წაბლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წაბლი

წაბლი − (ლათ. Castanea), წიფლისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი მცენარე.

მეგრულად – ჭუბური.

არსებობს მისი ოთხი სახეობა: ევროპული, ჩინური, იაპონური და ამერიკული. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში. საქართველოში ძირითადად ხარობს კოლხეთში. ქმნის წაბლნარებს და შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებს ზღვის დონიდან 1000 მ-მდე. კულტივირებულია სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში.

30 მ-მდე სიმაღლის ხეა გადაშლილი დატოტვილი ვარჯით; ტოტები მოწითალო-მურა ფერის მეჭეჭებითაა მოფენილი, კვირტები კვერცხისებრია, დაფარულია ორი ქერქლით. ფოთლები ყუნწიანია, მაგარი სიფრიფანა ან ტყავისებრი, მოგრძო-ლანცეტა ან მოგრძო კვერცხისებრი, ძირთან შევიწროებული და კიდემთლიანი, ბოლოზე წაწვეტებული, ხერხკბილა. ყვავილები ერთსქესიანია; მტვრიანიანი ყვავილი მოყვითალოა, სამ-სამი ან მეტი ჯგუფ¬ჯგუფადაა განლაგებული ყვავილედის ღერძზე და მჭადა ყვავილედს ქმნის; ბუტკოიანი ყვავილი მომწვანო ფერისაა, 1-3 ან მეტი ყვავილედის ქვედა ნაწილშია მოთავსებული, შემოხვეულია ოთხად დაყოფილი საბურველით. ნაყოფი კაკალია, ერთ თესლიანი, პრიალა, წაბლა-მურა ფერის ტყავისებრი ნაყოფგარემოთი, მოთავსებულია სფეროსებრ ბუდეში, რომელიც გარედან დაფარულია გრძელი, სადგისისებრი გამონაზარდებით; ბუდე მომწიფებისას სკდება საგდულებზე 2-4 ნაწილად. ყვ. V-VI; ნაყ. IX-X.

იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლის ტყეებში ზღვის დონიდან 500 მ¬დან 1200-1400 მ სიმაღლემდე, ძირითადად წიფელთან, რცხილასთან, ცაცხვთან და სხვა სხვა ფართოფოთლოვან მცენარეებთან ერთად.

მესამეული პერიოდის რელიქტია, ცნობილია ფოთლისეული ანაბეჭდებით ქვედა პლიოცენიდან. საქართველოში ფართოდა გავრცელებული სამხრეთ¬დასავლეთ ნაწილში. ძვირფასი მერქნიანი მცენარეა; მერქანი მაგარია და საუკეთესო საამშენებლო და სახარატო მასალას იძლევა; ქერქისაგან ამზადებენ კარგ მელანს და შალის საღებავს. ნაყოფი საკვებად გამოიყენება.

ხის ქერქი და გულგული დიდი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს; ნედლი ნაყოფი – 47 მგ% წყალს, 2,7 მგ% ნაცარს, 11,6 მგ% პროტეინს, 7,8 მგ% ცხიმებს, 3 მგ% უჯრედისს, უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერებებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს (B1, B2, B3, B5, B6, C), ფოლიევის მჟავას,მაკროელემენტებისა (K, Ca, Mg, Na, P) და მიკროელემენტების (Fe, Mn, Cu,Zn) მინერალურ მარილებს.

ძველ ქართულ ხალხურ მედიცინაში წაბლი გამოიყენებოდა შარდის შეუკავებლობისას, სხვა წამლებთან ნარევში – სისხლიანი შარდვის საწინააღმდეგოდ. ყვავილის სპირტიან ნაყენს დასაზელად იყენებდნენ რევმატიზმის, ხოლო ყვავილით ასკილის ნაყოფთან ერთად კოლიტს მკურნალობდნენ, განსაკუთრებით ბავშვებში.

ფოთლების ნახარშს იყენებენ როგორც ეფექტურ საშუალებას სასუნთქი გზების დაავადებებისას.

სასარგებლო თვისებებით განსაკუთრებით გამოირჩევა წაბლის თაფლი; მაღალი ბაქტერიციდული თვისებებიდან გამომდინარე იყენებენ ჭრილობების დასამუშავებლად, მადის გასაუმჯობესებლად; რეკომენდირებულია გაციების, ბრონქიტის, ასთმის, თირკმელების, კუჭის წყლულისა და ღვიძლის დაავადებებისას, ზრდის ნაღვლის გამოყოფას.

წარსულში მიიჩნევდნენ, რომ მისი გადაჭარბებული მიღება თავის ტკივილს იწვევდა; ინდივიდუალური შეუთავსებლობა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები