წმინდა გიორგი, ელია და მეცხვარე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმინდა გიორგი, ელია და მეცხვარეწმ. გიორგი, ელია და თეთრი გიორგი ერთად მიდიოდნენ. დაინახეს, რომ მეცხვარე ცხვარს აძოვებს და თქვეს, ერთი ცხვარი გამოვართვათო. გაგზავნეს ელია. მეცხვარე შეეკითხა, ვინ ბრძანდებით თქვენო. ელიამ უთხრა, მე ელია ვარო. შენ ის არა ხარ, ქვეყანას რომ ანადგურებსო? ციდან სეტყვას გვიშენ და ჭირნახულს გვიფუჭებო? მომწყდი აქედან, არ მოგცემო. გაბრუნდა ელია თავის ამხანაგებთან – არ მაძლევს მეცხვარე ცხვარსო. ახლა წმ. გიორგი წავიდა, შეეკითხა ვინ ხარო. – მე წმ. გიორგი ვარო. ის წმ. გიორგი ხარ, ჩვენს მჭამელ გველეშაპებს რომ ხოცავო? – დიახ, ისა ვარო. ერთ ცხვარს კი არა, მთელ ფარასაც გაგატან, ჩვენი ხარო. და მისცა ცხვარი. წაიყვანა თეთრმა გიორგიმ ცხვარი, დაკლეს და ისადილეს. მერე თეთრმა გიორგიმ თქვა, ამ მეცხვარემ, ცხვარი რომ მოგვცა, თუ ეს მიდამო გადახნა და ყანა დათესა, ზღვა მოსავალი მოუვაო. დახნა ის მიდამო მწყემსმა, დათესა და, მართლაც, კარგი თავთავი დადგა. ელიამ უთხრა წმ. გიორგის, შენ ახლა უყურე, რას დავმართებ ამ მეცხვარესო: მტვრად ვაქცევ ყანასო. გიორგიმ მეცხვარე გააფრთხილა: მოიშორე ეს ყანა, გაყიდე, ელია გემუქრება და სეტყვას მოუშვებსო. მეცხვარეს ერთი ურია ევაჭრებოდა, მეცხვარე უარზე იდგა. ბოლოს, შეთანხმდნენ: დიდძალი ოქრო-ვერცხლი მიუთვალა ურიამ და წაიღო მოწეული ყანა. ელიას ისევ მეცხვარისა ეგონა, და უშვა სეტყვა და სულ მიწასთან გაასწორა. უთხრა ელიამ გიორგის: ახლა წადი და ნახე, რა დღეშია ყანაო. წმ. გიორგიმ უთხრა, ტყუილად გარჯილხარ, ის ყანა ურიას მიჰყიდაო. მე შემიძლია, ისევ აღვადგინო ყანაო, უთხრა ელიამ. ახლა ურია წუხს, ფული დავღუპეო. ყანის გაყიდვა უნდა. წმ. გიორგი მივიდა მეცხვარესთან და უთხრა, ელია ყანის აღდგენას აპირებს და ისევ შეისყიდეო. ასეც მოიქცა მწყემსი. გახარებულმა ურიამ ფული მიიღო და ყანა დაუბრუნა. ელიამ ყანა აღადგინა. წმ. გიორგის უთხრა ელიამ, მიდი ახლა და ნახე, როგორ აღვადგინე ყანაო. გიორგიმ კი: ისევ მეცხვარის არისო. მაშინ დაწყევლა ელიამ მეცხვარე: ურემზე თითო კოდის მეტი ნუ გამოგსვლიაო. წავიდა წმ. გიორგი მეცხვარესთან და უთხრა, ისევ დაგწყევლა ელიამო. თითო ურემზე თითო კონა დადე და ისე მიიტანე შინ ძნაო. მეცხვარეც ასე მოიქცა და, მართლაც, თითო ურმიდან თითო კოდი მიიღო. აუარებელი ხორბალი მიიღო და გამდიდრდა მეცხვარე.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები