ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) — ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს. წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკის (აშშ, კანადა) და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს.

1949 წლის 4 აპრილს, თორმეტმა სახელმწიფომ - ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, ისლანდიამ, იტალიამ, კანადამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, პორტუგალიამ, აშშ-მა და საფრანგეთმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლის პრინციპების საფუძველზე ქ. ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დოკუმენტს-ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის-ნატო-ს შექმნის შესახებ. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1949 წლის 24 აგვისტოს, ხოლო იმავე წლის 17 სექტემბერს ვაშინგტონში ჩატარდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი სესია.

ნატოს ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იგი იცავს მოკავშირეების საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს, კანონის უზენაესობას და მოქმედებს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების თანახმად. ნატოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა გარეშე აგრესიისგან. ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად, რაც 1949 წლის ვაშინგტონის ხელშეკრულების V მუხლით არის გათვალისწინებული. ნატო არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე.

ნატოში გადაწყვეტილების მიღების პროცესი განისაზღვრება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით და სხვა არსებული დოკუმენტებით. ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო აგზავნის დელეგაციას ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში. თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელი არის მუდმივი წარმომადგენელი. მუდმივი წარმომადგენლები ქმნიან ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რომელიც იკრიბება კვირაში ერთხელ და აქვს ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლება.

ნატოს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამსახურს. იგი უძღვება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომებს. ასევე კოორდინაციას უწევს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას.

ნატოს სამხედრო სტრუქტურის უმაღლესი ორგანოა სამხედრო კომიტეტი. ჩრდილოატლანტიკური საბჭო პერიოდულად ატარებს შეხვედრებს, სადაც იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები, ასევე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ ემყარება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების X მუხლს. ნატოში გაერთიანება შეუძლია ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მზადაა შეასრულოს წევრობისთვის საჭირო ვალდებულებები და ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

1949 წლიდან ნატოს წევრი ქვეყნების რაოდენობა გაფართოების ექვსი საფეხურის გავლით 12-დან 28 ქვეყნამდე გაიზარდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტში გამართულ ნატოს სამიტზე შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს დებულება მომდევნო წლებშიც არაერთხელ დადასტურდა ალიანსის მიერ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები