ციხისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ციხისთავი - სამხედრო-ადმინისტრაციული ფუნქციების ადგილობრივი (საქვეყნოდ გამრიგე) მოხელე, თავდაცვითი ნაგებობების - ციხესიმაგრეებისა და მათ გარშემო არსებული საფორტიფიკაციო ქსელის გამგებელი, ციხის გარნიზონის მეთაური, ციხესიმაგრესთან დაკავშირებული სამხედრო, სამეურნეო და ფინანსური საქმიანობის (საბაჟო საქმე) ხელმძღვანელი.

ციხისთავის თანამდებობის გაჩენა საქართველოში ივარაუდება ანტიკური ქალაქების მშენებლობასთან ერთად, რასაც თან ახლდა რთული საფორტიფიკაციო ნაგებობების სიტემის მოწყობა. გარდა ქალაქებისა, ციხესიმაგრეებს აგებდნენ სასაზღვრო ადგილებში, მნიშვნელოვან გზებსა და გზაჯვარედინებზე, უღელტეხილებზე.

ქართულ საისტორიო წყაროებში ციხისთავის ინსტიტუტის შესახებ ყველაზე ადრეული წერილობითი მოწმობა VI-VII საუკუნეებიდან შემოგვრჩა. „ევსტათი მცხეთელის მარტვილობიდან“ ცნობილია მცხეთის ციხისთავი, ჯუანშერის თხზულებიდან - თბილისის ციხისთავი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია ჰერაკლე კეისარს. ადრეფეოდალურ საქართველოში ციხესიმაგრეები იქცნენ მომრავლებულ მთავართა (ერისთავთა) რეზიდენციებად, რომლებიც წარმოადგენდნენ საფეოდალო „ქვეყნის“ პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მართვის ცენტრებს. საქართველოს გაერთიანების კვალდაკვალ სამეფო დომენის მიწებზე და საერისთავო ადმინისტრაციულ ოლქებში მრავლდება სამეფო ციხესიმაგრეთა რიცხვი, რომელთა როლმა ქვეყნის თავდაცვის საქმეში უზომოდ გააფართოვა ციხისთავის ინსტიტუტის მნიშვნელობა. XI-XIII სს-ის წყაროების მიხედვით, ციხისთავები ერისთავთა უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ საერისთავო მიწებზე, ხოლო საკუთრივ სამეფო დომენში მსახურთუხუცესის განკარგულების ქვეშ იყვნენ (ასეთთა შორის უნდა ვიგულისხმოთ ამ საუკუნეების სამეფო სიგელებში ნახსენები ზედაზნის ციხისთავი, გოგნის ციხისთავი, მუხნარის ციხისთავი). თავად ციხისთავს ემორჩილებოდნენ „ციხოანნი“, რომელთა საბრძოლო მზადყოფნაზე, აღჭურვასა და საკვებით მომარაგებაზე ზრუნვა ციხისთავს ევალებოდა. ქართული კანონმდებლობა იცნობდა „საციხო სამართალს“ (გრიგოლ სურამელის ანდერძი შიომღვიმისადმი), რომელიც გულისხმობდა გადასახდელს ან ჯარიმას ციხისთავის, მეციხოვნეთა და ციხის ქონების დაზიანების შემთხვევებში. გიორგი ბრწყინვალის „ძეგლისდება“ განსაზღვრავს ციხისთავის მკვლელობისათვის დაწესებულ სასჯელს: საურავად 3500 თეთრი და მამულისაგან სამი წლით გაძევება. გიორგი II-ისა და გიორგი III-ის სიგელებში დასახელებულია საციხისთავო გადასახადი („საციხისთვო შესავალი“) - ჩამონათვალში იგი საერისთვო და სახევისუფლო გადასახადთა შუაა მოქცეული, შესაბამისად, სამოხელეო იერარქიისა. XV ს-დან, საქართველოს დაქვეითების ჟამს, მეფე ციხისთავებს საგადასახადო იმუნიტეტის ბოძებით უწევდა მატერიალურ დახმარებას, რათა შესძლებოდათ ციხეში მუდმივად „დგომა“ (მაგ., კონსტანტინე II-ის (1478-1505) სიგელი გორის ციხისთავი ფეროზ ვალადემურიშვილს ათავისუფლებს ციხისთავს ყოველგვარი გადასახდისაგან, რათა მუდმივად მდგარიყო ციხეში „მისითა საგძლითა“). საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდეგ ქართლსა და კახეთში XV-XVI სს-ში სამხედრო ორგანიზაცია სასარდლო სისტემაში მოექცა, ხოლო იმერეთის სამეფოში ეს სისტემა მხოლოდ XVII ს-ის შუა ხანებში ჩამოყალიბდა. ამიტომ იმერეთის სამეფოში ციხისთავობა უწარჩინებულესი სამხედრო თანამდებობა იყო. იმერეთის სამეფო სიგელების მოხელეთა ჩამონათვალში ციხისთავი მეორე-მესამე პოზიციებზე იხსენიება. კაკაბაძის შეფასებით, აქ იგი წინანდელი ხანის ამირსპასალარის ტოლი თანამდებობა იყო. მას ფლობდნენ იმერეთის გავლენიანი თავადური სახლები (ღოღაბერიძე, ჭილაძე, ომადმანიძე, აგიაშვილი).


ციხისთავები. XV-XVII სს.

  • ჟორჟოლასძე დავით - ჟინვანის ციხისთავი 1476 წ. (ქისკ 2014: 308).
  • ღოღაბერიძე - ციხისთავი 1488 წ. (იმერეთის სამეფო) (პალ 2007: 412).
  • ჭილაძე ლიპარ - ციხისთავი 1513 წ. (იმერეთის სამეფო) (პალ 2015: 344).
  • ღოღაბერიძე - ციხისთავი 1545 წ. (იმერეთის სამეფო) (პალ 2007: 412).
  • დემეტრე - გორის ციხისთავი 1590 წ. (ქისკ 2016: 408)
  • ომადმანიძე ამაბეგ - ციხისთავი XVII ს-ის პირველი ნახ. (იმერეთის სამეფო) (პალ 2004: 327).
  • ომადმანიძე იოვანე - ციხისთავი 1658-1660 წწ. (იმერეთის სამეფო) (პალ: 2004: 327).
  • აგიაშვილი თეიმურაზ - ცუცხვათის ციხისთავი 1673 წ. (ქიემ, №973).
  • აგიაშვილი ვახტანგ თეიმურაზის ძე - ცუცხვათის ციხისთავი 1663-1697 წწ. (ქიემ, №973)
  • ჭილაგიძე თუქლამ - ციხისთავი XVII ს. (იმერეთის სამეფო) (პალ 2015: 342).


წყაროები და ლიტერატურა

  • ლეონტი მროველი 1955: 24;
  • ჯუანშერი 1955: 224;
  • აბულაძე 1963: 31-32;
  • ქისკ 1984: 47, 68;
  • ქისკ 2014: 239-240;
  • დოლიძე 1963: 407
  • კაკაბაძე 1925: 87-89.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები