ცერული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პლაკატზე გამოსახულია ცეკვა "ცერულის" შინაარსი და მისი ძირითადი ილეთები; მხატვარი - ი. რაზმაძე

ცერული – სვანური ხალხური ცეკვა. მუსიკალური ზომა – 2/4. ტემპი – სწრაფი. რიტმული თანაბარი, მკვეთრი. სრულდება სოლო ან ჯგუფურად. ცერულისათვის დამახასიათებელია მოძრაობა ცერებზე – სირბილი, ნახტომები, გადაბიჯება (შეყოვნებით).

ცეკვა „ცერულის“ შინაარსი და მისი ძირითადი ილეთები

„ცერული“ სვანური ცეკვაა და მთიელ ქართველთა ცეკვების რიგს ეკუთვნის. ცეკვის თვით სახელწოდება „ცერული“ განმარტავს მის ტექნიკურ საფუძველს და ხასიათს. ფოლადისებური ფეხის ცერები, მაგარი და ამავე დროს მოქნილი, აი რაზეა აგებული ცეკვის შუსრულების რთული ტექნიკა.

„ცერულის“ შესრულება შეიძლება ცალად, წყვილად და ჯგუფურად. უკანასკნელ ორ შემთხვევაში ცეკვა შეჯიბრების ხასიათს იღებს, მოცეკვავენი ეჯიბრებიან ერთი მეორეს არა მარტო ნაირფეროვან და ძნელ ილეთების ლამაზად, მოხდენილად და სუფთად შესრულებაში, არამედ გამძლეობაზედაც. ელვისებური წრეშემოვლა, ხშირად, ფეხის ცერებზე, მსუბუქი ჩაკვრები, სწრაფი ბრუნები, ზეხტომიდან ფეხის ცერზე შედგომა და მოძრაობათა სხვა მრავალი ილეთები ერთმანეთში ლამაზად არიან შეხამებული.

თეთნულდსა და უშბას წარმტაცი სილამაზის ფონზე წარმოვიდგინოთ მწვანე ბალახით აბიბინებული მინდირი, აგრეთვე მაყურებლებმა წრე შემომიჯნეს და მოუთმენლად ელიან ცერულში შეჯიბრების დაწყებას. არავის სურს პირველმა დაიწყოს ცეკვა. ერთი მეორეს თავაზიანად უთმობენ „პირველად შესვლას წრეში“, მაგრამ გაისმის თუ არა შეთანხმებული, მხნე და ჟღერადი საცეკვაო სიმღერა, წრეში გაბედულად შემოიჭრება თერთმეტი წლია ბიჭუნა, ცერებზე შემდგარმა სწრაფად შემოურბინა წრეს, შემდეგ წრის შუაგულში მოექცა და მოხდენილად და ლამაზად ასრულებს „ცერულის“ ილეთებს. მან ღიმილით და ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ტოლებს, ალბათ იმ აზრით, რომ წრეში შეიტყუოს. „აი, კარგი ხარ, მარდი ხარ“, მაყურებელთა ამ წამოძახილზე ამთავრებს ცეკვას მოზარდი და წრიდან გარბის. ეხლა უკვე გამოცდილ მამაკაცებს არ ჰყოფნის მოთბინება, რაღაც ძალა მიეზიდებათ მათ წრისკენ, მაგრამ მოკრძალებით თავშეკავებულნი ადგილზე რჩებიან. აგერ მაყურებელთა ერთმა ჯგუფმა შეაგდო წრეში ერთი ჭაბუკი. ჭაბუკმა დაიწყო წრის შემოვლა ქუსლურით, წრის შუაგილში სწრაფად შეტრიალდა და გადავიდა ფეხშლილზე, შემდეგ ცერის დაქნევ-ჩაკვრაზე და ორფაბრუნზე უნდა გადასულიყო, მაგრამ ამ დროს ფეხის ცერებზე რბენით, ირმისებური ნახტომით, წრის შემოვლა დაიწყო მეორე მოცეკვავემ, რომლის ფეხის ცერები ფოლადივით მაგარია და მოქნილი. პირველი ახალგაზრდა წრის კიდისკენ მიიწევს, რათა „ცეკვაში შესვლის“ საშუალება მისცეს მეორე მოცეკვავეს. ამ ხნის განმავლობაში კიდევაც დაისვენებს, საჭირო მომენტში კი კვლავ დაიწყებს ცეკვას, რომ შეეჯიბროს თანატოლს.

მეორე მოცეკვავე ამთავრებს ილეთების ჩვენებას და თავის დაკვრით პირველ მოცეკვავეს იწვევს წრეში. წამშივე წრის შუაგულში ორი ჭაბუკი ეჯიბრება ერთმანეთს „ცერულის" მოხდენილი ილეთების შესრულებაში. ძნელია თქმა, რომელია უკეთესი მათ შორის. ორ მეტოქეს შუა შემოიჭრება მესამე მოცეკვავე, პირველი ორი მოცეკვავე გარეთა მხარეს შებრუნებით შორდება ერთმანეთს და წრეშემოვლაზე გადადის, რომ შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს წრის შუაგულში და შეთანხმებულად განაგრძონ შეჯიბრი მესამესთან. გაიშალა შეჯიბრი, წრეში შემოიჭრება მოცეკვავეთა ახალი ჯგუფი - ოთხი ვაჟკაცი, ეხლა კი ეჯიბებიან სამნი ოთხს. ცეცხლოვანი რითმით ცეკვა აღწევს მწვერვალს. წინამძღოლის ნიშანზე ჭაბუკნი შეთანხმებულად ამთავრებენ ცეკვას.

ცეკვის დროს საჭიროა დავიცვათ ძველ დროიდანვე დადგენილი ტრადიციული წესრბი“

  1. ცეკვა „ცერული“ ვაჟური ცეკვაა, მას ქალი არ ცეკვავს;
  2. ცეკვა „ცერულში“ ვაჟი მკლავებს არ ხმარობს. მას მარჯვენა ხელი ხანჯლის ტარზე უდევს, მარცხენით კი ქარქაში უჭირავს, თუ უხანჯლოთაა - ხელის დიდი თითები ქამრის თასმაში აქვს გაყრილი (ხელი-ხელთან);
  3. ვაჟებს შეუძლიათ ცეკვა ცალად, წყვილად ან ჯგუფურად;
  4. მოცეკვავენი ურთიერთ მიმართ მუდამ თავდაჭერილი, თავაზიანი და მორიდებულნი არიან;
  5. წყვილური ან ჯგუფური ცეკვის დამთავრების შემდეგ მოცეკვავენი ერთმანეთს მადლობას უხდიან თავის დაკვრით;
  6. „ცერულის“ დროს იარაღის ხმარება დაუშვებელია;
  7. ცეკვის დროს ხმაური, ხმამაღალი წამოძახილები არ არის მიღებული. „უვარგის მოცეკვავეს ჟივილ-ხივილი ვერას უშველისო“, ასე იტყვიან ხალხში;
  8. ფეხის თითების (ცერების) შეკვრა-შეხვევა „ცერულის“ ცეკვის დროს არაა მიღებული თუ ამას ვისმე შეამჩნევენ, დაცინვით იტყვიან: „საწყალს ფეხები ავადა ყავსო;
  9. შაირობის დროს საცერო ილეთები იხმარება მხოლოდ პაუზებში;
  10. ჯგუფური ცეკვის დროს ილეთების და ნახაზის ცვლა წინამძღოლის ნიშნის მიცემით ხდება;
  11. წინამძღოლი ჯგუფში საუკეთესო მოცეკვავეა ან ყველაზე ხნიერი.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები