წითელი კვერცხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ARdgomis kvercxi.jpg

აღდგომა და წითელი კვერცხი - წითლად შეღებილი კვერცხის ტრადიცია ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდნ დამკვიდრდა ქრისტიანი ხალხის ცნობიერებაში და აღდგომის დღესასწაულის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. მითოლოგიურ-პოეტურ ტრადიციაში კვერცხი „საწყისის“, სასიცოცხლო ძალების განახლების და აღორძინების ერთ-ერთ უნივერსალურ სიმბოლოს წარმოადგენს.

კვერცხი სიმბოლურად განასახიერებს არარსებობიდან არსებოაში გადასვლას, ანუ სიცოცხლის მარადიულობას. ის თავის თავში იტევს განვითარებას, ახალი ცხოვრების შესაძლებლობას, იმას, რაც „ნაჭუჭის“ გარეთ ვრცელდება, ამიტომაც იღებს სულიერი აღორძინების სიმბოლოს დატვირთვასაც. ძველ აღთქმაში კვერცხი ნაკლებად არის ნახსენები და მისი სიმბოლიკა ფაქტიურად აუხსნელი რჩება. თუმცაღა სახარებაში ერთადერთხელ ნახსენები ეს სიტყვა ნებას გვაძლევს საკმაო სიზუსტით განვიხილოთ ამ სიმბოლოს მნიშვნელობა. „გინა თუ კვერცხსა სთხოვდეს, ნუუკუე ღრიანკალი მისცეს მას?“ (ლუკ. 11, 11). წმ. მამათა აზრით კვერცხისა და მორიელის დაპირისპირება სიცოცხლისა და სიკვდილის სიმბოლურ დაპირისპირებას წარმოადგენს. მამამ არ უნდა მისცეს თავის ძეს მორიელი, ადამიანი არ უნდა გახდეს მოყვასის სიკვდილის მიზეზი. ჭეშმარიტი არჩევანი - ესაა არჩევანი კვერცხის, ანუ სიცოცხლის.

წმიდა გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გააგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. მაცხოვრის მიმდევარი და მისი ერთგული მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველს იმპერატორ ტიბერიუსს წარუდგინეს, რომელსაც ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა და ახარა: – ქრისტე აღდგა!. „ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება“ – ჩაიღიმა იმპერატორმა და სიტყვა არც ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა.

გაოცებულ ტიბერიუსს მარიამმა მოუთხრო იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე. კვერცხი ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. ეს მოვლენა გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ. კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება.

ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება. კვერცხის შესაღებად ძირითადად ბუნებრივ საღებავს, ენდროს იყენებენ და ზოგჯერ ხახვის ფურცლებსაც უმატებენ. ენდროში შეღებილი კვერცხი რამდენიც არ უნდა ჭამოს ადამიანმა არ აწყენს. გადმოცემით, ქრისტეს სისხლითაა გაჟღენთილი ენდროს ფესვები, რადგან ჯვარცმის ჯვრის ქვეშ ყოფილა იგი ამოსული.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები