ხანდო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხანდო — არაგვის ხეობაში, მთიულეთის სამხრეთით, მდებარეობს მთიანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე ხანდო. ხანდოსა ეთნოგრაფიული თემი არასდროს არ შედიოდა მთიულეთის ეთნოგრაფიულ რეგიონში. ამ თემის მკვიდრნი ქართლურ დიალექტზე მეტყველებენ. ხანდოელი მთხრობელის თქმით, „მთიულები იღმინებიან, რაღაც აგრძელებენ. ჩვენ კიდევ ქვევით ხალხს (ე. ი. ქართლელებს) ვემგვანებით”.

ხანდო პირველად მოიხსენიება XIV-XV საუ კუნეების მიჯნის „ძეგლი ერისთავთაში”.

ხანდოში გეოგრაფიული ფაქტორით განპირობებული მთური მიწათმოქმედება არსებობდა, ნიადაგის დატერასების ტრადიცია. ასეთი ტერასები ეთნოლოგებს აქ დადასტურებული აქვთ წინამხარსა და ვეშაგურთაში. აქ მშრალად ნაგები ტერასების სიმაღლე 1-1,5 მეტრის ფარგლებში მერყეობდა, სიგრძე კი 10-15 მეტრია.

ხანდოში რვა სოფელი არის გაერთიანებული: წინამხარი, უკანამხარი, ვეშაგურები, დავითურები, მეჯილაურები, სოდევი, წითლიანი და ბანცური. ორი უკანასკნელი სოფელი შედარებით გვიანდელი წარმოქმნილია არაგვისა და ხანდოს ხევის შეერთების ადგილას, სადაც მოსახლეობა ხანდოს ზემოთ ჩამოთვლილი სოფლებიდანაა გამოსულ-გადმოსახლებული. 1774 წლის აღწერით ხანდოში ექვსი სოფელი ითვლება. ამ აღწერით ხანდოში მოსახლეობდნენ: ნათობიძეები, რომლებიც დღეს ნათობიშვილებად იწერებიან; ლაზუაძეები (დღეს ლაზვიაშვილები); ქურციკაშვილები; ჯუხარაშვილები (XVIII საუკუნეში ჯუხარიძედ იწერებოდნენ); დავითურები; ვეშაგურები; ზურაბაშვილები (XVIII საუკუნეში – ზურაბიძეები); მელიქიშვილები (ადრინდელი გვარი სამხარაული); მოთიაშვილები (ადრინდელი – მოთიაურები). XVIII საუკუნეში ხანდოში გივიძეებს, ფსიტიძეებსა და გვრიტიძეებსაც უცხოვრიათ, რომლებიც მოთიაშვილებს შეყრიან. ხანდოს მკვიდრები არიან ასევე ჯანიაშვილები და ნაგტენაშვილები.

ეთნოგრაფიული მასალებით ხანდოში მოსახლე ყველა გვარს თავისი სალოცავი ჰყავდა. მაგრამ ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც ერთ სოფელში მოსახლე ორ-სამ გვარს საერთო სალოცავი ჰქონდა. ყველა გვარს ბავშვი ჯერ საკუთარ სალოცავში უნდა გაერია და შემდეგ სათემი სალოცავში. ასეთი საერთო სალოცავი ხანდოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისათვის მეჯილაურების „ყოლაწმიდა” იყო.

ხანდოში სასოფლო სალოცავებთან ერთად სათემო ცენტრალური სალოცავებიც არსებობდა. ხანდოელები არ ეყმობოდნენ საერთო მთიულურ სალოცავს – „ლომისას”. თითოეულ თემს, სასოფლო და საგვარო სალოცავთან ერთად, საერთო გამაერთიანებელი სალოცავები ჰქონდა.

ხანდოელებს სცოდნიათ თემიდან მოკვეთა. მოკვეთაზე ქალებს არ ასწრებდნენ. მოკვეთილს სოფლიდან არ აგდებდნენ, სოფელში შვიდი წელიწადი უმძრახად რჩებოდა, არც ხატში მიუშვებდნენ და არც ლხინსა და ჭირში. მოკვეთის დროს დაკლული ხარის ტყავს სოფელი ინაწილებდა.


წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები