ციმაკურიძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ციმაკურიძე ჭიდაობდა
გაბედულად, შეუპოვრად, შთაგონებით

ციმაკურიძე დავით - (1925 წლის 29 მარტს, ფოთი - 2006 წლის 8 მაისი თბილისი), თავისუფალი სტილის მოჭიდავე. პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი (1952 წლის ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშები - ოქრო. სსრკ-ის შვიდგზის ჩემპიონი (1945-47, 49-52), მეორე (1954) და მესამე (1948) პრიზიორი. სსრკ-ის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1947, 48) ბ/რ ჭიდაობაში. სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოსა და სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი. ფილა-ს, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დავით ციმაკურიძე ფოთში დაიბადა, თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ ჭიდაობა ზესტაფონში დაიწყო. მართალია, ბავშვობაში და თამაშ-თამაშ, მაგრამ პირველი ორთაბრძოლები მასაც მიშიკო მაჩაბლის ფსევდონიმით მოუგია.

„12 წლის ვიყავი, როცა მამა ზესტაფონში გადაიყვანეს სამუშაოდ და ბინაც მისცეს. სწორედ იქ დავიწყე ჭიდაობა. თანატოლებთან ერთად სპეციალური მოედანიც კი გავაკეთე, მამას ნახერხი მოვატანინე, დავყარეთ და თითქმის სულ იქ ვიყავით. ყველას დიდი ფალავნების სახელები გვერქვა. ზოგი სანდრო კანდელაკი იყო, ზოგი ნესტორ ესებუა, კოსტა მაისურაძე და ასე შემდეგ. მე, რა თქმა უნდა, მიშიკო მაჩაბელი შევარჩიე.

ორ წელიწადში ისევ თბილისში დავბრუნდით და დიდ ჭიდაობაშიც შევაბიჯე. მაშინდელ ორჯონიკიძის ქუჩაზე, მოჭიდავეების სამჭედლოდ წოდებულ პეტრე იორდანიშვილის დარბაზში დავიწყე ვარჯიში კლასიკურ ჭიდაობაში. თავისუფალი ჯერ საერთოდ არ იყო შემოსული“.

დასაწყისი კი არცთუ საამაყო იყო:

პირველ სამ შერკინებაში მასსავით ახალბედებთან წმინდად დამარცხდა. სამივე იმ ორთაბრძოლას სახელგანთქმული ფალავანი ირაკლი ყიფიანი მსაჯობდა. პატარა ამურას რამდენიმე დღე საერთოდ აღარ უნდოდა საჭიდაო დარბაზისკენ გახედვა. მერე ირაკლი ყიფიანმა მიაკითხა და გაახელა, როგორ, ნუთუ მამაშენის შვილი იმ ღლაპებს შენთან მოგებას შეარჩენო. ისევ მივიდა საჭიდაო დარბაზში. მივიდა და მივიდა.

13 წლისა თბილისის ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი თანატოლთა შორის საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. მერე მოულოდნელად ომი გაჩაღდა და 16 წლის ჭაბუკმა სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა, თუმცა მაინც პოულობდა დროს და ყოველდღე ვარჯიშობდა ჭიდაობაში.

სერიოზულ გამარჯვებას გემო პირველად 1942 წელს გაუსინჯა.

დავით ციმაკურიძე

იმ წლის შემოდგომაზე ბათუმში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი კლასიკურ ჭიდაობაში. ომის მიუხედავად, ეს იყო ერთობ სერიოზული ტურნირი, რომელშიც რესპუბლიკის წარმომადგენლებთან ერთად გამოდიოდნენ ბათუმის ნავსადგურში მდგარი გემების მეზღვაურებიც. ციმაკურიძემ ყველა შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა.

მას მერე დავით ციმაკურიძე კიდევ 13-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი კლასიკურ თუ თავისუფალ ჭიდაობაში. 1943 წელს პროფკავშირების პირველობა მოიგო. 1944 წელს უკვე გათავისუფლებულ კიევში ჩატარებულ წარმომადგენლობით ტურნირში ხუთ უძლიერეს მოჭიდავეს შორის აღმოჩნდა. ეს ყველაფერი – ანტიკურ ჭიდაობაში, რომელსაც მაშინ კლასიკური ჭიდაობა ერქვა. 1945 წელს კი პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. უკვე – თავისუფალში.

ომი დასასრულს უახლოვდებოდა. საბჭოთა კავშირი ამერიკული საქონლით აივსო. სურსათი, პირველადი მოხმარების საქონელი, ავტომანქანები... თითქოს ამ პროგრამის ფარგლებში, საქართველოში თავისუფალი ჭიდაობაც შემოვიდა, რომელსაც თავიდან „ამერიკულ ჭიდაობას“ ეძახდნენ. ჭიდაობის ეს სახე გაცილებით ახლოს იყო ქართულ ჭიდაობასთან და დავით ციმაკურიძემაც და ბევრმა სხვამაც კლასიკურს სწორედ ის ამჯობინეს.

„ბათუმური ჩემპიონობის შემდეგ კლასიკურში საქართველოს პირველობა კიდევ რვაჯერ მოვიგე, თუმცა, მთავარი გამარჯვება მაინც თავისუფალ ჭიდაობაში მოვიპოვე. იგი 1945 წელს შემოვიდა საქართველოში, მაშინვე გადავერთე და სულ მცირე ხანში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზეც წავედი ლენინგრადში“.

1945 წლის ოქტომბერში ლენინგრადში გამართული მოჭიდავეთა საკავშირო ჩემპიონატი პირველი ოფიციალური შეჯიბრება გახლდათ თავისუფალ ჭიდაობაში. ომი ახალი დამთავრებული იყო და ქვეყანაში მგზავრობა დიდ სირთულეს წარმოადგენდა, ამიტომ ნაომარ ლენინგრადში ჩატარებული ის ჩემპიონატი მონაწილეთა სიმრავლით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა. თბილისიდან ლენინგრადს ცხრა ფალავანი გაემგზავრა. მათ შორის იყო დავით ციმაკურიძეც, რომელსაც თავისუფალ და კლასიკურ ჭიდაობებს შორის საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაეკეთებინა.

ის ისტორიული ჩემპიონატი საქართველოს წარმომადგენელთა სრული ტრიუმფით დასრულდა. საბჭოთა კავშირის პირველი ქართველი ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ნახევრადმსუბუქი წონის ფალავანი ვასილ ილურიძე გახდა.

კალე შეყრილაძე მეხუთე იყო მსუბუქ წონაში. ასეთივე შედეგი აჩვენა ვახტანგ კუხიანიძემ ნახევრადსაშუალო წონის მოჭიდავეთა შორის. სამ დანარჩენ წონაში კი – საშუალოში, ნახევრადმძიმესა და მძიმეში საქართველოს წარგზავნილები ჩემპიონები გახდნენ: ციმაკურიძემ, მაჩკალიანმა და მეკოკიშვილმა არცერთ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. საშუალო წონაში დავით ციმაკურიძის გარდა კიდევ ორი თბილისელი გამოდიოდა: შოთა ესებუამ მეორე ადგილი დაიკავა, ივანე ალიხანოვმა კი – მეექვსე.

„ფინალში სახელგანთქმული ფალავნის ნესტორ ესაბუას ვაჟს ვეჭიდავე. თუ სუფთად მოვუგებდი, მესამე ადგილზე გავიდოდა, ქულებით წაგების შემთხვევაში კი მეორე ადგილს დაიკავებდა და ჯილდოდ 4 ათას მანეთს მისცემდნენ. მე, როგორც ქართველმა, გადავწყვიტე, თანამემამულე სუფთად არ დამემარცხებინა, ქულებით მოვუგე და მეორეზე გავიდა. მე კი ჩემპიონობისთვის 6 ათასი მანეთი მივიღე“.

მანამდე კი, 1946 წელს დავით ციმაკურიძე მეორედ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ის ტურნირი თბილისის ცირკში გაიმართა და არნახული ინტერესი გამოიწვია. პირველად ალბათ სწორედ მაშინ გაჩნდა თბილისში ჩატარებულ სპორტულ ასპარეზობაზე ბილეთის პრობლემა. ნახევარფინალში ციმაკურიძემ დაამარცხა თავისი მთავარი მეტოქე – მოსკოველი ციურინი, მერე კი ფინალში იოლად მოუგო როსტოველ ლევონ ხანტემურიანსაც (ხანტემიროვსაც). ამის შემდეგ ციმაკურიძესთან შესახვედრად ყველა საგანგებოდ ემზადებოდა.

ციმაკურიძეს არც 1947 წელს ტალინში ჩატარებულ საკავშირო ჩემპიონატში ჰყავდა ბადალი და მესამედ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

1947 წელს თავისუფალ ჭიდაობაში საკავშირო ჩემპიონატის მოგების შემდეგ დავით ციმაკურიძემ კლასიკურ ჭიდაობაშიც სცადა ძალა და საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. არადა, ეს ჩემპიონატიც რომ მოეგო, ევროპის პირველობაზე სწორედ ის წავიდოდა.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი დავით ციმაკურიძემ კიდევ ოთხჯერ მოიგო და თავისი შვიდგზის ჩემპიონობით საბჭოთა თავისუფალი ჭიდაობის ისტორიაში მხოლოდ არსენ მეკოკიშვილს, ალი ალიევსა (ისინი სსრკ 9-9-გზის ჩემპიონები არიან) და ალექსანდრ მედვედს (8-გზის) ჩამორჩება.

1948 წელი კი როგორღაც ჩაუვარდა; წინა და მომდევნო წლებთან შედარებით, რა თქმა უნდა: იგი კვლავ ჭიდაობის ორივე სახეობაში გამოვიდა და თავისუფალში მხოლოდ მე-3 ადგილი დაიკავა, კლასიკურში კი ისევ ვერცხლის მედალი ხვდა წილად.

1949 წელს დავით ციმაკურიძემ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც დაიბრუნა და საერთაშორისო ასპარეზზეც გავიდა.

1949 წელს გაიმართა საქართველოსა და ჩეხოსლოვაკიის მოჭიდავეთა ამხანაგური მატჩი. 7 წუთსა და 20 წამში ციმაკურიძემ ორივე ბეჭით მიაკრა ხალიჩას ცნობილი ჩეხი მოჭიდავე ზაბრონსკი. ქართველი ფალავნის საერთაშორისო დებიუტი წარმატებული გამოდგა. იმ დროს დავით ციმაკურიძე უკვე საბჭოთა მოჭიდავეთა ნაკრები გუნდის კაპიტანი იყო.

1950 წელს საბჭოთა ნაკრები ფინეთს გაემგზავრა. ჰელსინკისა და ტამპერეში გამართულ მოჭიდავეთა სამატჩო შეხვედრებში ციმაკურიძე შეხვდა საშუალო წონის უძლიერეს ფინელ მოჭიდავეებს ლაპანაინენსა და ვაფალაინენს. ქართველმა ფალავანმა ორივე მათგანს წმინდად მოუგო და თითოეულის დასამარცხებლად 5 წუთიც არ დასჭირვებია.

იმავე 1950 წელს ტულაში გაიმართა თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა მორიგი საკავშირო პირველობა. ტურნირი, როგორც ეს ხშირად ხდებოდა, დავითმა დამარცხებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ კლასმა თავისი გაიტანა, მან ზედიზედ მოიგო ყველა დარჩენილი ორთაბრძოლა და ხუთი საჯარიმო ქულით ფინალში გავიდა ლენინგრადელ პრეობრაჟენკისთან (6 საჯარიმო ქულა) და როსტოველ ხანტემურიანთან (2 საჯარიმო ქულა) ერთად.

ტულაში დავით ციმაკურიძე მეხუთედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდება მან მომდევნო წელსაც მოიპოვა და იმის მომდევნო წელსაც.

1951 წელს 26 წლის დავით ციმაკურიძეს საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის საპატიო წოდება მიენიჭა.

მერე იყო ოლიმპიური, 1952 წელი, რომელიც დავით ციმაკურიძემ ორი სერიოზული გამარჯვებით დაიწყო: ჯერ იყო და, მოსკოვში საბჭოთა კავშირ-ფინეთის საერთაშორისო შეხვედრაში ბეჭებზე დასცა ფინეთის ჩემპიონი ვეიკო ლაჰტი, ხოლო მერე ბუდაპეშტში გამართულ საბჭოთა კავშირ-უნგრეთ-გდრის სტუდენტთა საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში დაამარცხა როგორც გერმანელი, ისე უნგრელი მეტოქე. სხვათა შორის, უნგრეთის ღირსებას იმ ტურნირში საუკეთესო უნგრელი ფალავანი დიორდ გურიჩი იცავდა. 9 წლის შემდეგ იოკოჰამაში გურიჩი მსოფლიო ჩემპიონი გახდება, ბუდაპეშტის ორთაბრძოლიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი მას კვლავ მოუწევს შეხვედრა ციმაკურიძესთან, ამჯერად უკვე ჰელსინკიში.

ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშები (1952)

1. დავით ციმაკურიძე (სსრკ)
2. გულამ რეზა ტახტი (ირანი)
3. დიერდ გურიჩი (უნგრეთი)

I წრე ქულებით (1:2) წააგო ბენტ ლინდბლადთან (შვედეთი); II წრე წმინდად (5,58) დაამარცხა დანიელ ჰოჯი (აშშ); III წრე წმინდად (4,55) მოუგო მოჰამედ აბდუ ჰუსეინს (ეგვიპტე); IV წრე ისვენებდა; V წრე ქულებით (3:0) სძლია დიერდ გურიჩს (უნგრეთი); ფინალში ქულებით (2:1) გაიმარჯვა გულამ რეზა ტახტისთან (ირანი) შეხვედრაში.

დავით ციმაკურიძე თავისუფალ ჭიდაობაშიც გამოდიოდა და როცა საერთაშორისო არენაზე გასვლის დრო დადგა, საბჭოთა გუნდში მიუჩინეს ადგილი. ისე მოხდა, რომ ამ გუნდისთვის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშები ერთ­ერთი პირველი ოფიციალური შეჯიბრება გამოდგა. მწვრთნელებს დაევალათ საჰელსინკოდ ის სპორტსმენები შეერჩიათ, რომლებიც უმაღლესი ადგილისთვის იბრძოლებდნენ. ჯერაც გამოუცდელი დავით ციმაკურიძისთვის ერთბაშად ოლიმპიური სიმაღლის დაძლევა ძნელი წარმოსადგენი იყო. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ოლიმპიურ ხალიჩაზე პირველივე შეხვედრა წააგო შვედ ბენტ ლინდბლადთან. საჩემპიონო პერსპექტივის დასაბრუნებლად აუცილებელი გახდა მომდევნო ორი მეტოქის წმინდად დამარცხება. ციმაკურიძემ ეს ამოცანა წარმატებით გადაწყვიტა: ჯერ ამერიკელი დან ჰოჯი დასცა, მერე - ეგვიპტელი მოჰამედ აბდუ ჰუსეინი. მეოთხე წრეში ციმაკურიძემ უნგრელ დიერდ გურიჩსაც აჯობა. ჩემპიონის ვინაობა ბოლო, მეხუთე ბრძოლას უნდა გაერკვია ციმაკურიძესა და ირანელ ტახტს შორის. გულა მრეზა ტახტი ირანის შაჰის რჩეული ფალავანი იყო - უშიშარი, ძლიერი, აგრესიული. თავის თავში დაჯერებულმა, თავმომწონე ირანელმა ბრძოლა ისე დაიწყო, თითქოს ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდა. ჭიდაობა მართლაც კარგი იცოდა და რახან ღონიერიც იყო, მეტოქის დათრგუნვა სწორედ ღონით გადაწყვიტა - ორჯერ სწრაფად შეუვარდა ფეხებში და ორჯერვე ჩოქბჯენში გადაიყვანა. ზეზეურად მისი წაქცევა შეუძლებელი იყო – დავითი ამას დროზე მიხვდა და სხვა, უფრო ეფექტური ილეთის ჩატარება სცადა: „ტახტის ჩემი ნაცადი ილეთი _ „ტრიალი“ გავუკეთე. სხვებთან კარგად გამომდიოდა, მაგრამ ტახტი რამდენჯერმე ხიდურით გამისხლტა. მაღალი და მაგარი ხიდი ჰქონდა, ჩვენი მუხრანის ხიდივით. ფოლადის კაცი იყო. მეც როგორღაც თავს ვაღწევდი მის ფანდებს. ასე ვჭიდაობდით.“ჩვენმა ფალავანმა გადამწყვეტი ბრძოლა ქულებით მოიგო. ეს იყო გამარჯვება, რომელმაც საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა.

წყარო

იხილე აგრეთვე

დავით ციმაკურიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები