ცხოველთა ფსიქოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხოველთა ფსიქოლოგია საქართველოში / ზოოფსიქოლოგია საქართველოში - Animal psychology in Georgia // Zoopsychology in Georgia - Психология животных в Грузии // Зоопсихология в Грузии
(ბერძნ. zoon ცხოველი + psyche სული + logos სწავლება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში ზოოფსიქოლოგია. კვლევები ამ მიმართულებით უშუალოდ დ. უზნაძემ წამოიწყო. მათი მიზანი იმის ჩვენება იყო, თუ როგორ მოქმედებს განწყობა ცხოველებში. თუკი დავეყრდნობით შედარებითი ფსიქოლოგიის იმ გაგებას, რომელიც ამოდის ცხოველთა ფსიქიკის გამოვლინებათა ადამიანის ფსიქიკასთან შედარების ამოცანიდან, მაშინ საქართველოში ცხოველების ფსიქოლოგიური კვლევა უფრო შედარებითი ფსიქოლოგიის დარგს მიეკუთვნება (შედარებითი ფსიქოლოგია).

თავისი თეორიის აგების პირველივე ეტაპზე და შემდგომაც, უზნაძე საგანგებოდ აანალიზებდა ზოოფსიქოლოგიის ერთერთი მთავარ პრობლემას − ინსტინქტის პრობლებას. ქცევის ამ სახეობის იშვიათი მიზანშეწონილება და სიტუაციაზე მორგებულობა ყოველთვის აოცებდა მკვლევრებს. უზნაძის შეხედულების თანახმად, ინსტინქტის მიზანშეწონილებას იგივე მექანიზმი განაპირობებს, რომელიც სხვა ქცევათა მიზანშეწონილებას − კერძოდ განწყობა. განწყობის თეორია ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ახსნითი სისტემა მოიცავს ფსიქიკისა და აქტიურობის ყველა გამოვლინებას, მათ შორის ცხოველურს. აქედან გამომდინარე, მოთხოვნილებისა და სიტუაციის შესატყვისი აქტიურობის მიმართ არაცნობიერი მზაობა, ანუ განწყობა მხოლოდ ადამიანისთვის არაა სპეციფიკური. „პირიქით, რამდენადაც ცნობიერება, რომელსაც მოკლებულია ცხოველი, ეგოდენ დიდ როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, უნდა ვიფიქროთ, რომ შესაძლებელია, განწყობას როგორც ასეთს, განსაკუთრებით დიდი, უშუალო მნიშვნელობა სწორედ ცხოველებთან ჰქონდეს”. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც უზნაძე არ კმაყოფილდება თეორიული ანალიზით და ექსპერიმენტულ დასაბუთებას ცდილობს.

ცხოველებთან განწყობის შემუშავებისა და მოქმედების კანონზომიერებათა გამოსავლენად შეიქმნა სპეციალური მეთოდიკა, რომელშიც გარკვეული ცვლილებები შეჰქონდათ იმის მიხედვით, თუ რა პირობებში და რომელ ცხოველებთან ტარდებოდა ცდები. კერძოდ, განწყობის საკითხი შესწავლილი იქნა ფრინველებთან (ქათმებთან), თეთრ ვირთაგვებთან და მაიმუნებთან (კაპუცინებთან). შედეგებმა ცხადყო, რომ გარემოსთან ურთიერთობის პროცესში, ცხოველს უმუშავდება განწყობის სახელწოდებით აღნიშნული სპეციფიკური მდგომარეობა. ადამიანთან შედარებით ცხოველთა განწყობას რამდენიმე თავისებურება ახასითებს: ნაკლები დიფერენცირებულობა, მკვეთრად გამოხატული ვარიაბილურობა და სხვა. ეს შედეგები მიღებულია ნინო ადამაშვილის და ნათელა ჭრელაშვილის მიერ.

ნიკოლოზ ვოიტონისი ხანგრძლივად იკვლევდა ძაღლის, მელიის, დათვის ბელის, მაიმუნის, ფრინველთა და სხვა ცხოველთა განწყობის თავისებურებებს. ამ გამოკვლევათა თანახმად, ფსიქიკის ფილოგენეზისური განვითარების მთავარი კანონზომიერებაა მისი ერთდროულად მოქნილობისა და თან მდგრადობის მატება: დაბალ დონეზე ფიქსირებული განწყობის მდგრადობა მის გახევებულ რიგიდულობაში ვლინდება; მაღალ დონეზე კი მდგრადობა მოქნილობას არ გამორიცხავს − მდგრადია განწყობის ცენტრალური, მოტივაციურ-მოთხოვნილებითი ბირთვი (ანუ მოტივაციური დისპოზიციები), ხოლო ინსტრუმენტულ-საშემსრულებლო განშტოებები (უნარჩვევები) ძლიერ მოქნილია. პარალელურად მიმდინარეობს მათი დახვეწა დიფერენცირების მიმართულებით − უკეთ მორგება სხვადასხვა ცვალებად ვითარებაზე. ასე წარმოიქმნება განწყობათა რთული იერარქიული სისტემები, რომელთა უმაღლესი დონეა ადამიანის გონებრივ-ნებელობითი, შორეული მოტივაციური ქცევის ურთულესი განწყობა. ეს ცხოველებშიც ჩანს: რაც უფრო მაღალ¬განვითარებულია ცხოველი და რაც უფრო მეტადაა იგი გაწვრთნილი შესაბამისი მიმართულებით, მით უფრო დამახასიათებელი ხდება განწყობის მოქმედების გადავადება და მით უფრო ხანგრძლივი შეიძლება იყოს გადავადების დრო. ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა კი ისაა, რომ ყოველი ინსტინქტი − ესაა თანდაყოლილი ძალიან მყარი (დისპოზიციური) ფიქსირებული განწყობა, ანუ პრედისპოზიცია.

ამ კვლევებიდან ერთგვარად განზე დგას ცხოველთა შესწავლის ის მიმართულება, რომელიც დარეჯან რამიშვილის და მისი თანამშრომლების მიერ იყო განხორციელებული. ეს კვლევა-ძიება კოგნიციური და ემოციური პროცესების გენეზისის შესწავლის კონტექსტში ხორციელდებოდა და ცხოველთა ფსიქიკის შესახებ საყურადღებო მონაცემებითა და აზრებით დაგვირგვინდა.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები