ჭიაურელი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ ჭიაურელი

ჭიაურელი მიხეილ ედიშერის ძე - (დ. - 6.II.1894, თბილისი - გ. - 31.X.1974, თბილისი) - კინორეჟისორი, მსახიობი, მოქანდაკე, მხატვარი.

სარჩევი

ბიოგრაფია

მიხეილის მამა - ედიშერი - საგარეჯოელი გლეხი იყო. ის თბილისში, ჯერ მედუქნის კარზე მუშაობდა მოჯამაგირედ, მერე კი მწვანილს ყიდდა მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის კუთხეში. დედა - სოფიო სონღულაშვილი - დიღმელი ქალი იყო. ოჯახს, მიხეილის გარდა, სამი ვაჟი ჰყავდა. ცხოვრობდნენ წინამძღვრიშვილის №53-ში. მიხეილი პირველდაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სახელოსნო სასწავლებელში მიაბარეს. 29.XII.1909 სასწავლებლის დასრულების ღონისძიება სახალხო სახლში გაიმართა. იოსებ ივანიძის რეჟისორობით ქართულად დადგეს ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ახირებული“. მიხეილ ჭიაურელმა შეასრულა აკაკი აკაკიევიჩის როლი. 1910 წელს სახალხო სახლთან არსებული ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წევრია. 1911-1914 დასს რეჟისორი ა. წუწუნავა ხელმძღვანელობდა. 1915 წლიდან დასის წევრთა ერთი ჯგუფი, მათ შორის მიხეილ ჭიაურელი, ოზურგეთში გაემგზავრა. 1916-1917 წლებში მიხეილ ჭიაურელი ბათუმის ნახევრად პროფესიული დასის წევრია, რომელსაც ვ. შალიკაშვილი ხელმძღვანელობდა. 1917 წლის ზაფხულში საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მიერ მოწყობილი ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი იყო. ექსპედიციას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა, მიხეილ ჭიაურელის გარდა ა. კალგინი, ლ. გუდიაშვილი და დ. შევარდნაძე მონაწილეობდნენ.

1917 წლის შემოდგომაზე მიხეილ ჭიაურელი ქუთაისში გაემგზავრა და მ. ქორელის ხელმძღვანელობით შეკრებილი დასის მსახიობად დაიწყო მუშაობა. 1918 წლის ზაფხულში, ქუთაისის სათეატრო სეზონის დასრულების შემდეგ, სამტრედიის დრამატულ წრეს ხელმძღვანელობდა. 1918-1919 წლებში იყო ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა დრამატული წრის ხელმძღვანელი. მისი სტუდენტები იყვნენ: უშანგი ჩხეიძე, დოდო ანთაძე, შალვა ღამბაშიძე, პავლე კანდელაკი და სხვ. 1919 იყო გიორგი ჯაბადარის სტუდიის მსმენელი და მსახიობი. 7.II.1920 მთავარი როლი შეასრულა ნ. შიუკიშვილის „სულელში“. 22.II.1920 ნ. შიუკიშვილის დრამა „ციცინათელაში“ ლევანის როლი მიიღო. 1920 მ. ქორელის დასთან ერთად დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა გასტროლებზე, გასტროლებიდან დაბრუნებული მთელი დასი თბილისის ახლადშექმნილ დრამატულ დასში ჩაირიცხა. დასს ხელმძღვანელობდა აკაკი ფაღავა. რეჟისორები: მ. ქორელი, ა. წუწუნავა, კ. ანდრონიკაშვილი, ა. ახმეტელი და ლადო მესხიშვილი. 15.X.1920 სეზონი შ. დადიანის კომედიით „გუშინდელი“ გაიხსნა. მიხეილ ჭიაურელმა შეასრულა გორგასლიანის როლი. ამავე დროს სეზონის განმავლობაში შეასრულა სტუდენტი ლეოს (ვ. ვინიჩენკოს „სიცრუე“), მიხას (ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი“), მეფე ლუარსაბის (ს. შანშიაშვილის „უგვირგვინო მეფე“), ჰეინრიხის (გ. ენგელსის „ზღვასთან“), ბერდოს (ს. შანშიაშვილის „ბერდო ზმანია“), ზაქარიას (ა. ცაგარელის „მათიკო“), უცნობის (პ. ჰეიზეს „მარიამ მაგდალინელი“), ავეტიკას (ა. ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“) როლები. ოქტომბერში დ. კლდიაშვილის ნაწარმოებების „დარისპანის გასაჭირი“ და „ირინეს ბედნიერება“ - მთავარი გმირების გრიმი მიხეილ ჭიაურელის ესკიზების მიხედვით შესრულდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესაში მისი შესრულებული არაერთი ჩანახატი გამოქვეყნდა. ხატავდა იმ დროს მოღვაწე პოლიტიკოსებისა თუ ხელოვანი ადამიანების შარჟებს. თანამშრომლობდა ჟურ. „ეშმაკის მათრახი“, სადაც მისი ათეულობით ნამუშევარია დაბეჭდილი.

1921 წლის მარტსა და აპრილში ქართული და რუსული თეატრები შეიქმნა. მიხეილ ჭიაურელი ქართულ თეატრს ხელმძღვანელობდა. 1921 წელს მთავარი როლი შეასრულა ფილმში „არსენა ჯორჯიაშვილი“. 1922-1924 წლებში გერმანიაში იყო, სადაც დრეზდენის სამხატვრო აკადემიის გამოჩენილ მოქანდაკეთა სახელოსნოში გადიოდა პრაქტიკას. საქართველოში დაბრუნებული, ქმნის სკულპტურულ ნამუშევრებს. 1927 იღებს პირველ ფილმს - „უკანასკნელი საათი“, 1928 კი - „პირველი კორნეტი სტრეშნიოვი“, აქ მიხეილ ჭიაურელი ქართული კინოს ისტორიაში პირველად იყენებს ნახატ კადრს. 1940-1950 წლებში მუშაობდა „მოსფილმში“. სტალინის გარდაცვალების შემდეგ სვერდლოვში გადაასახლეს, 1957 წელს დაბრუნდა თბილისში.

იყო სტალინური პრემიის ხუთგზის ლაურეატი და ვენეციის კინოფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი. 1974 გარდაიცვალა. ჯერ თბილისის კინოსტუდიის ეზოში დაკრძალეს, შემდეგ მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

ფილმოგრაფია

მიხეილ ჭიაურელის რეჟისორობით გადაღებული ფილმებია:

  • „ფიცი“,
  • „ბერლინის დაცემა“,
  • „დაუვიწყარი 1919 წელი“,
  • „ოთარაანთ ქვრივი“,
  • „ამბავი ერთი ქალიშვილისა“,
  • „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ და სხვ.

მულტიპლიკაციური ფილმები

მუშაობდა მულტიპლიკაციურ ფილმებზეც:

  • „როგორ მარხავენ თაგვები კატას“,
  • „ქირურგი მამალი“,
  • „რწყილი და ჭიანჭველა“ და სხვ.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობა, წ. 3.;
  • მიხეილ ჭიაურელი, ცხოვრების ისტორიის დეტალები, ქართული კულტურის ოქროს ფონდი, ტ. 2. თბ., 2013;
  • მიხეილ ჭიაურელი, საქართველოს სსრ სახკინოს სარეკლამო-საგამომცემლო განყოფილება, თბ., 1978.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები