სისხლდენა ცხვირიდან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ცხვირიდან სისხლდენა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სისხლდენა ცხვირიდან — ცხვირიდან სისხლდენა – EPISTAXIS, სამ ძირითად შემთხვევაში გვხვდება:

  1. როგორც უკვე არსებული დაავადების გართულება;
  2. სისხლდენის უცნობი ეტიოლოგია, როდესაც უნდა მოიძებნოს მიზეზი და ამისთვის გარკვეული კვლევები არის ჩასატარებელი;
  3. დამოუკიდებელი დაავადება, ყოველგვარი პათოლოგიის გარეშე;

სარჩევი

EPISTAXIS – როგორც სიმპტომი და არსებული დაავადების გართულება

ახალწარმონაქმნები

ცხვირის ღრუს და სინუსების ნებისმიერი კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი სიმსივნე, შესაძლოა გახდეს სისხლდენის მიზეზი. სისხლდენის გასაჩერებლად ჩადებული ტამპონი ხელს გვიშლის ადეკვატურად შევაფასოთ სისხლდენის მიზეზი. ამიტომ CT კვლევის ჩატარება ტამპონით არ არის მიზანშეწონილი. ტამპონისგან გამოწვეული დაჩრდილვა შესაძლოა აგვერიოს ტუმორში.

უმჯობესია ენდოსკოპიური დათვალიერება და ცხვირის ღრუების კლინიკური შეფასება განხორციელდეს დეტამპონადიდან 4-5 დღეში.

ინფექცია

ინფექციური ეტიოლოგიის მწვავე სურდოს გამო, სისხლდენები, ძირითადად, პატარა ასაკის ბავშვებს აღენიშნებათ და ხშირად ანტიბიოტიკოთერაპიის მერე ჩერდება. ასევე, უპრიანია ცხვირის ლორწოვანი გარსის დარბილება Nisita Spray-თ და მალამოთი.

ჰემატოლოგიური მიზეზი

ჰემატოლოგიური დაავადებების გამო განვითარებული სისხლდენები უნდა შეჩერდეს არა კლასიკური ტამპონირებით, რადგან ტამპონადა აზიანებს ლორწოვანს და განმეორებითი ჰემორაგია შესაძლოა გამოიწვიოს, არამედ SURGICELL ან GELFOAM-ით, რომელიც ჰემოსტატური თვისებებით გამოირჩევა და თანაც, არ აზიანებს ლორწოვან გარსს.

როდესაც სისხლდენა ძალიან ძლიერია, მაშინ რეკომენდაციას ვიძლევით ტამპონირება Merocell-ით ან ბალონით მოვახდინოთ, რაც ნაკლებად ტრავმულია და თან კარგ ზეწოლას ახორციელებს.

ასეთი დაავადებები არის Rendu-Osler და გენეტიკური ჰემორაგიული ანგიომატოზები.

ამ უკანასკნელის დიაგნოსტიკისთვის, სახეზე მცირე ზომის კაპილარული ანგიომატოზები უნდა ვეძებოთ. მისი განვითარების პროგნოზი დამოკიდებულია გავრცელებაზე და აგრესიულობაზე. სისხლდენის მკურნალობა, როგორც წესი, სიმპტომურია და შესაძლოა ლორწოვანი გარსის ემბოლიზაცია კაუტერიზაციაზე ვიფიქროთ.

ტრავმა

სახის ტრავმული დაზიანების დროს, ცხვირიდან სისხლდენა ჩვეული ამბავია და როგორც წესი, მალე ჩერდება. თუმცა, ყოველთვის ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ გამონადენის ფერს, რადგან ის შეიძლება თავ-ზურგ-ტვინის (ცერებროსპინალური) სითხე იყოს, რაც გამჭვირვალე ფერით გამოირჩევა.

ყველაზე მძიმე და კატაკლიზმური არის სისხლდენები საძილე არტერიიდან. მათ ახასიათებთ წინა პერიოდი, როდესაც სისხლდენა არც ისე ძლიერია და შეჩერებულია ტამპონადით. ასევე, აქვს პერიოდულობა – რამდენიმე დღე. შემდეგ სურათი უეცრად იცვლება და პაციენტს აქვს სისხლის დიდი დანაკარგი. როდესაც ანამნეზში არის ქალას ტრავმა, აუცილებელია სასწრაფო არტერიოგრაფია და, თუ შესაძლებელია, ინვაზიური რადიოლოგიური ჩარევა – ემბოლიზაცია. ამ მეთოდმა, ბოლო წლებში, სრულად შეცვალა სხვა ქირურგიული ჩარევები, როგორიცაა, საძილე არტერიის გადაკვანძვა.

ტრავმული დაზიანების შედეგად, შესაძლოა საძილე არტერიის ანევრიზმის ჩამოყალიბება. ეს კიდევ ერთი ჩვენება გახლავთ არტერიოგრაფიული კვლევისთვის.

ჰიპერტენზია

არტერიული ჰიპერტენზიის აღმოჩენა სისხლდენიან პაციენტში არ განაპირობებს ჰიპერტენზიის ეტიოლოგიის არსებობას. როგორც წესი, მაღალი წნევის მქონე ახალგაზრდებში, ცხვირიდან სისხლდენა არც ისე ხშირია, ასაკოვან ხალხში კი, სისხლძარღვების დაზიანების და სიმყიფის გამო – ძალიან ხშირი.

EPISTAXIS – როგორც დაავადება

ცხვირიდან სისხლდენისას, ამა თუ იმ დაავადების არსებობა შეგვიძლია ვივარაუდოთ მხოლოდ დეტალური, ლოკალური და ზოგადი კვლევების შემდეგ, როდესაც ყველა ეჭვი რაიმე სხვა დაავადებაზე გაფანტულია.

ამ შემთხვევაში, ამ დაავადების ორ ჯგუფად გაყოფა შეიძლება:

  1. პირველ ჯგუფში ასაკოვანი, ანგიოპათოლოგიით დასნებოვნებული პაციენტები ხვდებიან. მათ ხშირად ცხვირიდან უკანა სისხლდენები აქვთ, რაც ძნელი გასაჩერებელია;
  2. მეორე ჯგუფს მცირეწლოვანი ბავშვები წარმოადგენენ, რომლებსაც სისხლდენები ძგიდის წინა ნაწილიდან ეწყებათ (კისელბახის წნული). ამგვარი სისხლდენა გასაჩერებლად მარტივია. ორივე შემთხვევაში ამ სისხლდენის მაპროვოცირებელი ფაქტორი არის ლორწოვანის გაღიზიანება.

სისხლდენის შეჩერება

Tamponada.PNG

კისელბახის წნულიდან სისხლდენები, როგორც წესი, ცხვირის წინა ნაწილის კომპრესიით ჩერდება, რომელიც 8-10 წუთს უნდა გაგრძელდეს. ამ დროს, თავი წინ უნდა იყოს გადაწეული, რათა სისხლი საყლაპავში არ წავიდეს და პაციენტმა არ ყლაპოს.

თუ ვატყობთ, რომ ეს ქმედებები არ არის საკმარისი, მაშინ შეიძლება გადავიდეთ Merocell-ით ან წყალბადის ზეჟანგით გაჟღენთილ ტამპონზე.

კლინიკის პირობებში, შესაძლებელია ელექტროკოაგულაცია. თუმცა, ჩვენ ამ მეთოდს სულ უფრო ნაკლებად მივმართავთ მისი ინვაზიურობის გამო.

როდესაც სისხლდენა უფრო სერიოზულია, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება: სისხლის დანაკარგის მოცულობა (თუ საჭიროა, უნდა მოხდეს მისი შევსება გადასხმით), პულსი და ზოგადი მდგომარეობა. შემდეგ, უნდა დავადგინოთ სისხლდენის მიზეზი და მისი შეჩერებისათვის საჭირო მოქმედებები შევასრულოთ.

თუ პაციენტი გვაძლევს ამის საშუალებას, მოვახდინოთ ცხვირიდან სისხლის კოლტების ევაკუაცია (მოხოცვით ან ასპირაციით), ვეცადოთ დავინახოთ სისხლდენის ადგილი და მოვახდინოთ მისი კომპრესია ამა თუ იმ სახის ტამპონით. საუკეთესო ამ შემთხვევაში არის Merocell-ის ტამპონი, რომელიც სითხესთან კონტაქტის შემდეგ, იბერება და ახდენს კომპრესიას.

ორი ტიპის ტამპონადა, Merocell-ით და პნევმატური ტამპონით

მისი ამოღება 3-4 დღეში არის რეკომენდებული. ასევე, საჭიროა მის ფერს დააკვირდეთ – თუ ის იწმინდება და თეთრია, ეს ნიშნავს, რომ ხელახალი სისხლდენის საშიშროება აღარ არის და ტამპონი თავისუფლად შეგვიძლია ამოვიღოთ თუნდაც, მე-2 დღეს.

როდესაც ამ ტიპის ტამპონები არ მუშაობს და სისხლდენა მაინც გრძელდება, რეზერვში გვაქვს გასაბერი ტამპონები, რომელიც უკან ქოანალურ ხვრელს ავსებს და წინ კი – ცხვირის ღრუს.

როდესაც ყველა ეს მანიპულაცია უშედეგოა, მაშინ შესაძლოა დადგეს მკვებავი არტერიის გადაკვანძვის ან ემბოლიზაციის საკითხი.

ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგი გამოსავალია a. Sphenopalatina-ს ენდონაზალური კოაგულაცია ან კლიპირება. როდესაც ეს გაძნელებულია, მაშინ უნდა მოხდეს a. Sphenopalatina-ს კლიპირება ტრანსმაქსილარულად.

თუ ამის შემდეგ სისხლდენა ვერ გაჩერდა, აუცილებელია ინვაზიური რადიოლოგიური ემბოლიზაცია ან, უკიდურეს შემთხვევაში, გარეთა საძილე არტერიის გადაკვანძვა. თუმცა, დღეს ეს მეთოდი აღარ გამოიყენება.

ამის გარდა, ნებისმიერი სისხლდენის შემდეგ, პაციენტს ესაჭიროება მოსვენებითი რეჟიმი და გვერდზე წოლა. ეს პოზიცია, სისხლის გამონადენის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის უკეთეს ევაკუაციას.

შესაძლებელია დიაზეპამის ჯგუფის პრეპარატების გამოყენება შფოთვების მოსახსნელად.

ასევე, აუცილებელია პაციენტის სიმპტომური მონიტორინგი, ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე.

როდესაც პაციენტი დატამპონებულია და მისი გაჩერება 48 საათზე მეტხანს იგეგმება, აუცილებელია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკოთერაპია ინფექციის პროპაგაციის თავიდან ასაცილებლად.

საჭიროა შედედების ფაქტორების კორექცია კოაგულოგრამის მიხედვით და Tranesta ინტრავენურად.


NOTA BENE
  • სისხლდენა შესაძლებელია გახდეს სიკვდილის მიზეზი;
  • ცხვირიდან ნებისმიერი სახის სისხლდენა მოითხოვს საფუძვლიან კვლევას მიზეზის დასადგენად;
  • ყველა პოსტტრავმული სისხლდენა, თუკი ის განმეორდა მისი შეჩერების შემდეგ, საძილე არტერიიდან სისხლდენაზე უნდა ბადებდეს ეჭვს. პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები