ჭიპონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭიპონი − დასაკრავი სასულე ინსტრუმენტი: „სამა მინდოდა ჭიპონზე”.

აჭარა მდიდარი იყო საკრავი ინსტრუმენტებით, რაც აჭარლების მაღალ მუსიკალურ კულტურაზე მიუთითებდა. აჭარაში გავრცელებული საკრავები იყო: გუდასტვილი _ „გულის ჭიპონი”, ჭიბონი (ჭიპონი//ჭიმონი − სალამური), დავლი ანუ დოლი – პატარა და დიდი, ფანდური, ჩანგური (ჩონგური), ჭიანური აგრეთვე, საზი, ზურნა, ქემანი (ქემენჩა) და აზიური გარმონი.

ქორწილში ჭიბონი პოპულარული საკრავი იყო. „მაყრულს” ჭიბონი აუცილებლად უნდა ხლებოდა. ეს საკრავი ბოლო დრომდე, უპირატესად, აჭარის მთიანეთმა შემოინახა, ძირითადად, იმ ხეობებმა, სადაც მესაქონლეობა ინტენსიურად იყო განვითარებული. ჭიბონისა და სხვა საკრავების აკომპანემენტის თანხლებით სრულდებოდა ცეკვები: ყოლსამა, ქოჩეგური, თოფალოინი, ფერხული, სამა, შემოსარები, ბაღდადური, ლაზ-ხორომი, ქურთ-ხორომი, ძველი ქართული ხორუმი.

ჭიბონთან, ისე როგორც რაჭულ გუდასტვირთან დაკავშირებული ტერმინოლოგია სამჭედლო მოწყობილობის ნაწილთა სახელწოდებებს ემთხვეოდა. ვარაუდობენ, რომ ეს საკრავი საქართველოს იმ კუთხეებში ვრცელდებოდა, სადაც მეტალურგია იყო დაწინაურებული.

ჭიბონი და საზი ძირითადად მთიანი აჭარის კუთვნილება იყო, ჭიანური, ჩანგური, ზურნა და ქემენჩა კი − ბარის აჭარისა. ჭიანურის უმარტივესი კონსტრუქციის ხმიანი საკრავის გავრცელების არე უფრო ქობულეთის რაიონს მოიცავდა. ჭიანურის და ჭიბონის − სალამურის მეცნიერული ღირებულება დიდია, რადგან ისინი საშუალებას იძლევიან გარკვეული ტიპის საკრავთა განვითარების საფეხურებს თვალი გავადევნოთ. აზიური გარმონი თანაბრად იყო გავრცელებული მთისა და ბარის აჭარაში.

აჭარაში საკრავიერ ანსამბლებს, მსგავსად საქართველოს სხვა კუთხეში არსებული ანსამბლებისა, საკრავთა მცირერიცხოვნება ახასიათებდა. მასში ერთი ჩასაბერი ანდა ერთი სიმებიანი საკრავი და დოლი ერთიანდებოდა.


ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი, 1938:81-82; 294;
  • ნოღაიდელი, 1967; 2015:325;
  • ჩხიკვაძე, ნოღაიდელი, ინაიშვილი, 1960;
  • ჩხიკვაძე, 1965:28-32
  • ახობაძე, 1961:9-33;
  • გვახარია, 1962:4;
  • შილაკაძე, 1978:116; 1979:81-85;
  • მაისურაძე, 1982:124-138; 441-444; 1989:3-53; 2009: 492-496;
  • ასლანიშვილი, 1957:411;
  • მსხალაძე, 1962;
  • კიკვაძე, 1982:101, 98-110.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები