ჩორლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩორლა – იყო მულახში (სვანეთში) მონადირე ჩორლა, წმიდა გიორგის ყმა, მისთვის თორმეტი ცხენის საპალნე სანთელი დაუნთია. ერთ დილას კუთხვა თოფი მხარზე გადაიდო ჩორლამ, საგზლად სამი ხაჭაპური ჩაიწყო აბგაში, გაიყოლა ერთგული ყორანა ძაღლი და სანადიროდ გაემართა. ცხრა კლდე გადაიარა, მაგრამ ფეხის დანადგამი არაფრის უნახავს. მეათე კლდეზე რომ გავიდა, ჩაიხედა ხევში და, ხედავს, არჩვითა და ჯიხვით არის სავსე. გადმოიღო თოფი და ჯერ რჩეული ჯიხვი მოკლა, მერე მიდგა და ასოცი ჯიხვი და არჩვი გააგორა, ერთი კოჭლი თხაღა დარჩა. კოჭლობით და ცოდვილობით წასულა თხა და დალის გამოქვაბულამდე მიუღწევია. მეტად საწყენი ამბავი მიუტანა დალებს, ჩორლამ ყველა ჯიხვი და არჩვი დახოცაო. გამოცვივდნენ დალები და, ხედავენ, ჩორლა არჩვ-ჯიხვებს ატყავებს. მივარდნენ მას, მაგრად შეკრეს და მარცხენა მკლავით და მარცხენა წვივით კლდეზე დაკიდეს. „საცოდავო, ჩორლა, საბრალო ჩორლა, – დასტირის თავის უბედურ თავს მონადირე, – ნეტავ, სად დარჩება შენი ძვალი? შენს თოფ-იარაღს ჟანგი შეჭამს!“ ყორანაც წკმუტუნებს, გლოვობს თავის პატრონს. ახლა ყორანას ეუბნება ჩორლა: „წადი, ჩემო ყორანავ, ჩემს ძმებს უამბე ჩემი ამბავი; ხევ-ხევ ამოვიდნენ და წაიღონ ჩემი კუთხვა, არ დაიჟანგოს; ჩემი ძვლები აკრიფონ და შინ წაიღონ“. გაფრინდა ყორანა სოფლისკენ, გზად წმიდა გიორგი შემოხვდა: საით მიდიხარო, ყორანავ? – როგორ თუ საით? ჩემი პატრონი ჩორლა კლდეს შერჩა, ძმებს დავუძახებ, მის ძვლებს შინ წაიღებენ, მის კუთხვა თოფს არ დაკარგავენო! პასუხობს წმიდა გიორგი: ყორანავ, ნუ გეშინია. დალების ბრალი იქნება, დალები ჩემი ხელქვეითნი არიან. წმიდა გიორგიმ ყორანა ჩორლასთან გააბრუნა, დააბარა, ჩემს მოსვლამდე გამაგრდეს, ხევ-ხევ ამოვალ და დალებს დაველაპარაკებიო. გაუგზავნა დალებს მოციქულები: ჩორლა გამომიშვით! იუარეს დალებმა, არ გაუშვეს. კიდევ გაუგზავნა მოციქული და დალებმა შეუთვალეს, დახოცილი არჩვ-ჯიხვი ფეხზე დაგვიყენოს და გავუშვებთო ან მარჯვენა მხარს მოვტეხავთო. რა ქნას ჩორლამ, როგორ გაუცოცხლოს არჩვ-ჯიხვი? სჯობს მხარი მომტეხონ, ისე გამომიშვანო. გამოხსნეს დალებმა ჩორლა, ჩაიყვანეს კლდის ძირას და მარჯვენა მხარი მოსტეხეს, ამიერიდან კოჭლ თხასაც ვერ მოგვიკლავსო! და დაუბრუნეს მხარმოტეხილი ჩორლა წმიდა გიორგის. მიდის ჩორლა და მიათრევს მკლავს. შემოხვდა წმიდა გიორგი: ჩემო ჩორლა, აჰა, ჯიხვი აიკიდე მხარზეო. – ჯიხვს როგორ ავიკიდებ, მხარი მოტეხილი მაქვსო, მიუგებს ჩორლა. – მაინც სცადეო, არ ეშვება წმიდა გიორგი. მაშინ მოჰკიდა ხელი ჯიხვს ჩორლამ და ადვილად წამოიკიდა, მხარი უფრო მაგარი გაუხდა. და სახლისკენ გასწია. ერთი კლდე რომ გადაიარა, სეტყვა წამოვიდა და, ესმის, წმიდა გიორგი უძახის: უკან მიიხედე, ჩემო ჩორლა! მიიხედა ჩორლამ და, რას ხედავს, მეწყერს და ნიაღვარს მიაქვს დალების ლაშქარი. ერთი დალი წინ მიფრინავს, სახლის სიმაღლეზე ხტება, ცოტაც და დაეწევა ჩორლას. ჩორლამ იცნო თავისი კეთილისმყოფელი დალი და შეევედრა წმიდა გიორგის: – წმიდა გიორგი, ჩემო პატრონო! მიპატივე ეს ერთი დალი, ბევრი სიკეთე გაუკეთებია, ბევრი გაყინული მონადირე გაუთბია, ბევრი მშიერი გაუძღია. გევედრები, ჩემო პატრონო, ეს დალი არ დააღრჩო! – კარგიო, უთხრა წმიდა გიორგიმ, გიპატივებ მაგ დალსო. ოღონდ ახლა აღარ მცალია, ქვედა ქვეყანაში მივდივარ, იქ ერთი ქალი მეგულება, ბევრი სანთელი დაუნთია, ბევრი უკმევია. მისი ბიჭის სული უნდა ვიხსნა თეთრი ყვავილისგან. დღეს მტრედი მომადგა, ცრემლებს ყრიდა: ქვედა ქვეყნიდან მოვდივარ, ქაჯები ბიჭს სულს ართმევენო. უკან გავუშვი მტრედი, დავაბარე დედასთან: ნუ გეშინია, ბიჭს გაგიცოცხლებ-მეთქი. ახლა იქ მივდივარ, ჩორლა, მიმეჩქარება. არც შენ დაგიკარგავ ნამსახურს, ჩემო ჩორლა, სიკვდილამდე დღეში თითო ჯიხვი გქონდესო!

და მართლაც ასრულდა წმიდა გიორგის სიტყვები: ბედნიერად ნადირობდა ჩორლა მთელი სიცოცხლე.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები