ციგაობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირველი ოლიმპიური შეჯიბრება ციგაობაში ინსბრუკი 1964

ციგაობა − ზამთრის სპორტის სახეობა, სწრაფდაშვება სპეციალურ ყინულოვან ტრასაზე ერთი და ორადგილიანი სპორტული ციგებით.

სარჩევი

ისტორია

ციგაობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. ლიტერატურულ წყაროებში ციგა მოიხსენიება შუა საუკუნეებიდან, ხოლო ცნობები მოციგავეთა პირველი შეჯიბრებების შესახებ XIX საუკუნის შუა ხანებს განეკუთვნება. თანამედროვე სპორტული ციგების, მათ შორის სკელეტონის წინამორბედად მიიჩნევენ ნორვეგიულ ციგას – აკეს და კანადელ ინდიელებში გავრცელებულ უთავკავო ციგას – ტობოგანს. პირველი, შედარებით თანამედროვე სპორტული ციგა დაამზადეს 1889 წელს გერმანიაში, ერთი წლის შემდეგ კი ინსბრუკის (ავსტრია) აკადემიური ალპური კლუბის ინიციატივით მოეწყო მოციგავეთა პირველი წარმომადგენლობითი ოფიციალური ასპარეზობაც.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გერმანელი გეორგ ჰაგლი

მოგვიანებით, ციგაობა გავრცელდა ევროპის თხუთმეტამდე ქვეყანაში, აშშ-სა და კანადაში, სადაც ბუნებრივი პირობები მისი განვითარების საშუალებას იძლეოდა. 1924 წლიდან საქმეს სათავეში ჩაუდგა ბობსლეისა და ტობოგანის საერთაშორისო ფედერაციის ციგაობის განყოფილება, რომელიც ადგენდა შეჯიბრების წესებს, მართავდა საერთაშორისო ტურნირებს, ხელს უწყობდა ამ სახეობის შემდგომ გავრცელებას. 1957 წელს განხორციელებულ ორგანიზაციულ ცვლილებებს მოჰყვა ციგაობის დამოუკიდებელი საერთაშორისო ფედერაციის დაფუძნება. სოკ-მა ციგაობა ოლიმპიურ სახეობად 1954 წელს აღიარა, უშუალოდ თამაშების პროგრამაში კი 1964 წელს (ინსბრუკი) ჩართო. კაცები ასპარეზობდნენ ერთ და ორადგილიანი ციგებით, ქალები – ერთადგილიანით. ერთადგილიანებში პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ გაერთიანებული გერმანიის წარმომადგენლები – თომას კიოლერი და ორტრუნ ენდელაინი, ორადგილიანებში საუკეთესო იყო ავსტრიელთა ეკიპაჟი (იოზეფ ფაის მანტალი, მანფრედ შტენგელი).

ციგაობა საქართველოში

საქართველოში ციგაობა, როგორც სპორტის სახეობა, 1960-იანი წლების მიწურულს გავრცელდა. 1968 წელს ქვიშხეთელმა მოციგავეებმა (ტარიელ ყაზიშვილი, ომარ ჩაჩანიძე, თემურ ქურდაძე, რამაზ ლომიძე) პირველად მიიღეს მონაწილეობა ლენინგრადში გამართულ შეჯიბრებაში, მომდევნო წელს კი, დავით ღონღაძესთან, ზაურ ჩადუნელთან და ვალერიან სუთიშვილთან ერთად ცესში (ლატვია) გამართულ სსრკ ჩემპიონატში გამოვიდნენ. 1970 წელს ბაკურიანში გაიხსნა ციგაობის პირველი სპორტული ჯგუფი ალექსანდრე ქუმარიტაშვილის ხელმძღვანელობით, კოხტაგორის ფერდობზე მოეწყო მარტივი ტიპის 25-მეტრიანი ტრასა. საქართველოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი გაიმართა ბაკურიანში 1972 წელს. გაიმარჯვეს ელგუჯა გვარამაძემ და ქეთევან თვაურმა. კაცთა შორის პირველი სპორტის ოსტატი იყო ფელიქს ქუმარიტაშვილი, ქალებში – ქეთევან ჯეირანაშვილი. 1974 წელს ბაკურიანში აიგო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საციგაო ტრასა, სადაც ჩატარდა შეჯიბრებები სსრკ ხალხთა ზამთრის III სპარტაკიადის პროგრამით. ორადგილიანი ციგით III ადგილზე გავიდნენ გიორგი უგრელიძე და რამაზ გურეშიძე. 1991 წელს კახა ვახტანგიშვილმა და ლევან თიბილოვმა სსრკ ჩემპიონატი მოიგეს. ამ წყვილმა 1994 წელს ლილეჰამერის ზამთრის XVII სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებში მე-17 ადგილი დაიკავა.

ნოდარ ქურიტაშვილის საბედისტერო დაშვება. ვანკუვერი 2010

2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მიიღეს ნოდარ ქუმარიტაშვილმა და ლევან გურეშიძემ. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე საკონტროლო დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა 21 წლის ბაკურიანელი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი. ამ ამბავმა შეძრა არა მარტო საქართველო, არამედ მთელი ოლიმპიური სამყარო (ლევან გურეშიძე ოლიმპიადაზე არ გამოსულა). 2018 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობდა ბაკურიანელი გიორგი სოღოიანი, რომელმაც პიონჩანგში 32-ე ადგილი დაიკავა.

წესები

შეჯიბრება ეწყობა თხელი ყინულით დაფარულ ბუნებრივ ან ხელოვნურ ტრასაზე, რომლის მაქსიმალური სიგრძეა 1500 მ. კაცების ინდივიდუალური შეჯიბრება იმართება 1000-1300 მ, წყვილებისა და ქალთა ერთეულებისა კი – 800-1050 მეტრზე. ტრასაზე უნდა იყოს სწორი მონაკვეთები და მოსახვევები: მარცხენა, მარჯვენა, ზიგზაგური და 180-გრადუსიანი. სარბიელზე გამოსვლა შეიძლება ნებისმიერი სახის ციგით, რომელიც აკმაყოფილებს წესებით დადგენილ კრიტერიუმებს: უნდა იყოს ერთადგილიანი ან ორადგილიანი, ჰქონდეს თითო წყვილი თავკავი, ამასთან, თავკავების შიდა წახნაგებს შორის მანძილი 45 სმ-ს არ აღემატებოდეს. ერთადგილიანის წონა არ უნდა იყოს 23 კგ-ზე, ორადგილიანისა კი - 27 კგ-ზე მეტი. ყოველი რბოლის წინ ამოწმებენ ციგის თავკავების ტემპერატურას (მათი ხელოვნურად გაცხელება აკრძალულია). ფინიშის შემდეგ ციგას წონიან. სპორტსმენებს აცვიათ აეროდინამიკური კომბინეზონები და ასეთივე ტიპის ფეხსაცმელი. აუცილებელია დამცავი ჩაფხუტი.

ოლიმპიურ თამაშებზე იმართება ინდივიდუალური (კაცები, ქალები) და წყვილთა რბოლები, ასევე, საციგაო ესტაფეტა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში შემოღებულია გუნდური ჩათვლა. შეჯიბრებისას სპორტსმენი ციგაზე წევს გულაღმა, ოდნავ თავწამოწეული, რათა ტრასას კარგად ხედავდეს. ციგის მოძრაობის მიმართულების შესაცვლელად მოციგავე სხეულის წონას იმ მხარეს გადანაცვლებს, საითაც უნდა მოუხვიოს. ინდივიდუალური რბოლის დროს ტრასაზე მხოლოდ ერთი სპორტსმენი გამოდის. როგორც კი ტრასა გათავისუფლდება, გაისმის იმის მაუწყებელი სიგნალი, რომ მომდევნო სპორტსმენს სტარტზე გასვლამდე 30 წამი რჩება. წყვილთა შეჯიბრებაში მოციგავეებს ამისთვის 45 წამი ეძლევათ. თითოეულმა მონაწილემ ტრასა ოთხჯერ უნდა გაიაროს. გამარჯვებულად ცხადდება სპორტსმენი, რომელიც ოთხი ცდის შედეგად საუკეთესო დროს აჩვენებს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები