ჭინკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭინკა – ზღაპრული მავნე არსება. ჭინკები ჩნდებიან ჭინკობის თვეში (სექტემბერში). მთავარანგელოზობის წინა ღამეს (7 დეკემბერს) მიქელ-გაბრიელი შეკრავს ყველა ჭინკას და გადისვრის წყალში. ჭინკა სამი-ოთხი წლის ბავშვის სიმაღლის ღონიერი მითოლოგიური არსებაა, ვნებს ადამიანს, აზიანებს საქონელს. თმისა და ფრჩხილის მოჭრით ჭინკა ადამიანის ერთგულ მსახურად იქცევა იმ დრომდე, ვიდრე თმასა და ფრჩხილს უკანვე არ დაიბრუნებს. (მ. ჩაჩავა)

ერთ ქალს ბევრი შვილები ჰყოლია. ანგელოზს ჩამოუვლია მის კარზე. ქალს ბავშვები ძარაში დაუმწყვდევია, მხოლოდ სამი ბავშვი გამოუჩენია ანგელოზისთვის. ანგელოზს უთქვამს: ეს სამი გაგიზარდოს ღმერთმა, ის დანარჩენები, დაფარული რომ გყავს, დაფარული იყვნენო, კაციშვილმა ვერ დაინახოსო. ანგელოზი რომ წავიდა, გადასწიეს ძარა და სადღა არიან ბავშვები, ჭინკებად გადაქცეულან და გაუჩინარებულან. რადგან ჭინკები უჩინარნი არიან, არავინ იცის, როგორ გამოიყურებიან.

ხალხის რწმენით, ჭინკები სამ დღეს წყალში არიან, სამ დღეს – ცაში, სამ დღეს – ბარში. არის ჭინკობის პერიოდი, რომელიც მაშინ დგება, როცა თოვლი უნდა მოვიდეს და ამინდები გაფუჭდეს. მართალია, ისინი ისეთი შემძლენი არ არიან, რომ ცუდი ამინდები მოიყვანონ, მაგრამ მათი დადგომის მაცნენი არიან. ჭინკები ჩვეულებრივ დროს ცხენებს დასდევენ. საბალახოზე გაშვებულ ცხენებს ღამით მიეპარებიან, ფაფარს გამოუსკვნიან ისე, რომ ძნელად თუ ვინმე გახსნის. მოახტებიან ჭინკები ცხენებს და მთელი ღამე დააჭენებენ. დილით გაოფლიანებულ ცხენებს რომ ნახავს პატრონი, იტყვის, ჭინკებს უჭენებიათო.

ჭინკობის ღამეს გარეთ არავინ გავიდოდა, ჭინკა არ შემოგვახტეს ზურგზეო. განსაკუთრებით უნდა მორიდებოდნენ გარეთ გასვლას ჭინკობის თვეში დაბადებული ბავშვები. ჭინკა დაუძახებს და შეაშინებს, მთელი ღამე გააწვალებს და მხოლოდ მამლის ყივილისას დაანებებს თავსო. ჭინკობის წინა საღამოს, ჭინკა რომ არ შეიპაროს და ჭირნახული არ დააზიანოს, სასიმინდეს (ნალიას) ან ბეღელს გამოკეტავენ რაიმე რკინით – ნამგლით ან წალდით, რადგან რკინას ჭინკა ვერ ეკარება.

ჭინკობის დღეს ჭურის თავზე ნაცარს დაყრიდნენ და ღვინით სავსე ჭიქას დადგამდნენ, ჭინკა მოვა და დალევს, სხვას არაფერს გააფუჭებსო. ჭინკებს განსაკუთრებით წმ. გიორგისა ეშინიათ. ყველგან, სადაც ჭინკის შესვლას ელოდებიან (საჯინიბოში, ბოსელში...), ჯვარს გამოსახავდნენ, რადგან ჭინკას ჯვრის ეშინია, ახლოს ვერ ეკარება.

ჭინკობის თვეში, ასე ფიქრობენ, რასაც ადამიანი აკეთებს, ყველაფერში ჭინკებს უდევთ თავიანთი წილიო. ამიტომაც ამბობენ, რომ ამ დღეებში საქმის კეთება არ ღირს, ბარაქა არა აქვსო. ჭინკა თავისი ბალნის ერთ ღერსაც არსად დატოვებს: თუ ადამიანმა ჩაიგდო ხელში, მსახურად გაიხდისო. ამიტომაც გულმოდგინედ მალავს, რომ ადამიანის ხელში არ მოხვდეს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია) ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები