ძახველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძახველი

ძახველი – (Viburnum opulus L.); ოჯახი: ცხრატყავასებრნი (Caprifoliaceae). ძახველა, ძახველი მეგრულად – ძარწუფა.

1.5-3.5 მ სიმაღლის ბუჩქია ან პატარა ხე, ნორჩი ტოტები შიშველია. ფოთლები მთლიანია, მოკლეყუნწიანი, ფართო, კვერცხის ან ელიფსის ფორმის, ფოთლის ფირფიტა სამნაკვთიანია და კიდეებზე დაკბილული; ზედა მხარე მუქი მწვანეა. ქვედა – ოდნავ შებუსული. ყვავილედი კენწრულია, ფარისებური. განაპირა ყვავილები დიდია, ბორბლისებური და უნაყოფო. თეთრი ფერისაა. დანარჩენი ყვავილები პატარაა. ყვ. V-VII; ნაყ. VIII-IX. მცენარე იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, მდინარეთა ხეობებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.

ქერქი შეიცავს: ნახშირწყლებს და მონათესავე შენაერთებს — ცელულოზას, პექტინს, ფისებს (6,5 %¬მდე), ფლობაფენს, ფიტოსტერინს, მირიცილის სპირტს; ეთერზეთებს, რომლის შემადგენლობაშია ორგანული მჟავები: ვალერიანის, ჭიანჭველას, ძმრის, კაპრილის, კაპრონის, ლინოლინის; ტრიტერპენოიდები, ირიდოიდები, საპონინები, ალკალოიდები, ვიტამინი C, ფენოლკარბონული მჟავები და მათი წარმოებულები — ქლორაგენის, ნეოქლორაგენის, კოფეინის; ლიგნინი, მთრიმლავი ნივთიერებები — კატეხინი, კუმარინები: სკოპოლეტინი, ესკულეტინი, სკოპოლინი, ესკულინი; ფლავონოიდები, ანტრაქინონები, გლიკოზიდი-ვიბურნინი, ლეიკოანთოციანინები,უმაღლესი ცხიმოვანი მჟავები: მირისტინის, პალმიტინის, სტეარინის, ოლეინის, ლინოლინის, არაქინის, ლიგნოცერნის, ცეროტინის.

ნაყოფებში აღინიშნება ნახშირწყლები: სახაროზა, გლუკოზა, მანოზა, გალაქტოზა, ქსილოზა, რამნოზა, არაბინოზა; პოლისახარიდები, პექტინოვანი ნივთიერებები, ორგანული მჟავები: იზოვალერიანის და ძმრის (3%¬მდე), ტრიტერპენოიდები: ოლეინის მჟავა და მათი აცეტილური წარმოებულები, ურზოლის მჟავა; სტეროიდები, ვიტამინი C და კაროტინი, ფენოლკარბონული მჟავები და მათი წარმოებულები: ქლორაგენის, ნეოქლორაგენის; მთრიმლავი ნივთიერებები (3 %¬მდე), კატეხინები, ფლავონოიდები, სამბუცინი; უმაღლესი ცხიმოვანი ზეთები: მირისტინის, პალმიტინის, სტეარინის, ოლეინის, ლინოლის, ლინოლენის, არაქინის, ბეგენის, ლიგნოცერინის, ცერატინის. მდიდარია კალიუმის მარილებით.

თესლი შეიცავს ცხიმზეთებს (3”20 %¬მდე), უმაღლეს ცხიმოვან მჟავებს: მერიციტინის, პალმიტინის, სტეარინის, ოლეინის, ლინოლის, არაქინის; თესლები ხასიათდება მატონიზირებელი მოქმედებით, იყენებენ ყავის შემცვლელად.

ქერქი ნახარშის სახით გამოიყენება საშვილოსნოდან სისხლდენების, მტკივნეული მენსტრუაციის, მენორაგიის (ხანგრძლივი და ჭარბი მენსტრუაცია), მეტრორაგიის (მენსტრუაციებს შორის სისხლდენა), ალგოდისმენორეის (საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა), მიომეტრიის სამკურნალოდ; აგრეთვე, როგორც ჰემოსტატიკურ (სისხლდენის შემაჩერებელი) საშუალებას ბუასილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას. ნაყენის სახით იხმარება როგორც ჰიპოტენზიური და სედატური საშუალება ნევროზის, ისტერიის, ეპილეპსიის, ჰიპერტონული დაავადებებისას. გარეგანად — კატარალური გინგივოსტომატიტის, პარადონტოზის სამკურნალოდ.

ნედლი ნაყოფები და ნაყენი გამოიყენება როგორც საერთო გამაძლიერებელი, ოფლმდენი, საფაღარათო საშუალება; გულისა და თირკმლისმიერი წარმოშობის შეშუპებების, ჰიპერტონიული დაავადებების, ნევროზების, ანთაციდური გასტრიტის, კოლიტის, ღვიძლის დაავადების, დერმატიტების დროს. ექსტრაქტი იწვევს ჭრილობების შეხორცებას.

სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ძახველის ყველა ნაწილი.

ტოტების ნახარშს ხმარობენ რესპირატორული ინფექციების, ყელის ტკივილის, სკროფულოზის, ბუასილის, ავთვისებიანი სიმსივნეების, კუჭის წყლულის, ასციტის სამკურნალოდ; გარეგანად — კონიუნქტივის დროს.

ქერქის ნაყენი – არეგულირებს სისხლის მოძრაობას მუხლის წყლულის დროს.

ქერქის ნახარში – რესპირატორული დაავადებების, ქალური ავადმყოფობების დროს; როგორც სედატური, ჰემოსტატიკური, ნევროზებით გამოწვეული კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ისტერიის, ეპილეპსიის, შეშუპებების,მიოკარდიტის, ჰიპერტონიული დაავადებების დროს. გარეგანად – როგორც ანტისეპტიკური საშუალება.

მას „ბუნებრივ ექიმსაც“ უწოდებენ.

უკუმაჩვენებელია ფეხმძიმობა, ტრომბების წარმოქმნისადმი მიდრეკილი ადამიანების მიმართ.

ძახველი – ბიბლიური მცენარე

„გავხსნი ნაკადულებს ხმელგორებზე და წყაროებს ტრამალებში; უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ, ხრიოკ მიწას – წყაროსთვალად. დავრგავ უდაბნოში ნაძვს, ურთხელს, მურტსა და ზეთისხილს; აღვმართავ ტრამალზე ალვას, ნეკერჩხალთან და ბზასთან ერთად“. (ესაია 41,18-19)

წინასწარმეტყველ ესაიას ციტირებულ მუხლს განმარტავს ებრაელი მკვლევარი დავიდ დარომი და აღნიშნავს, რომ ებრაულ ტექსტში დასახელებული მცენარის იდენტიფიცირება დიდხანს ვერ მოხერხდა. იგი ზოგიერთ თარგმანში შეანაცვლა სიტყვა „ჭადარმა“, ზოგში, მაგალითად, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, ასევე ქართულ თარგმანში „ნეკერჩხალმა“, „ვერხვმა“ ბიბლიის არამეულ თარგმანში ეს მცენარე „ურრან“-ად („მარადმწვანე ძახველი“) არის მოხსენიებული. თანამედროვე ებრაულში მისი სახელია „მურან ჰა ხორეშ“.

თვლიან, რომ იგი ზემოთმოყვანილ მუხლში აღწერილ რეალობასთან შესატყვისობაშია. „მარადმწვანე ძახველი“ ნელა მზარდი დაბალი ტანის ხემცენარეა, იგი უხვად გვხვდება კარმელის მხარეში. მისი კულტივირება ხდება ძირითადად დეკორატიული მიზნით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები