ცაჰან სარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცაჰან სარ-ი (ყალ. Цаhан сар – „თეთრი თვე“) – ყალმუხური (ზოგადად, მონღოლური) საახალწლო დღესასწაული; მთვარისა და მზის კალენდრის მიხედვით, გაზაფხულის დასაწყისში იმართებოდა; წარმოადგენდა ადამიანისა და ბუნების განახლების, კეთილ ზრახვათა და იმედთა ახდენის სიმბოლოს. მონღოლური მოდგმის ხალხებში „თეთრი თვე“ თავდაპირველად რძის პროდუქტების დღესასწაული იყო და შემოდგომაზე აღინიშნებოდა. ამ დროს მთავრდებოდა რძის პროდუქტების მარაგის მომზადება, რომელთაც დღეობაზე იყენებდნენ. ჩინგიზ-ხანის შვილიშვილმა – ხუბილაიმ – ჩინური ასტროლოგიის გავლენით, ახალი წლის ზეიმი შემოდგომიდან ზამთრის დასასრულისთვის გადაიტანა. ამგვარად, მონღოლური ცაჰან სარი თორმეტწლიანი ციკლის წელიწადის დასაწყის დაუკავშირდა. XIV ს-ში, მონღოლების ჩინეთიდან განდევნის შემდეგ, ცაჰან სარის ზამთარში აღნიშვნის ტრადიცია საკუთვრივ მონღოლეთშიც დამკვიდრდა. XIX ს-დან, გრიგორიანული კალენდრის ათვისების შემდეგ, ყალმუხეთში ამ დღეობას, როგორც კალენდარულ ახალი წელიწადს, არ ზეიმობდნენ, მაგრამ 1771 წელს რუსეთის იმპერიიდან ჩინეთში გადასახლებული ვოლგის ყალმუხების შთამომავლებისათვის, რომლებიც სინცზიანში ცხოვრობენ, იგი, ტრადიციული ჩინური კალენდრის გავლენით, საგაზაფხულო ახალი წლის დღესასწაული გახდა. სსრ კავშირში 1930-იან წლებში ცაჰან სარის აღნიშვნა აიკრძალა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში იგი კვლავ აღდგა, ხოლო 1990 წელს ხალხური დღეობის სტატუსი მიენიჭა. ყალმუხეთის რესპუბლიკის 2004 წლის 13 ოქტომბრის კანონის (№ 156-III-3) თანახმად, ცაჰან სარი ეროვნულ დღესასწაულად არის გამოცხადებული. ყალმუხები ცაჰან სარის დღეობისათვის საგანგებოდ ემზადებიან: ლაგდება სახლი, სადაც აუცილებლად გამოიფინება ახალი ტანსაცმელი; იკვლება საქონელი, ცხვება სხვადასხვა სახის ფიგურული პური და ღვეზელი, იშლება სადღესასწაულო სუფრა. დილით ადრე სრულდება, ე. წ. „წმინდა წყლის პკურების“ რიტუალი: ოჯახის უფროსი წინაპრებისა და „თეთრი მოხუცისათვის“ („ცაჰან ოვგნ-ი“) შესაწირი ახალდაყენებული ჩაით სავსე ფინჯანის გარშემო ახალმოტანილ წყალს ასხურებს. შესაწირთა შორისაა ბურხანებისთვის განკუთვნილი ე. წ. „ბორცოქები“ – მზისა და ლოტოსის გამოსახულების პურები. განსაკუთრებული მნიშვნელობას ანიჭებენ ბუდასთვის შესაწირ ბორცოქთა კრებულს. დღეობის დროს იციან ერთმანეთთან მისალოცად მისვლა, საჩუქარების გაცვლა (უმცროსები უფროსებს – ჯავზის კაკალს, ხოლო უფროსები უმცროსებს ტკბილეულსა და წვრილ ფულს ჩუქნიან, ქალიშვილები და ახალგაზრდა ქალები ბიჭებს ნაქარგით დამშვენებული ქისებით ასაჩუქრებდნენ.

დღეობა თანხლებულია მასობრივი გართობებით: საღამო ჟამს იმართება წვეულება, სადაც ახალგაზრდები ცეკვავენ, უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, მღერიან და თამაშობენ. ასეთი წვეულებები, რომლებსაც ახალგაზრდები თავიანთ სახლებში რიგრიგობით აწყობდენ, ხშირად დილამდე გრძელდება. ლამაისტურმა ღვთისმსახურებმა ცაჰან სარის დღეობა მანგასებზე (ურჩხულებზე) ქალღმერთ ოქონ-თენგირის გამარჯვების რელიგიურ დღესასწაულად აქციეს.


ლიტერატურა

  • Эрдниев У. Э. Калмыки (конец XIX – начало XX вв.). Историко-этнографические очерки. Элиста, 1985;
  • Бакаева Э. П. Календарные праздники калмыков: проблемы соотношения древных верований и ламаизма (XIX – начало XX в.) // Вопросы истории ламаизма в Калмыкии. Элиста, 1987;
  • მისივე, Будизм в Калмыкии. Элиста, 1994;
  • მისივე, обуддийские верования калмыков. Элиста, 2003.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები