ცისარტყელა კალმახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცისარტყელა კალმახი - (Oncorhynchus mykiss) ცისარტყელა კალმახი მტკნარი და ცივი წყლის მოყვარული თევზია. ორი წლის ასაკამდე ძალიან გავს მდინარის კალმახს, თუმცა მისგან განსხვავებით, წითელი წინწკლები არ აქვს. ცისარტყელა კალმახი, ძირითადად, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის წყნარი ოკეანის სანაპიროებზე გვხვდება. ამიტომ, ფერმერები მას იცნობენ როგორც ამერიკულ კალმახს.

ზრდასრული თევზის ტიპიური ზომა ბუნებაში -2-3 კგ; მაქსიმალური სიგრძე და წონა - 120 სმ TL, 24 კგ; მაქსიმალური ასაკი -11 წელი; წყლის ტემპერატურა გამოზრდისათვის - 2-160C.

ცისარტყელა კალმახი საქართველოში 1936-1940 წლებში რუსეთის ტერიტორიიდან - კურსკის ოლქიდან შემოიყვანეს მოსაშენებლად. პირველად ეს სახეობა შავწყალას საკალმახე მეურნეობაში მოაშენეს, საიდანაც გადაიყვანეს თბილისის, ტყიბულის, კუმისის, შაორის წყალსაცავებში და რუისის საკალმახე მეურნეობებში.

ცისარტყელა კალმახის სახეობას თავადაც გააჩნია ქვესახეობები და ფორმები.

ცისარტყელა კალმახი ზღვებისა და მდინარეების ცივწყლიან უბნებში ბინადრობს. მის ფერსა და სხეულის ფორმას მონათესავე სახეობების მსგავსად, ბინადრობის ადგილი, გარემო პირობები და საკვები განსაზღვრავს.

არსებობს ცისარტყელა კალმახის ლოკალური სახეობები, რომლებიც სხვადასხვა მდინარეთა სისტემაში ვითარდებოდნენ. ფართოდ გავრცელებული კომერციული ჯიშები სწორედ ასეთი ველური პოპულაციებისაგან იქნა გამოყვანილი, ახალი ჯიშების მისაღებად არჩევდნენ სახეობებს, რომელთაც ახასიათებდათ ამტანობა, სწრაფი ზრდა, დაავადებების მიმართ მედეგობა, სამრეწველო მეურნეობების პირობებში ადაპტირებისა და ნორმალური განვითარების უნარი.

ცისარტყელა კალმახის ბუნებრივ ფორმებში არსებობს ტოფობის (ბუნებრივ პირობებში ქვირითის დაყრის) ორი პერიოდი. ზოგიერთ სახეობას ტოფობის პერიოდი შემოდგომაზე აქვს, ზოგიერთს კი - გაზაფხულზე. მათგან იქნა გამოყვანილი ორი განსხვავებული კომერციული ჯიში, რომლებიც ერთმანეთისაგან მხოლოდ სხვადასხვა პერიოდში ტოფობის უნარით განსხვავდებიან. ეს ფაქტორი კომერციულად მომგებიანია, რადგან ცისარტყელა კალმახის მეურნეობებში წარმოების (მთელი წლის განმავლობაში) მეტი სიმძლავრეების მიღწევის საშუალებას იძლევა.

კომერციული ჯიშების გარდა, ცნობილია ცისარტყელა კალმახის რამდენიმე შეფერილი, დეკორატიული ფორმა: ალბინოსი, ყვითელი, წინწკლებიანი თეთრი და ცისფერი. ისინი, ძირითადად, ხელოვნურად გაშენებულ პოპულაციებში გვხვდებიან და გარემო პირობების მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან. ცისარტყელა კალმახის დეკორატიულ სახეობებს ბუნებრივ პირობებში გადარჩენის ნაკლები შანსი აქვთ.

ზრდასრულ კალმახს გვერდითი ხაზების გასწვრივ განიერი ცისარტყელასებრი - მოიისფროდან მკვეთრ ფორთოხლისფერამდე (ხშირად კი ჟოლოსფერ-წითელი) ზოლები აქვს, რომელიც განსაკუთრებით მამრებს გამოეყოფათ ტოფობის პერიოდში. სხეული შეფერილი აქვს მუქი ფრაგმენტული ლაქებით.

კალმახის სხეული კარგად არის ფორმირებული სწრაფი დინებების დასაძლევად (ე.წ. ტორპედოსმაგვარია). ფერი ეცვლება გრუნტის, წყლის გამჭვირვალობისა და გარემოს სხვა ფაქტორების მიხედვით. მუცელი, როგორც წესი, მოვერცხლისფრო თეთრია, ხოლო ზურგი - მომწვანო. ცისარტყელა კალმახი იტანს 0-25%C ტემპერატურას. ოპტიმალური ტემპერატურაა:

• ქვირითის განვითარებისათვის -6-120C; • ლიფსიტებისა და ლავრებისთვის - 14-160C; • ზრდასრული კალმახისთვის - 14-180C

20-220C-ზე მაღალი ტემპერატურის დროს კალმახი წყვეტს კვებას, ასევე, იკლებს კალმახის კვებითი რაციონი დაბალი ტემპერატურის ოპტიმალურ ზღვარს ქვემოთ დაწევისას.

კალმახის გამოზამთრება მტკნარ ბუნებრივ წყალსაცავებში ნორმალურად მიმდინარეობს, ის ტემპერატურის ნულ გრადუსთან მიახლოებას უძლებს. ხოლო მარილიან წყლებში ის ნულს ქვემოთ ტემპერატურების პირობებშიც ცოცხლობს.

კალმახი ბუნებრივ პირობებში, განსაკუთრებით აქტიურია მოღრუბლულ წვიმიან ამინდებში. მას არ უყვარს მზის მკაფიო განათება. ძირითადად, ცდილობს ჩრდილში, ქვების ქვეშ დაიმალოს ან წყალსაცავის სიღრმეში იმოძრაოს. ამის მიუხედავად, კალმახი სხვა თევზებთან შედარებით, უფრო ხშირად მიისწრაფვის წყლის ზედაპირისაკენ, რადგან ის საცურაო ბუშტის შესავსებად ჰაერს ატმოსფეროდან იღებს. ამიტომ, დახურულ სივრცეში, ასევე, ზამთარში, მოყინული ზედაპირის მქონე წყლებში მას ცხოვრება არ შეუძლია. ზრდასრულ კალმახს ოკენაის 32%-იანი მარილიანობის ატანა შეუძლია.

ზრდასრული კალმახი სქესობრივ სიმწიფეს 3-4 წლის ასაკში აღწევს. სხვადასხვა პოპულაციებში ამ პროცესის განსხვავებულ ასაკში მიმდინარეობა დამოკიდებულია წყალსაცავების მდებარეობაზე, გარემოს კლიმატურ პირობებსა და წყლის თერმულ რეჟიმზე. მამრები ერთი წლით ადრე აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს. ტოფობა მიმდინარეობს მარტიდან მაისამდე, მდინარეებისა და ნაკადულების მცირეწყლიან და სწრაფი დინების მაღლობ ნაწილებში. თუმცა, მაღალი ტემპერატურის პირობებში ტოფობა შეიძლება მიმდინარეობდეს შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიც. არსებობს ცისარტყელა კალმახის სახეობები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ ტოფობა.

მდედრი კალმახი 500-დან 2500-მდე დიდი ზომის ქვირითს (დიამეტრი - 4-6,5მმ; მასა 40-125 მგ) დებს. ქვირითის განვითარების პროცესი 1,5-2 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. მისი ფერი ხელოვნური გამრავლების დროს მოყვითალო-მოფორთოხლისფროა, ხოლო ბუნებრივი გამრავლების პირობებში მკაფიო ფორთოხლისფერ-წითელი შეფერილობისაა.

ზრდასრული კალმახი მტაცებელი თევზია. ცისრტყელა კალმახის კვების რაციონი დამოკიდებულია მის ასაკზე, სხეულის მასაზე, საკვები ორგანიზმების ზომასა და ბინადრობის არეალზე. ცისარტყელა კალმახი აგრესიული და ხარბია საკვების მოპოვებისას. ის იკვებება ყველა ცოცხალი ორგანიზმით, რაც წყალსაცავში მოძრაობს და მის ზომას არ აღემატება. ძირითადი საკვებია ჭიაყელები, წურბელები, წყალში მობინადრე სხვადასხვა ცხოველები, მათი კვერცხები და ლიფსიტები, მცირე და დიდი ზომის კიბოსნაირები, მოლუსკები, სხვადასხვა ზომის თევზები ახალგაზრდა წყალხმელეთა ცხოველები და ძუძუმწოვართა ნაშიერები.

ცისარტყელა კალმახის გავრცელების არეალი და მისი მრეწველობის განვითარების ისტორია

ცისარტყელა კალმახის სამრეწველო დანიშნულებით მოშენებისა და გავრცელების ისტორია 1875 წლიდან იწყება, როდესაც ამ სახეობის კალმახის ხიზილალის პირველი გასაყიდი პარტია კალიფორნიიდან ნიუ-იორკში შეიტანეს, შემდეგ უკვე 1877 წელს მორიგი პარტია შევიდა იაპონიაში, 1882 წელს - გერმანიაში, 1883 წელს ახალ ზელანდიაში, 1884 წელს -ინგლისში, ხოლო 1895 წელს -რუსეთში. 1911 წლიდან ცისატყელა კალმახის რეწვამ აქტიურად იწყო განვითარება და მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან ის ევროპის, აზიის, ავსტრალიისა და აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში თევზის მრეწველობაში დომინანტი სახეობა გახდა. ამას ხელს უწყობდა ცისარტყელა კალმახის მიმზიდველი სამრეწველო თვისებები: თევზის დანაყრების სიმარტივე, ზრდის მაღალი ტემპი, განსაკუთრებული გემოვანი და სასარგებლო მაჩვენებლები და სხვა.

ცისარტყელა კალმახის საქართველოში მოშენება საბჭოთა კავშირის პერიოდს უკავშირდება. ის 1936-1940 წლებში რუსეთის ტერიტორიიდან - კურსკის ოლქიდან საქართველოში შემოიყვანეს მოსაშენებლად.

ბუნებრივად არსებული პოპულაციების არეალის ანალიზის საფუძველზე ასკვიან, რომ ამ სახეობის გავრცელება და წარმოება წარმატებით არის შესაძლებელი ისეთ წყლებში, სადაც წყლის ტემპერატურა, ზოგადად 250C-ს, ხოლო ქვირითობის პერიოდში 150C-ს არ აღემატება.

დღეისათვის, ცისარტყელა კალმახი გავრცელებულია ხუთივე კონტინეტის 115-ზე მეტ ქვეყანაში. ეს სახეობა თავისუფლად კულტივირდება სხვადასხვა საარსებო არეალში - ზღვის დონიდან 4500 მეტრ სიმაღლის პირობებშიც. დღეისათვის, ცისარტყელა კალმახის მთავარი მწარმოებლები არიან: ევროკავშირი ჩილე, ნორვეგია, თურქეთი და ირანი. საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) მონაცემების მიხედვით, კალმახის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნებია: ნორვეგია, შვედეთი, დანია, იტალია და ესპანეთი, მთავარი იმპორტიორები კი - რუსეთის ფედერაცია, ბელორუსი, ფინეთი და პოლონეთი.

სამრეწველო დანიშნულების გარდა, ცისარტყელა კალმახი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სამოყვარულო თევზჭერის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში... კალმახის ჭერა ტურისტული ინდუსტრიის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები, კალმახის ფუნქციური დანიშნულების მიხედვით, ახალი ჯიშების გამოყვანაზე აქტიურად მუშაობდნენ. ზოგიერთი ფერმერის მიზანი იყო მაღალი რეპროდუქციული თვისებების მქონე, ზოგიერთის კი სწრაფი ზრდით გამორჩეული სახეობის გამოყვანა.

მიზანმიმართული სელექციის შედეგად, დღეისათვის, ცისარტყელა კალმახის არაერთი ფორმაა გავრცელებული.


იხილე აგრეთვე

ცისარტყელა კალმახის დაავადებები


წყარო

ცისარტყელა კალმახი - წარმოების ტექნოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები