ჭინჭარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭინჭარი

ჭინჭარი – (Urtica pilulifera) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია მრავალრიცხოვანი მსუსხავი ბუსუსებით, ღერო სწორმდგომია ან აღმავალი, ჩვეულებრივ სუსტად დატოტვილი. მიეკუთვნება ჭინჭრისებრთა – Urticaceae-ს ოჯახს. ჭინჭრის სიმაღლე 150 სმ-მდეა, ზოგჯერ კი 2 მ-საც კი აღწევს. ღერო ოთხკუთხაა, მარტივი, ზედა ნაწილში ზოგჯერ დატოტიანებულია. უხვადაა შემოსილი ხეშეში მარტივი, ჯირკვლოვანი ბეწვებით. ფოთლები მოპირდაპირეა, დიდი ზომის, ყუნწიანი, მუქი-მწვანე, ყვავილედი თავთავისებურია. ნაყოფი კვერცხისებრი კაკლუჭაა, რომლის სიგრძე 1-1,5 მმ-ია.

ტოტებსა და ფოთლებზე, მოთავსებულია მსუსხავი ბუსუსები. ბუსუსები წამახვილებულია - ფუძესთან განიერი, წვეროსკენ თანდათან წვრილდება. ბუსუსების წვეროს კედლები გაჟღენთილია კაჟმიწით. ისინი შეხებისას ადვილად იმსხვრევიან და ნემსა ბოლოთი კანს აზიანებენ. დაზიანებულ კანში ხვდება ბუსუსში მოთავსებული მჟავა, რასაც „დასუსხვას“ ეძახიან.

ჭინჭრის სამკურნალო თვისებები საქართველოში ადრეული ხანიდან უნდა ყოფილიყო ცნობილი, რაზეც აღნიშნული მცენარით მკურნალობის ფართოდ გავრცელებულობა უნდა მიუთითებდეს.

დასავლეთ საქართველოში დღემდე შემორჩა ფქვილსა და რძეში შერეული, მოხარშული, გაწურული, მორეგვილი და დაჭრილი ჭინჭრით ინდაურის ჭუკების გამოზრდის წესი. ამგვარად დამზადებული ინდაურის ჭუკები დიასახლისის ხელისგულიდან იკვებებოდნენ. საერთო აზრით, ჭინჭარი მრავალმხრივ იყო სასარგებლო და ხელს უწყობდა ჭუკების სწრაფ ზრდასა და სიმსუქნეს.

ჭინჭარი – ბიბლიური მცენარე

„იმიტომაც, ვფიცავ, ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რომ დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები — გომორას, ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოს და უდაბნოს უკუნისამდე“. (სოფონია 2, 9)

ჭინჭარი – სამკურნალო მცენარე

ჭინჭრის სამკურნალო ნედლეულს ფოთლები წარმოადგენს. შეიცავს ქლოროფილს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს — ჭიანჭველმჟავას, ვიტამინებს (C, B1, K), პროტეინს, ჰისტამინს, რკინის მარილებს, ცვილს.

ხასიათდება სისხლდენის შემაჩერებელი, ტონუსის ამწევი, დიურეზული, ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ერითროპოეზის გამაძლიერებელი მოქმედებით. მედიცინაში გამოიყენება ანემიის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების, წყალმანკის, ბრონქიტის, სახსრების ტკივილის, ბუასილის, ყაბზობის, კუჭის ჩხვლეტის, დუნედ მიმდინარე ქრონიკული დაავადებების, ქერტლის, ფილტვიდან, თირკმლიდან, საშვილოსნოდან და ნაწლავებიდან სისხლდენის დროს. გარეგანად – თმის ცვენისა და კანის ეგზემის სამკურნალოდ.

უძველესი დროიდანაა ცნობილი ბერძნებისა და კოლხებისათვის. დიოსკორიდე მას იყენებდა კიბოს, წყლულების, ჯირკვლების დაავადებებისას. დადასტურებული მონაცემებით ჯინჭარი მოჰყავდათ ჩვ.წ.აღ.-მდე XIII-XII საუკუნეებში კოლხეთში „მედეას ბაღში“ და მას მრავალმხრივი დანიშნულებით იყენებდნენ დედა¬შვილი ჰეკატე და მედეა. მოხსენიებულია ყველა დროის სამკურნალო მცენარეთა წიგნებში, როგორც მრავალმხრივი სამკურნალო დანიშნულების მცენარე.

„ჭინჭარი ჭირის ჭირია…“ – ნათქვამია ქართულ ფოლკლორში. ქართულ ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ჭრილობების შესახორცებლად, ავიტამინოზის, ციების, რევმატიული ანთებისა და რევმატიზმის (როგორც ადგილობრივი ჰიპერემიის მომგვრელი და გამაღიზიანებელი) დროს. ჯინჭრის ნახარშს შაბთან ერთად იყენებდნენ ნერვული ქავილის, სისხლის ჩაქცევის, ფილტვების ანთების, კუჭ-ნაწლავის აშლილობისას; სუფთა წვენს ურჩევენ სისხლიანი ნახველისა და ჰემოროიდული სისხლდენების შემთხვვაში, ამავე დროს გაძლიერებული დედათა წესის დროს, თესლების ნახარშს კი სქესობრივი უძლურობისას.

უკუმაჩვენებელია სისხლის მაღალი შედედების, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიით დაავადებულთათვის (ბიძინაშვილი, 2013, 2016).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები