ჭიაბერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭიაბერი - მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი 1190-1191 წწ-ში. გიორგი III-ის „გაზრდილი“ და მისი მეჯინიბეთუხუცესი. უცნობია ჭიაბერის საგვარეულო კუთვნილება. ს. კაკაბაძე მას თორელთა საგვარეულოს წევრად მიიჩნევს, პ. ინგოროყვა - ჰერ დიდებულად. თამარმა თავისი მეფობის პირველ წელს ჭიაბერს მანდატურთუხუცესობა უბოძა და გადასცა სამოხელეო ნიშნები: ოქროს არგანი და „სკარამანგი“.

ჭიაბერს მეფისაგან ნაწყალობევი ჰქონდა ციხექალაქი ჟინვანი. მისი სახელით გაცემული ჩვენამდე მოღწეული საბუთის მოწმობით, ამ ქალაქის მკვიდრ ორ ვაჭარს სწირავს ჭიაბერი შიომღვიმის მონასტერს. საბუთის დასაწყისში ჭიაბერი „მანდატურთუხუცესად და ამირსპასალარად“ იხსენიება, ხოლო დამტკიცებებში - მხოლოდ მანდატურთუხუცესად. ვარაუდობენ, რომ გამრეკელ თორელის გარდაცვალების შემდეგ (1190/1191) ჭიაბერი მცირე ხნით ამირსპასალარობასაც ფლობდა. თამარის ისტორიკოსი ჭიაბერს ყველგან მანდატურთუხუცესად მოიხსენიებს, რაც მკვლევართ საფუძველს აძლევს დაასკვნან, რომ თამარის მეფობის დასაწყის წლებში ეს ორი თანამდებობა გაყოფილი იყო. ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით, საომარი მოქმედებებისას მანდატურთუხუცესები სამეფო კარზე უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა, საგანგებო შემთხვევებში ეს წესი ირღვეოდა. ჭიაბერი მონაწილეობდა შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში. ბასიანის შმდეგ მისი სახელი წყაროებში აღარ იხსენიება.



წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები