წმინდა გარდამოცემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმინდა გარდამოცემა - უფალ იესო ქრისტესა და წმ. მოციქულთა ზეპირი სწავლება, შემდეგში წერილობით გადმოცემული, აგრეთვე კრებათა დადგენილებანი და წმ. მამათა თხზულებანი. წმ. წერილთან ერთად წმ. გარდამოცემა ღმერთსა და მის მიერ დაარსებულ ეკლესიაზე ჭეშმარიტი ცოდნის პირველხარისხოვანი წყაროა.

ღვთის ერის ცხოვრებას მთელი მისი ისტორიის მანძილზე წმინდა გარდამოცემა ეწოდება. ძველი აღთქმის წმინდა გარდამოცემა — ესაა ისრაელის ხალხის ცხოვრება ქრისტეს შობამდე, აღწერილი ბიბლიის პირველ ნაწილში. ეს გარდამოცემა აღსრულდა და დასრულდა მესიის მოსვლითა და ქრისტიანული ეკლესიის დაბადებით.

ახალი აღთქმისეულ ქრისტიანულ გარდამოცემას ასევე ჰქვია „სამოციქულო გარდამოცემა“ ან „ეკლესიის გარდამოცემა”. ახალი აღთქმის წიგნები ბიბლიაში ქრისტიანული გარდამოცემის ცენტრალური წერილობითი ნაწილი და მთავარ წერილობითი წყაროა, რომელიც განაპირობებს მის შემდგომ განვითარებას. ქრისტეს მოციქულებიდან ჩვენს დრომდე წმინდა ქრისტიანული გარდამოცემა გადაეცემა ხალხიდან ხალხს, ადამიანიდან ადამიანს, სივრცესა და დროში (სიტყვა „გარდამოცემა“ ნიშნავს სწორედ იმას, რაც გადაეცემა, გადადის ერთიდან მეორეზე).

წმინდა გარდამოცემა – ეს არის არა მხოლოდ მრავალი წერილობითი დოკუმენტის კრებული, არამედ ესაა გადაცემა ეკლესიის ცხოვრებისა და გამოცდილებისა, რომელიც შთაგონებული და ნაწინამძღვრებია სულიწმინდის მიერ.

რა თქმა უნდა, ეკლესიაში ყველაფერი არ ეკუთვნის მის წმინდა გარდამოცემას, რადგან ეკლესიაში ყველაფერი არ სრულდება სულიწმინდის მადლით და ყველაფერი არ განეკუთვნება უფლის სასუფეველს. მაგალითად, არსებობს მხოლოდ ადამიანური ჩვევები და ჩვეულებები, რომლებსაც არ გააჩნია მარადიული ღირებულება. ისინი უცილობლად არ არის ცოდვის მატარებელი ან არასწორი, ზოგჯერ ისინი სასარგებლოც შეიძლება იყო ეკლესიური ცხოვრებისათვის, თუკი მათ არ მივიღებთ იმად, რაც ისინი სინამდვილეში არ არიან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გარჩევა, რა არის ეკლესიაში დროებითი და წარმავალი და რა ეკუთვნის ზეციურსა და მარადიულ სასუფეველს. ეკლესია, როგორც ადამიანთა კრებული და ამქვეყნიური ორგანიზაცია, შეუძლებელია დაცული იყოს თავისი წევრების ცოდვებისაგან. მათ ეკლესიაში შეაქვთ „ამა სოფლის“ სიცრუე, რომლის წინააღმდეგ ყოველთვის იბრძვის უფლისგან მოცემული წმინდა გარდამოცემა.

წმინდა გარდამოცემაში პირველი ადგილი უკავია ბიბლიას, შემდეგ მოდის ეკლესიის ლიტურგიკული ცხოვრება და მისი ლოცვა, შემდეგ – მისი სამოძღვრებო დადგენილებები და ეკლესიის მიერ აღიარებული კრებების აქტები, ეკლესიის მამების შრომები, წმინდანთა ცხოვრებანი, საეკლესიო სამართალი და, ბოლოს, იკონოგრაფიული ტრადიცია, გალობა და არქიტექტურა. ყველა ეს ნაწილი ორგანულადაა ერთმანეთთან კავშირში, არცერთი არ არსებობს თავისთავად და არ შეიძლება მათი გამოყოფა საეკლესიო ცხოვრების სისავსიდან. რამდენადაც ეკლესია ცხოვრობს სულიწმინდის შთაგონებით, წმინდა გარდამოცემა შეივსება და განვითარდება — საუკუნეთა დასასრულს ღვთის სასუფევლის დადგომამდე.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები