ხაბელოვი ლერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლერი ხაბელოვი

ლერი ხაბელოვი – დაიბადა 1964 წლის 5 ივლისს თბილისში. — პოლიტიკოსი, სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე (100 კგ). XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), XXIV ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი (1988, სეული), 1996 წლის ატლანტის XXVI ოლიმპიური თამაშები - XIV ადგილი (ტრავმის გამო მესამე წრიდან გამოეთიშა ასპარეზობას).

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორი (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1985, 87, 88, 92) და ბრინჯაოს პრიზიორი (1995), მსოფლიო თასის მფლობელი (1991). ჭაბუკებსა (1982) და ახალგაზრდებში მსოფლიოს პირველობების გამარჯვებული და მსოფლიო თასის მფლობელი (1983). ევროპის პირველობის (1984) გამარჯვებული ახალგაზრდებში. სსრკ-ის სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 88), მეორე (1986, 90) და მესამე (1989) პრიზიორი, სსრკ-ის ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986). თბილისის საერთაშორისო ტურნირის ექვსგზის გამარჯვებული (1985-88. 90, 91), გერმანიის, ბულგარეთისა და პოლონეთის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1987). 1993-96 წლებში გამოდიოდა რუსეთის სახელით. რუსეთის ჩემპიონი (1993, 95). საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1998- 2004). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (2000-04) და პირველი ვიცე-პრეზიდენტი (2004-2008). 2012 წლიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების, სოკ-ის და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის ორდენების კავალერი. საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი.

სარჩევი

განათლება

საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი (1985).

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1998 - 2004)
  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (2000 - 2004)
  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი (2004 - 2008)
  • სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი 2012 წლის დეკემბრიდან.
  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016) მაჟორიტარი, №33 ქარელის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი
ლერი ხაბელოვმა ფინალამდე 5 მეტოქე დაამარცხა, საჩემპიონო ბრძოლაში კი გერმანელ ჰეიკო ბალცს აჯობა. ბარსელონა, 1992 წელი

სპორტული კარიერა

ისტორიული კანონზომიერებიდან გამომდინარე, გასული საუკუნის 80­-იანი წლების გარიჟრაჟზე ქართული სპორტის ისტორიაში აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო ადამიანი, ვინც წინამორბედთა სახელოვან ტრადიციებს გააგრძელებდა – ღირსეულად დაეპატრონებოდა ლევან თედიაშვილის ადგილს, რომელსაც „დიდი ტედის“ აჩრდილის შიშით მიახლოებასაცვერავინ უბედავდა. თედიაშვილთან მრავალწლიანი და წარუმატებელი ქიშპობით ქანცგაწყვეტილი ამერიკელი ძმები პეტერსონები ამ როლისთვის ვეღარ გამოდგებოდნენ. არადა, ჭიდაობის სამყარო მოთმინებით ელოდა ახალი ეპოქის დასაწყისს, ახალი ძლევამოსილი ფალავნის გამოჩენას ქვემძიმე წონაში. და იგი მოვიდა. მოვიდა ისევ იმ ძველი, ფალავნების ქვეყნიდან — საქართველოდან და სამეფო ტახტზეც მორჭმით დაჯდა. მისი სახელი დიდხანს, თითქმის თხუთმეტი წლის განმავლობაში თავზარს სცემდა მეტოქეებს და აღაფრთოვანებდა გულშემატკივრებს — ლერი ხაბელოვი!..

თორმეტი წლის ასაკიდან მოყოლებული, ლერი ხაბელოვმა მოიგო მსოფლიოში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი – საყმაწვილო შეჯიბრებით დაწყებული, ოლიმპიური თამაშებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, იყო იმედგაცრუებაც, ტრავმებიც, უსამართლობაც, მაგრამ მაინც განუზომლად მეტი იყო ოვაციები და გამარჯვების სიხარული. პირველი დიდი გამარჯვება 1985 წლით თარიღდება. იმ წელს ლერიმ ზედიზედ მოიპოვა საქართველოს, საბჭოთა კავშირის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები და უმალ გამოცხადდა ქვემძიმე წონის ლიდერად – პირველ ყოვლისა, ფალავნებით განთქმულ საბჭოთა კავშირში. ბედის მაძიებელ საბჭოთა მოჭიდავეს, ვიდრე საერთაშორისო შეჯიბრებებში ჩაერთვებოდა, ურთულესი გზა უნდა გაევლო. ეს გზა, ცხადია, ლერიმაც გაიარა, მეტოქეები კი ერთი­მეორეზე ძლიერები ჰყავდა, მათ შორის – უკვე მსოფლიო სახელის მქონე ფალავნები: პიოტრ ნანიევი, ასლან ხადარცევი, ილია მატე, ასლანბეკ ბისულთანოვი, მაგომედ მაგომედოვი. იყვნენ კიდევ ხაბელოვზე არანაკლებ ამბიციური ახალგაზრდებიც, რომლებიც, რა თქმა უნდა, ყველაფერს გაიღებდნენ ნაკრებში მოსახვედრად. ლერიმ ჯერ სწორედ თანატოლებს გადაასწრო, მერე კი დანარჩენებსაც ფიცხელი ბრძოლა გაუმართა და როცა 1987 წელს მეორედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, მისი საოლიმპიადო შანსები ერთიორად გაიზარდა. მაგრამ სეულში ოლიმპიური ტურნირის დაწყებამდე ორიოდ საათით ადრე, მოთელვისას, სველ ლეიბზე ფეხი დაუცურდა და ბარძაყის კუნთი გაუწყდა. უმძიმესი ტრავმისა და გაუსაძლისი ტკივილების მიუხედავად, ფინალამდე მაინც მიაღწია, მაგრამ ტრავმა მეტისმეტად გაურთულდა და ფინალი წააგო რუმინელ ვასილე პუშკაშუსთან, რომელთანაც მანამდე, სხვადასხვა შეჯიბრებებზე, ათამდე ბრძოლა მოგებული ჰქონდა. სეულის ამბები ერთ­ერთი ყველაზე უსიამოვნო ეპიზოდია ხაბელოვის კარიერაში. ოთხი წლის შემდეგ, უკვე ბარსელონაში, ჩვენმა ფალავანმა საწადელი მაინც აიხდინა, ექვს მეტოქეს აჯობა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

1988 წლის ოლიმპიური თამაშები

100 კგ, 22 მონაწილე
1. ვასილე პუშკაშუ (რუმინეთი)
2. ლერი ხაბელოვი (სსრკ)
3. უილიამ შერი (აშშ)
I წრე ­ წმინდად (2,42) დაამარცხა ფრედ სოლოვი (დასავლეთ სამოა); II წრე ­ ქულებით (9:2) მოუგო ჰაირი სეზგინს (თურქეთი); III წრე წმინდად(3,45) გაიმარჯვა ფლორიანო სპესთან (ბრაზილია); IV წრე ­ წმინდად (1,50) სძლია ბოლდინ ჟავხლანტუგსს (მონღოლეთი); V წრე ­ ისვენებდა; VI წრე ­ ქულებით (3:1) მოუგო უვე ნოიპერტს (გდრ); ფინალში ქულებით (0:1) წააგო ვასილე პუშკაშუსთან (რუმინეთი).

1992 წლის ოლიმპიური თამაშები

100 კგ, 18 მონაწილე
1. ლერი ხაბელოვი (გაერთიანებული გუნდი)
2. ჰეიკო ბალცი (გერმანია)
3. ალი ქაიალი (თურქეთი)
I წრე ­ ქულებით (2:0) მოუგო ალი ქაიალის (თურქეთი); II წრე ­ ქულებით (8:1) დაამარცხა იოჰანეს ჰერმანუს როსაუ (სამხრეთ აფრიკა); III წრე ­ ქულებით (3:0) სძლია მიროსლავ მაკავეევს (ბულგარეთი); IV წრე ­ ქულებით (6:0) გაიმარჯვა შანდორ კიშთან (უნგრეთი) შეხვედრაში; V წრე ­ ქულებით (5:0) დაამარცხა ანჯეი რადომსკი (პოლონეთი); ფინალში ქულებით (2:1) მოუგო ჰეიკო ბალცს (გერმანია).

იხილე აგრეთვე

ლერი ხაბელოვი

წყარო

რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები