შეთვისების გამოცდილებამდელი მექანიზმი, რომელიც მეტყველების დაუფლების პროცესს განსაზღვრავს. ამით აიხსნება, რომ ბავშვები მთელ მსოფლიოში ერთი ტემპით ითვისებენ ენას და ამ პროცესში ერთსადაიმავე ეტაპებს გაივლიან ერთნაირი თანმიმდევრობით {მეტყველების ონტოგენეზი}.

ამრიგად, ჩომსკი ამტკიცებს, რომ ენის შეთვისების პროცესის დაყვანა ოპერანტული დასწავლის კანონზომიერებებზე შეუძლებელია. ადამიანს აქვს თანდაყოლილი უნარიანობა, ამეტყველდეს გარკვეულ დროს, მაგრამ კონკრეტულად რა ენაზე ამეტყველდება, დამოკიდებულია ენობრივ გარემოზე. ეს უნივერსალური უნარიანობა გარკვეულ უნივერსალურ გრამატიკასაც მოიცავს. მაგ., ხუთი ათასივე არსებული ენა აუცილებლად შეიცავს არსებით სახელებსა და ზმნებს, აქვს მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის კატეგორია, უარყოფისა და შეკითხვის ფორმები, სამი პირის კატეგორია ნაცვალსახელებში და ზმნებში და სხვა. უნივერსალურია ის თანმიმდევრობაც, რომლის შესატყვისადაც ბავშვი ეუფლება დედაენას, თუმცა მშობლები ბავშვთან ურთიერთობაში არასოდეს არ იცავენ არავითარ თანმიმდევრობას: არავინ არ ცდილობს ბავშვს მიაწოდოს ჯერ სახელობითი ბრუნვა, შემდეგ ნათესაობითი; ჯერ თანწყობილი წინადადებები და შემდეგ ქვეწყობილი და ა.შ.

ფსიქოლოგიის ისტორიკოსების საერთო აზრით, ჩომსკის ნააზრევმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ბიჰევიორიზმი ამერიკაში (და, მით უმეტეს, სხვაგან) დამარცხდა და კოგნიტივიზმს დაუთმო ადგილი. ჩომსკის ლინგვისტიკა კოგნიტივისტური მეცნიერების ნაწილად მიაჩნდა. თუმცა პრაქტიკაში იგი ენის შესწავლის მაქსიმალური ავტონომიზაციისკენ იხრებოდა. ამაში ეყრდნობოდა შეხედულებას კოგნიციური უნარიანობის მოდულებისა და ამ მოდულების შედარებითი დამოუკიდებლობის შესახებ. ყველა ენაში ძირეული უნივერსალური (სიღრმისეული) სტრუქტურების დებულების საფუძველზე, ჩომსკიმ ჩამოაყალიბა ენის, როგორც აზროვნების შესწავლის საშუალების პროგრამა („ენა და აზროვნება” - 1968).

ჩომსკი არის აშშ-ს მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის, ჰუმანიტარულ და ზუსტ მეცნიერებათა აკადემიის, პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და მრავალი სხვა უცხოური აკადემიისა და სამეცნიერო საზოგადოების წევრი; ჩიკაგოს, პენსილვანიის, ლონდონის, კემბრიჯის, დელის, ბუენოს-აირესისა და სხვა უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი. იგი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ხშირად ციტირებადი მეცნიერია.

ა. ჩომსკის თეორიაში გამიჯნულია ენის სიღრმისეული სტრუქტურა (უნივერსალური და თანდაყოლილი) ენის შედარებით უფრო ზედაპირული სტრუქტურისგან, რომელიც კონკრეტულ ენა-კულტურაზეა დამოკიდებული და რომელსაც ბავშვი დაისწავლის უფროსებისგან. ყოველი კონკრეტული ზედაპირული სტრუქტურა პოტენციური სიღრმისეული სტრუქტურის ერთ-ერთი შესაძლო რეალიზაციაა, აქტუალიზაციაა. თანდაყოლილი სიღრმისეული პოტენციის გარეშე აქტუალური ენა შეუძლებელი იქნებოდა.

ეს თეორია ჰგავს ფსიქიკის სიღრმისეული აგებულების კ. გ. იუნგისეულ თეორიას, რომელშიც გამიჯნულია თანდაყოლილ-უნივერსალურ-კოლექტიური არაცნობიერი (ყველაზე ღრმა ფენა) შეძენილი ინდივიდუალური არაცნობიერისგან და ინდივიდუალური არაცნობიერი - ცნობიერებისგან (ყველაზე ზედაპირული ფენა). თანაც სიღრმისეული უნივერსალური ფენა თანდაყოლილ სქემებს, არქეტიპებს მოიცავს.

ა. ჩომსკის თეორიის მთავარი ცნებაა “გენერაციული გრამატიკა” ანუ “წარმომშობი გრამატიკა”.

საინტერესოა ჩომსკის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა. იგი ანტიგლობალისტი და ანარქისტია და აქტიურადაც მოქმედებს ამ იდეოლოგიის პროპაგანდის მიმართულებით, მონაწილეობს საპროტესტო ღონისძიებებში და სხვა. ამიტომ ის დისიდენტივითაა, თუმცა მას უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტი იცავს. მას „თანამედროვეობის სოკრატე“ უწოდეს: სოკრატესავით ბრძენია, სოკრატესავით გაბედულია და სოკრატესავით ლოგიკურად და ნათლად ამხელს სიყალბეს.

90 წლის ასაკშიც კი ა. ჩომსკი ლექციებს კითხულობს მასაჩუსეტსის უნივეტსიტეტში, წიგნებს წერს და ინტერვიუებს იძლევა. ის ყველაზე ხშირად ციტირებადი ლინგვისტია.

  • „ნუ ვაყალიბებთ რთულად იმას, რაც მარტივად ყალიბდება. მარტივის გართულება ინტელექტუალების საყვარელი თამაშია: რაც უფრო გაუგებარია, მით უკეთესია. თავად არ იციან ბოლომდე, რასაც ამბობენ, მაგრამ ძალაუფლება და პრესტიჟი გარანტირებულია.“
  • „ოპტიმიზმი სტრატეგიაა. თუკი არ გჯერათ, რომ უკეთესი მომავალი შესაძლებელია, თქვენ არასდროს არ გადადგამთ ნაბიჯს, რათა მომავალი უკეთესი გახდეს. თუკი მიგაჩნიათ, რომ იმედი არაა, ის არც იქნება. არჩევანი თქვენზეა!“ (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები