ძველაია ბარნაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ძველაია ბარნაბ პავლეს ძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბარნაბ ძველაია

ძველაია ბარნაბ პავლეს ძე - (დ. - 1880, სოფ. ნოსირი, სენაკის მაზრ. - გ. - 28.XI.1937) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის ოჯახში. 15 წლის ასაკში ჩაერთო მარქსისტული წრეების მუშაობაში. იყო სენაკის მაზრის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის ლიდერი და ორგანიზატორი. 1905 წელს შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. აქვეყნებდა წერილებს პარტიულ პრესაში. მონაწილეობა მიიღო 1905 წლის რევოლუციაში ადგილობრივ დონეზე.

დამოუკიდებლობის პერიოდში აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის სენაკის მაზრის კომიტეტის ლიდერი და სამაზრო ერობის ხმოსანი. 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის სიით არჩეული იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. შედიოდა აგრარულ კომისიაში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მონაწილეობას იღებდა საბჭოთა სისტემის საწინააღმდეგო მოქმედებებში. 1922 დაპატიმრებულ იქნა საბჭოთა „ჩეკას“ მიერ. 1923 იძულებული შეიქნა, გამოექვეყნებინა წერილი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გასვლის შესახებ, რის შემდეგაც გათავისუფლებული იქნა საპატიმროდან. გათავისუფლების შემდეგ საქმიანობა გააგრძელა არალეგალურ ორგანიზაციებში. 1924 წლის აჯანყებისას მეთაურობდა სენაკის ნაწილებს. აჯანყების შემდეგ დაპატიმრებულ იქნა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. შემდგომში ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში.

1937 წლის ბოლოს, დიდი ტერორის დროს, დააპატიმრეს მენშევიკური ორგანიზაციის წევრობისთვის. ე.წ. „ტროიკის“ განაჩენით დამნაშავედ იქნა მიჩნეული და დახვრეტა მიესაჯა. (ირაკლი ირემაძე)




ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016.
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1. საქ. 108.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები