წყაროსგორული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყაროსგორულიხევსურეთში (ხახაბოში) წმ. გიორგის სახელწოდება მისი საარსო ადგილის – წყაროსგორის მიხედვით. მისი ზედწოდებაა „კვინტილა ვაკეს მობურთვალი“. წყაროსგორული ხვესურეთშია დაარსებული, მაგრამ მისი საყმო ფშავის ერთ-ერთ თემად ითვლება და ლაშარის ჯვარშია გაერთიანებული. მისი დაარსება ასე მომხდარა:

მატანში (კახეთში) ვინმე ბატარიას კაცი შემოკვდომია, გამოქცეულა და თან მოპარული წმიდა გიორგის ხატი წამოუღია. ხატს მისთვის ნება არ მიუცია, ფეხსაცმელით ევლო, გაუხდია ფეხსაცმელი, გადაუყრია და ფეხშიშველი წამოსულა. მთაზე რომ ამოსულა, დიდი თოვლი ყოფილა და გასჭირებია სიარული, ჩაწოლილა თოვლში ფეხშიშველა, პერანგიანი და გულზე გიორგის ჯვარი დაუდვია. ისე დამცხაო, იტყოდა თურმე, რომ სულ არ ვგრძნობდი, თუ ზამთარი იყოო. მერე ამდგარა, წამოსულა და თურმე თოვლზე ისე მოდიოდა, რომ ფეხი დაბლა არ ეფლობოდა. გადმოსულა მთაზე და ახალწლის დილას ხახაბოში ამოსულა. წყაროსგორთან რომ მოსულა, ჯვარი ხელიდან გაფრენია და იქ დაარსებულა. ხედავენ ხახაბოვლები, რომ წყაროსგორს ფეხშიშველ-თავშიშველი კაცი დგას და მის ახლოს რაღაც მზესავით ანათებს. მივიდნენ და მიხვდნენ, რაც იყო. იმავე დღეს აუშენებიათ პატარა კოშკი და ის ჯვარი თავისთავად შებრძანებულა კოშკში და გამქრალა ხალხის თვალიდან. ხახაბოვლებს მიუყვანიათ კომლზე თითო საკლავი და დაუკლავთ იმავე დღეს კოშკთან. მოუტანიათ სასმელი და გადაუხდიათ დღეობა. ასე დაარსებულა ხახაბოში წყაროსგორული წმ. გიორგი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები