წარმართობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაყოფიერების ქალღმერთი. ძვ.წ. IX-VII, ბრინჯაო, ქუთაისის მუზეუმი

წარმართობა - თეოლოგიური თვალსაზრისით, სიტყვა „წარმართი“ ძველი აღთქმიდან მომდინარეობს. მას პირობითი მნიშვნელობა აქვს და გამოიყენება აღთქმის მქონეთა განსასხვავებლად იმათგან, ვინც ხსნის ხალხს არ განეკუთვნება (გოიმი).

ახალი აღთქმის თეოლოგიის თანახმად, წარმართებად ქრისტეს მორწმუნეთა (ხილული) საზოგადოების, ანუ ეკლესიის, გარეთ მყოფნი მიიჩნევიან.

ეტიმოლოგიურად „წარმართი“ (pagano) მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან pagani, რომელიც სოფლის, ლათინურად pagus, მცხოვრებლებს აღნიშნავს. სოფლის მაცხოვრებელთა არასათანადო კულტურული განვითარების გამო მათმა აღმნიშვნელმა განსაზღვრებამ კულტურული ჩამორჩენილობისა და ზნეობრივი სიმდაბლის მნიშვნელობა შეიძინა. თანამედროვე ეპოქაში წარმართი „ველურის“ სინონიმად იქცა.

წარმართობა აბსოლუტურად უპირისპირდება მონოთეისტურ რელიგიებს. წარმართობა პრინციპულად მრავალღმერთიანობაა. ქრისტიანული თვალსაზრისით, ეს მრავალღმერთიანობა მეორეული წარმოშობისაა. სამოთხეში მყოფი ადამი, ბუნებრივად, მონოთეისტი იყო, სხვა ღმერთი მისთვის, გარდა მისი გამჩენისა, არ არსებობდა. სამოთხიდან განდევნის შემდეგ ადამმა და მის კვალზე მისმა მოდგმამ დაკარგეს ერთი ღმერთის რწმენა, ღმერთი დანაწილდა ბუნებაში, ბუნების მოვლენებში, თუმცა ერთი ღმერთის წარმოდგენა სავსებით არ გამქრალა. ქრისტიანობის თვალსაზრისით, კაცობრიობის ისტორია ადამის განდევნიდან ძველი აღთქმის მონოთეიზმამდე ერთი ჭეშმარიტი ღმერთის ძიების პროცესია.

მრავალღმერთიანობის გარდა წარმართობისთვის დამახასიათებელია ქალღმერთის კულტი, რომელსაც ხანგრძლივი წარსული აქვს, მისი ფესვები უხსოვარ დროში იკარგება. არც ერთი წარმართული რელიგიური სისტემა მის გარეშე არ არსებულა. ამას უამრავი არქეოლოგიური ძეგლი მოწმობს, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ფიგურები მკვეთრად გამოხატული გენიტალიებით მიუთითებს ნაყოფიერების კულტის წამყვან ადგილზე ძველ რელიგიებში, რამაც დიდხანს გასტანა და აქაიქ დღესაც შეიძლება დადასტურდეს. ჩვენში ლაპარაკობენ ფალოსის კულტის არსებობაზე იმ გამოსახულებების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია შემორჩენილი.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები