ცული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცული

ცული - უძველესი სამეურნეო იარაღი. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ქვის ხანის ადამიანს კაჟის ქვის ცული უხმარია. შემდეგ სპილენძისა და ბრინჯაოს ცულები თიხის ყალიბებში ჩამოუსხამს, ხოლო როცა რკინის ეპოქა დამდგარა, ცულების მოყვანილობა და დანიშნულება გამრავალფეროვნებულა.

ბრინჯაოს ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები ცულს იყენებდნენ როგორც საბრძოლო, ასევე სამეურნეო იარაღად. ბრინჯაოს ხანაშივე ადამიანებს მიაჩნდათ, რომ ლითონის ამ მრისხანე იარაღს დიდი ჯადოსნური ძალა ჰქონდა. სხვანაირად ვერ აიხსნება, თუ რატომ ამზადებდნენ ყელზე ჩამოსაკიდებელ პატარა ბრინჯაოს ცულებს, რომელთა სიდიდე 2 სმ-ს არ აღემატება. ჩვენი წინაპრების აზრით ისინი პატრონს ავი თვალისაგან იფარავდა. ეს რწმენა ჩვენში გვიანდელამდე შემორჩა. XIX ს-ის 70-იან წლებში ქართველი მჭედლები მოსახლეობის დაკვეთით სამჭედლოში სხვების შეუმჩნევლად შედიოდნენ, ქურას უმძრახად გააღვივებდნენ და რკინის ავგაროზებს (პატარა ცულებს, ნალებს, წალდებს) ამზადებდნენ, რომელთაც ან აკვანზე, ან სახლის კარიბჭეზე ჰკიდებდნენ, ან ბავშვს ყელზე შეაბამდნენ.

ძველად ოჯახის წევრი შინ გვიან თუ დაბრუნდებოდა, კართან დადებულ წალდზე ან ცულზე უნდა გადაებიჯებინა, რომ სახლში ავი ძალა არ შეჰყოლოდა. აკვანში მწოლიარე ბალღებს თავქვეშ ან აკვნის ქვეშ წალდუნას უდებდნენ ბოროტისაგან დასაცავად.

ეთნოგრაფიულ ყოფაში რკინის ნივთთან დაკავშირებული მაგიური წეს-ჩვეულებები ჩვენში ლითონის დამუშავების, ე.ი. მეტალურგიის სიძველეზე მეტყველებს. ქუთაისის მუზეუმში ინახება ცული, რომელიც 3300 წლის (33 საუკუნის) წინათ უხმარიათ ჩვენს წინაპრებს, როგორც ამულეტი.

ლიტერატურა

გ. ჯალაბაძე, დასურათებული ლექსიკიონი, 2008.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები