ძარწემის წმინდა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძარწემის წმინდა გიორგი – ერთხელ ძარწემს (შიდა ქართლი) ლეკები დასცემიან, ეკლესია გაუტეხიათ, გადაუწვავთ და ვერცხლით შემოსილი წმიდა გიორგის ხატი გაუტაცნიათ. ხატის მომტაცებელ ლეკებში ჭირი გაჩენილა, ბუზებივით იხოცებოდნენ. გაწყდა ხალხი.

ლეკების მოლას სიზმარში წმიდა გიორგის ხატი დასიზმრებია და უთქვამს: რაც გადამირჩა, იმასაც გავანადგურებ, თუ ისევ იქ არ დამაბრუნეთ, საიდანაც მომიტაცეთო. უთქვამს მოლას: წაგიყვანთ, ოღონდ ხალხს ნუღა დაგვიხოცავო. მე თქვენი წაყვანა არ მინდაო, უთხრა ხატმა, ერთი მოზვერი გამოიყვანეთ, იმას რქებზე მიმაკარით და მიგვიშვით, ჩვენ თვითონ წავალთო.

შეჰყარა მოლამ ხალხი და უამბო სიზმარი. მოიყვანეს მოზვერი, მიაკრეს რქებზე ხატი და გაუშვეს.

მიდიან ხატი და მოზვერი. გზას ხატი უჩვენებს. მოვიდა მოზვერი ძარწემში, ძველ ადგილზე, სადაც ახლა ბრძანდება. მოვიდა და ერთი ასკილის ძირას გაჩერდა.

ახლა ძარწემელ მღვდელს გამოეცხადა ხატი და უთხრა: აქედან რომ ხატი მოიტაცეს ლეკებმა, ის ხატი ვარ, უკან დავბრუნდიო. წამოდით და სადაც მიპოვნით, იმ ადგილას ამიშენეთ ეკლესიაო. მღვდელმაც დაუძახა ხალხს და უთხრა სიზმარი. გაგზავნეს კაცები საძებნელად. მივიდნენ, ნახეს, ასკილის ძირას მოზვერია ჩაკეცილი და რქებზე ხატი აქვს მიკრული. მერე მთელი ხალხი დაიძრა და წავიდა ამ სასწაულის სანახავად. მივიდნენ, შეხსნეს ხატი და დაასვენეს ძირს. მოხსნეს თუ არა ხატი, მოზვერი იმწამსვე გასკდა თავისით და მოკვდა. იმ ადგილას ააშენეს ეკლესია და იქ დაასვენეს წმიდა გიორგის ხატი ცხოველი. იმ ასკილისგან ჯვარი გააკეთეს და ისიც ეკლესიაში დააბრძანეს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები