ჭელიძე ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ ჭელიძე

ჭელიძე ვახტანგ − (1917 − 2005), ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ბახვში (ოზურგეთი). 1941 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით. 1943-1948 წლებში მუშაობდა პედაგოგად საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში. 1948-1952 წლებში იყო საბავშვო ლიტერატურის გამომცემლობის მთავარი რედაქტორი, 1952-1955 წლებში – ჟურნალ „დროშის” რედაქტორის მოადგილე, 1955-1957 წლებში − ჟურნალ „ნიანგის” და 1957-1963 წლებში − ჟურნალ „ცისკრის” რედაქტორი. 1967-1973 წლებში ხელმძღვანელობდა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს”, 1973-1987 წლებში იყო გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” რედაქტორი, ხოლო 1987-1991 წლებში _ გამომცემლობა „ნაკადულის” დირექტორი. არის მრავალი წიგნის, პუბლიცისტური წერილის, თარგმანის, ლიტერატურული პორტრეტისა და პუბლიცისტური წერილის ავტორი. თარგმნა შექსპირის, ფლეთჩერის, მილტონის, დეფოს, სკოტის, დიკენსის, გოლზუორთის, ლონდონის, ტვენის, ჰემინგუეის, სტაინბეკის, სელინჯერის და სხვათა თხზულებანი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


უილიამ შექსპირი
რომეო და ჯულიეტა (დასაწყისი)
თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ
აი, ამბავი, თუ როგორი ბედი სწვევია
ტურფა ვერონის ორ ძველ ოჯახს, ცნობილებს დიდად
მამათა შუღლი ახალ მტრობად გადუქცევიათ,
და წმინდა სისხლით შეუბღალავთ ხელები წმინდა.
შავბედ ვარსკვლავზე სავალალოდ ამ ორმა გვარმა
ორი ნათელი სიყვარულის ვარსკვლავი შობა,
შემდეგ საბრალო მიჯნურების ბედის ავდარმა,
მათმა სიკვდილმა სამუდამოდ შეწყვიტა მტრობა.
გულისმწყვლელია სევდიანი ამბავი მათი!
თუ ვით ნახავენ ძველი მტრობის მოსასპობ წამალს,
თუ ვით მოკვდება ორი ბავშვი ძველი მტრობისთვის,
ამ ორ საათში დაინახავთ ყველაფერ ამას.
და თუ რაიმეს ვერ მიმხვდარხართ ჩვენს წინათქმაში,
თვალი ადევნეთ მოქმედებას, მიხვდებით მაშინ.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები