ჭილაძე ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ ჭილაძე

ჭილაძე ოთარ – (1933 – 2009), ქართველი პოეტი, მწერალი, დრამატურგი. დაიბადა სიღნაღში. 1956 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1958-1964 წლებში მუშაობდა ჟურნალ „ცისკარში“, 1973-1981 წლებში იყო ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი, 1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდება მსოფლიოს მრავალ ენაზე. მისი შემოქმედებისადმი მსოფლიო საზოგადოებრიობის ინტერესის დასტურია ის, რომ 1998 წელს მწერალი დასახელებული იყო ნობელის პრემიის ნომინანტთა სიაში მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი „ლონდრე“, 1965 წელს. გამოცემული აქვს შემდეგი პოეტური კრებულები: ლექსები (1999); „გახსოვდეს სიცოცხლე“ (1999); „ლექსები და პოემები“ (2010) დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.


* * *
ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი – ერთ ვერცხლად ფასობს.
მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.
არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი – ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.
ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები