ჩოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩოფა (ბალყ.-ყარაჩ. Чоппа) – ჭექა-ქუხილის ღვთაება, რომელსაც ბალყარულ-ყარაჩულ წარმართულ პანთეონში თეირის (თენგრის) შემდეგ ყველაზე გამორჩეული ადგილი ეკავა და განსაკუთრებული პატივითა და პოპულარობით სარგებლობდა. მისი სტატუსი ნათლადაა გამოკვეთილი წვიმის გამოწვევასთან დაკავშირებული ლოცვის ტექსტში:

ოჲრა, ჩოფა,
თეირის შემდეგ შენ ხარ (მეორე) ღმერთი,
ოჲრა, ჩოფა, გააქრე ხვატი,
ოჲრა, ჩოფა, ოჲრა, ჩოფა,
ოჲრა, ოჲრა, საკმარისად დაარწყულე მიწა,
ოჲრა, ჩოფა, სამართლიანო ღმერთო,
ოჲრა, ჩოფა, მოსავალი იღუპება,
რაღა ვქნათ?
ოჲრა, ჩოფა, ოჲრა, ჩოფა,
ოჲრა, ჩოფა, ჭირნახული ნადგურდება,
რაღა ვქნათ?
ოჲრა, ჩოფა, წვიმა ბარაქიანად ასხამს.
ოჲრა, ჩოფა, მოსავალი გორად დგას,
ოჲრა, ჩოფა, ოჲრა, ჩოფა,
ოჲრა, ჩოფა, წვიმა ბარაქიანად ასხამს.

ჩოფას სახელობის სალოცავები (дарийгъын) დიდი ყარაჩის უჩყულანისა და ხურზუყის საზოგადოებებში მდებარეობდა. ხურზუყში, სადაც რიტუალური ცეკვებით თანხლებული მისი სახელობის დღეობა – ჩოფა-თოჲ – ჯურთდა ჯანგიზ თერექის წმ. ხესთან აღინიშნებოდა და რომელშიც მეზობელი საზოგადოებების (აფხაზეთიდან ოსეთამდე) წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, თითქმის ერთი თვე გრძელდებოდა. არსებობდა ჩოფას სახელობის საკულტო ქვებიც (Чоппаны-таш), რომლებთანაც ყოველი წლის გაზაფხულზე ღვთაების დღეობას მართავდნენ. „ჩოფას ქვის“ გარშემო დგამდნენ ხარიხებს, რომელთა განივაზე ციკნებს ჰკიდებდნენ და რქებით არწევდნენ. ცხოველები ყვიროდნენ, ხოლო ფერხულში ჩაბმული მლოცველები „ელირი ჩოფას“ გაიძახოდნენ. რიტუალის დასრულების შემდეგ, ციკნებს კლავდნენ და იქვე ჭამდნენ (გ. ჩურსინი). მ. კოვალევსკისა და ვ. მილერის ცნობით, ჩეგემის მარჯვენა მხარეს მდებარე მოედანზე (ჩოფაჩელას მოედანზე) ხალხი ლოცვა-სიმღერის შესასრულებლად იკრიბებოდა: სიმღერას რეფრენად სახელი „ჩოფა“ გასდევდა. ამ სიმღერას მღეროდნენ მეხნაკრავი ადამიანის გარშემო და სულით ავადმყოფთან (შეშლილთან) ახლოს. თქმულებათა თანახმად, მეხით მოკლული ადამიანის გარშემო თვით ეპიკური გმირები (ნართები) „ჩოფას“ მღეროდნენ. ბალყარეთსა და ყარაჩში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ღვთაების დღეობის ფარგლებში შესრულებული ცეკვა.

ღვთაება ჩოფას კულტი, მისი სახელობის სიმღერა და საწესო მოქმედებები გავრცელებული იყო ბალყარელ-ყარაჩელთა მეზობელ ხალხებშიც (აფხაზებში [„ათლარ ჩოფა“], ჩერქეზებში [„შიბლე“], ოსებში [„ცოფაჲ“], ნოღაელებში [„ანდირ-შოფა“] და სხვ.).

დამკვიდრებული აზრის თანახმად, თეონიმი „Чоппа“ კომპოზიტია, რომლის პირველი სეგმენტი მომდინარეობს ტერმინიდან чёл – „თავთავი, მარცვლოვანი“, მეორე კი – სიტყვიდან бай – „ღმერთი“, ე. ი. „მარცვლოვანთა ღმერთი“. ეს ეტიმოლოგია და ჩოფას ძველ-თურქული წარმომავლობის ღვთაებად მიიჩნევა საეჭვოდ გამოიყურება.


ლიტერატურა

  • Чурсин Г. Ф. Осетины: Этнографический очерк. Тифлис, 1925;
  • Лайпанов Х. О. К истории карачаевцев и балкарцев. Черкесск, 1957;
  • Лайпанов Х. О. К вопросу о происхождении карачаевцев и балкарцев // Материалы научной сессии по проблеме происхождения балкарского и карачаевского народов. Нальчик, 1960;
  • Карачаево-балкарский фольклор в дореволюционных записях и публикациях. Нальчик, 1983;
  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
  • Кудаев М. Ч. Древние танцы балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1997;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები