ძუარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძუარ-ი (ოს. Дзуар)

1. ღვთაება, წმინდანი, სული ოსურ მითოლოგიაში. ძუარი შეიძლება იყოს საერთოოსური (მაგ., ვასთირჯი, ვაცილა, თუთირი, ფალვარა, მადი-მაჲრამი, ალარდი, რინი ბარდუაგი და სხვ.), საერთოსახევო (მაგ., რექომი, მიქალგაბირთა, თარანჯელოზი, დიგორი ზადი, ხოხი ძუარი, ჯერი ძუარი და სხვ.), საერთოსასოფლო (ყაუიზადი) და საგვარეულო (ნაфი). საერთოოსურ პანთეონში შემავალი ღვთაებები მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი ქრისტიანული წმინდანები არიან, ძირითადად დაკავშირებულნი იყვნენ ოსების სამეურნეო საქმიანობასთან – სამიწათმოქმედო და მესაქონლურ კულტთან, თუმცა იგივე ფუნქცია შეიმჩნევა სახევო, სასოფლო და საგვარეულო ძუარების თაყვანისცემაში. ზემოაღნიშნულ ღვთაებებს ჰქონდათ პერსონალური სამლოცველოები ან სალოცავი ადგილები (ქუვანდონი, ნაიფატი). ოსური მითოლოგიის დაბალი რანგის სულთაგან აღსანიშნავია ე. წ. პარციალური სულები (რაღი ძუარი, გუბინი ძუარი და სხვ.). ოსთა წარმოდგენით, ძუარს შეიძლება ჰქონდეს ადამიანის, ცხვრის, ჯირკვის, ბუჩქის, მანათობელი ფრთების მქონე არსების და სხვათა სახე.

2. ამა თუ იმ ღვთაების, წმინდანის, სულის სახელობის ხატი, სალოცავი, რომელიც შეიძლება იყოს მთა, გამოქვაბული, ქვების გროვა, კორომი, ძველი ეკლესიებისა და სამლოცველოების ნანგრევები და სხვ.

3. ამ ტერმინით აღინიშნება ქრისტიანული „ჯვარი“ და ინფექციური დაავადებები, ე. წ. „ბატონები“.

ტერმინი дзуар მომდინარეობს ქრისტიანობის მთავარი სიმბოლოს აღმნიშვნელი ქართული სიტყვიდან „ჯვარი“. გარდა ოსურისა, იგი ჯვრის მნიშვნელობით ქართულიდან არის შესული კავკასიურ ენებში (ადიღეურში, ყაბარდოულში, ბალყარულში, ინგუშურში, ჩეჩნურში და დაღესტნის სხვადასხვა ენაში). ოსური ძუარი (და მისი თაყვანისცემა) შეესატყვისება აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ჯვარს, ხატს. ოსურ ძუართან დაკავშირებით ე. ბესელოვამ განსხვავებული, ვფიქრობ, ფრიად არაკვალიფიციური თვალსაზრისი დააფიქსირა.


ლიტერატურა

  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинскоко языка. Т. 1. М.-Л., 1958;
  • Беселова Е. Б. О двух терминах, связанных с сакральным миром осетин // Дарьял. 2006, № 3.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები