ჩხეიძე მარიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩხეიძე მარიამ ილიას ასული (დ. - 1888, ყვირილა - გ. - 1937) - სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. იურისტი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მუშაობდა ნაფიც - ვექილად. ადრეულ ასაკში შეუერთდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას.

1918 წლის შემოდგომაზე საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ დაასახელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრად. იყო პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრი, შემდგომ კი კომისიის მდივანი. საარქივო წყაროების თანახმად, აქტიურად მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, ევალებოდა თეორიული მასალების შეგროვება და კომისიისთვის გაცნობა. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა, საკანდიდატო სიაში 31-ე ნომერი იყო. დამოუკიდებლობის პერიოდში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. აქვეყნებდა წერილებს ესერთა პარტიულ გაზეთ „შრომაში“. 1921 წლის იანვარში სოციალ-რევოლუციონერების მიერ გამოქვეყნებული საკონსტიტუციო პროექტის მთავარი დებულებები სწორედ მისი შემუშავებული იყო. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. თავდაპირველად მუშაობდა სასამართლო უწყებებში, თანამშრომლობდა სოციალ-რევოლუციონურ ჯგუფებთან. შეეწირა საბჭოთა ტერორს, დახვრიტეს.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127, 201. ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 191;
  • გაზ. „შრომა“, 1921, №4.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები