ხალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰალვა

ხალვა − სიტყვა არაბული წარმომავლობისაა. იგი ტკბილეული იყო, რომელიც შაქართან ერთად დანაყილი ნიგვზით ანდა მზესუმზირით მზადდებოდა: „ხალვა შექრით შეკაზმულო, ყაიმაღზე უფრო ტკბილო”.

აჭარაში კარაქს დაწვავდნენ, პურის ფქვილს შეუკიდებდნენ და შეწითლებამდე მოხრაკავდნენ, შემდეგ შაქრის ანდა თაფლის შარბათში შეზელდნენ და ცომივით სქელ მასას რომ მიიღებდნენ, ბურთივით დააგორგალებდნენ. ოდნავ სხვაგვარი შემზადებით: პურის ანდა წვრილად დაფქვილ სიმინდის ფქვილს ერბოში მოხრაკავდნენ, შემდეგ თაფლს ანდა შაქარს შეურევდნენ და მიღებული ცომისაგან მრგვალ კვერებს დაამზადებდნენ. ზოგი დიასახლისი მრგვალ კვერს შუაზე გაჭრიდა და მაგიდაზე გასატანად ისე ინახავდა.

ხალვა სულხან-საბა ორბელიანთან „პუნგია”. ლექსიკოგრაფის განმარტებით „პუნგია ესე არს ტკბილნი ნამზადებნი, რომელსა თურქნი ჰალვას უწოდებენ”.


ლიტერატურა

ორბელიანი, 1949:277; ნიჟარაძე, 1971:429,448; აბაშიძე, კომახიძე, 1998; ქართული მატერილური კულტურის... 2011:604.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები