წარჩინებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ მიმვლინებელი კომისია (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წარჩინებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ მიმვლინებელი კომისია - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული კომისია.

მის ხელმძღვანელად ითვლებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, თუმცა კომისიის მუშაობას ფაქტობრივად წარმართავდა ნიკო ნიკოლაძე. კომისია არჩევდა საზღვარგარეთ გასაგზავნი წარჩინებული სტუდენტების კონტინგენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორების პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის სათანადო რეკომენდაციების საფუძველზე. კომისიის მიერ შერჩეულ სტუდენტებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა უნიშნავდა სტიპენდიას და სწავლის გასაგრძელებლად აგზავნიდა დასავლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების უნივერსიტეტებში.

თბილისის იმდროინდელი გენერალ-გუბერნატორი შალვა მაღლაკელიძე იგონებდა: „შევდიოდი საზღვარგარეთ სტუდენტთა მიმვლინებელ კომისიაში. თავმჯდომარე ჟორდანია იყო, მაგრამ საქმეს ნიკო ნიკოლაძე წარმართავდა. ისე გამოვიდა, რომ ძირითადად სულ დასავლეთ საქართველოდან ვუშვებდით სტუდენტებს. მე ვთქვი: ქართლ-კახეთის მოსახლეობა ისედაც გვიჩივის, რომ მთელი ადმინისტრაციული თანამდებობანი სულ გურულებს და იმერლებს უკავიათო და ახლა ამას ნუ ვიზამთ, სტუდენტებად პროპორციულად აღმოსავლეთ საქართველოდანაც გავუშვათ ევროპაში-მეთქი. მით უმეტეს, რომ მათგან ვინც კაცად გამოდის, ყველა ნაღდი და სერიოზული მეცნიერი ხდება-თქო. აი, ასეთი ვითარება იყო და დაგვადგა თავზე ნიკურაძეების მამა სამტრედიიდან მე და ნიკო ნიკოლაძეს, როგორც იქაურ ხალხს. მე, ბატონოო, უბრალო კაცი არ გეგონოთო, სამტრედიაში ორთქმავლის წამყვანი ვარო, თეთრი „პერჩატკებითო“ და „პომოშნიკი“ მყავსო... მე მყავს ორი ვაჟიო და გთხოვთ, ორივე გაუშვათ სასწავლებლადო. გაეცინა ამაზე ნიკოს და უთხრა: ორი რა ამბავიაო! ჩვენ სტიპენდიები არ გვყოფნის და თანაც აყაყანდება აღმოსავლეთ საქართველოო! - ბატონოო, უთხრა ნიკურაძემ, ორივე ჩემი ვაჟი ჩია ტანისაა და ცივ მჭადზე გაზრდილიო. გაუშვით ესენი ერთ სტიპენდიაზე და ერთ „პორციაზე“ იცხოვრებენო. - ერთ „პორციაზე“ როგორ იქნებიანო, უთხრა ნიკომ, გერმანელები მეორესაც დაუსხამენ საჭმელსო! - აბა თქვენ ყოფილხართ ბატონები და ჩვენ მონებიო, გაცხარდა ნიკურაძე, მაშინ არცერთს არ გავუშვებო, ამათ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ და დარჩნენ უსწავლელნიო! აი, საბოლოოდ, ასეთ ვითარებაში გავუშვით ნიკურაძეები გერმანიაში და არც შევმცდარვართ - გვასახელეს იქ. რაც შეეხება ჩვენი მთავრობის სტიპენდიას... მერე მოეხსნათ მათ ის (თვითონ მთავრობა გაიქცა ემიგრაციაში)“.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

შ. მაღლაკელიძე, მოგონებები, მასალები გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ვიქტორ რცხილაძემ, თბ., 2012.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები