ჭადარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭადარი

ჭადარი – (Platanus orientalis) ჭადრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, 50 მ-მდე სიმაღლისა და 5 მ-მდე დიამეტრის ფოთლოვანი ჯიშის ფოთოლმცვივანი ხე დიდი გაშლილი ვარჯით. გული მოწითალო-მორუხო ფერის, ნაქურთენი კი მონაცისფრო აქვს. გადანაჭერზე წლიური შრეები საკმაოდ კარგად ჩანს, ახასიათებს უამრავი ფართო რადიალური სხივი, გამოირჩევა ლამაზი ტექსტურითა და სიმაგრით. ჭადარი სწრაფად მზარდია, ცოცხლობს 2000 წლამდე, შესანიშნავი დეკორატიული ხეა. გამოიყენება ავეჯის, ანათალი შპონის, სამხატვრო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობათა წარმოებასა და სადურგლო საქმეში. საქართველოში ყველაზე დიდი ჭადარი დგას თელავში, რომლის სიმაღლე 40 მ-ია, გარშემოწერილობა 12 მ, წლოვანება კი 800 წელს აღწევს

ჭადარი – ბიბლიური მცენარე

აღმოსავლური ჭადარის ებრაული სახელწოდება იერუსალიმის თალმუდის მიხედვით „დოლევ მახრახ“-ია, არამეულად „დოლბა“. ამავე სახელწოდებით იცნობენ მას ისრაელის არაბებიც ზოგი მკვლევარი ბიბლიურ ჭადარს ნაბლთან აიგივებს, ზოგიც – ბიბლიის ქართული თარგმანის მსგავსად, ნეკერჩხალთან. წინასწარმეტყველი ეზეკიელი ჭადარს აღწერს როგორც ისეთ ტანმაღალ ხედ, რომ იგი ლიბანის კედარმაც კი ვერ დაჩრდილა. აღმოსავლეთის ხალხები ჭადარს წმინდა ხედ მიიჩნევდნენ და იყენებდნენ საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში. უძველესი ქალაქის იერიხონის ტერიტორიაზე ამჟამად აღმოჩენილია ხუთიათასი წლის წინანდელი ჭადრის ხისაგან გათლილი სამშენებლო კოჭები.

„მშვენობდა ის სიმაღლით და თავისი გრძელი ტოტებით, რადგან ფესვები დიდ წყლებში ჰქონდა გადგმული. კედრები ვერ ჩრდილავდნენ მას ღვთის ბაღში; ალვის ხეები ვერ ედრებოდნენ თავისი რტოებით; ნეკერჩხლები თავისი ტოტებით ვერ უტოლდებოდნენ მას; ღვთის ბაღის ვერცერთი ხე ვერ უსწორდებოდა თავისი სილამაზით“. (ეზეკიელი 31, 7-8)


წყარო

ბიბლიური მცენარეები
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები