ხანძთელი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ ხანძთელი

წმ. გრიგოლ ხანძთელი - (759-861, ხანცთის მონასტერი), წმ. (ხსენ. დღე 05/18.10), ხანცთისა და შატბერდის მონასტრების დამაარსებელი ტაო-კლარჯეთში (ამჟ. თურქეთის ტერიტორია). მისი ცხოვრების აღწერა, „შრომა და მოღვაწება. ღირსად ცხოვრებისა: წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისა, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ“, დაიწერა 951 წ., წმინდანის აღსრულებიდან 90 წლის შემდეგ ხანცთელი ბერის, გიორგი მერჩულის მიერ, გრიგოლ ხანძთელის უახლოეს მოწაფეთა ნაამბობისა და იმ დროისთვის არსებულ დოკუმენტურ წყაროთა საფუძველზე. XI ს. ერთადერთი ხელნაწერი, რომელიც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას შეიცავს, მოიძია გ. ჩუბინაშვილმა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ხელნაწერთა შორის 1845 წ. (იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკა, ფოტოასლი (სხეც. Jer 2. Fol. 157r – 22v). ტექსტის თარგმნილი რუსულ ენაზე პირველად ნ. მარმა გამოაქვეყნა 1911 წ.

გიორგი მერჩულის მიხედვით, გრიგოლ ხანძთელი ქართლის მმართველ ნერსე ერისთავის მეუღლის ძმისწული იყო და მათ ოჯახში იზრდებოდა ჰაგიოგრაფი წერს, რომ გრიგოლ ხანძთელმა „მსწრაფლ დაისწავლა დავითნი და ჴმითა სასწავლელი სწავლა საეკლესიოჲ“ (საეკლესიო გალობა, ღვთისმსახურების წესი და ჰიმნოგრაფია). შეისწავლა ყველა წერილი ქართულ ენაზე, ასევე მრავალი ენა; ზეპირად დაისწავლა საღვთო წიგნები ... მსოფლიოს ფილოსოფოსთა სიბრძნე. მონაზვნური ცხოვრებისადმი მიდრეკილებისთვის გრიგოლ ხანძთელს განდეგილს უწოდებდნენ, მაგრამ ნათესავებმა ინებეს გრიგოლის მღვდლად კურთხევა, ხოლო შემდგომ მისი ეპისკოპოსობაც მოინდომეს. ახალგაზრდა გრიგოლმა ესოდენ მაღალი წოდებისთვის თავი უღირსად ჩათვალა, განერიდა ახლობელთა სურვილს და დედის დისწულ წმ. საბასთან (შემდგომში – იშხნის ეპისკოპოსი) და ღირს მამებთან, ქრისტეფორესა და თეოდორესთან ერთად არაბ დამპყრობთა მიერ გაჩანაგებულ კლარჯეთს მიაშურა. წმ. იოანე ნათლისმცემლის ოპიზის მონასტერში სავანის წინამძღვარმა ღირსმა გიორგი ოპიზელმა ისინი საძმოს წევრებად მიიღო. ორი წლის შემდგომ გრიგოლ ხანძთელი ხანცთას გაემგზავრა ბერ ხუედიოსთან შესახვედრად. ბერს მანამდე ხილვა ჰქონდა, რომ ეწვეოდა „ღვთის კაცი“, რომელიც ხანცთაში მონასტერს ააგებდა და „სურნელებაჲ ლოცვათა მისთაჲ და მოწაფეთა მისთა, ვითარცა კეთილი საკუმეველი, აღიწეოდეს წინაშე ღმრთისა“. მან უჩვენა გ. ხ-ს ხანცთის სანახები, სადაც წმინდანი თავის მოწაფეებთან ერთად დასახლდა. დაახლ. VIII ს. 80-იან წლებში იქ მათ ააშენეს ხის ეკლესია, ოთხი სენაკი და სატრაპეზო. ადგილობრივმა ფეოდალმა გაბრიელ დაფანჩულმა ეკლესიის მშენებლობას მასალა და ხელსაწყო-იარაღები შესწირა, ასევე მიავლინა მშენებლები, რომლებიც სურსათ-სანოვაგითაც უზრუნველყო.

გრიგოლ ხანძთელისა და მის მოწაფეთა მოღვაწეობის შესახებ გაბრიელმა წმ. მოწამე მეფე აშოტ I დიდს (კურაპალატი) უამბო. ღირსი მამა მიიწვიეს სასახლეში და დიდი პატივით მიიღეს. მეფემ გრიგოლ ხანძთელს ძღვნად „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანცთისა“, სადაც მან VIII ს. ბოლოს სავანე დააფუძნა. მონასტერი მალე საეკლესიო მწიგნობრობისა და ხელნაწერთა გადაწერის მნიშვნელოვან კერად იქცა, სადაც შექმნილი მრავალი ხელნაწერი დღემდეა შემორჩენილი. მონასტრისთვის უხვი შეწირულობა გაიღეს მეფისწულებმა ადარნასემ, ბაგრატმა და გუარამმა.

IX ს. დასაწყისში გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით კლარჯეთში დაფუძნდა ნეძვის (ღირსი თეოდორე), კვირიკეწმიდის (ღირსი ქრისტეფორე), უბისის (ღირსი ილარიონ იერუსალიმელი) მამათა და მერეს (ღირსი თებრონიას მიერ) დედათა სავანე; აღდგა მიძნაძორისა და წყაროსთავის მონასტრები, იშხნის საკათედრო ტაძარი და სხვ. ეს მოხდა მაშინ, როცა საქართველოს ცენტრალურ რაიონებში (ქართლი, კახეთი) არაბები (თბილისის საამირო) ბატონობდნენ. სამონასტრო ცხოვრება წმ. საბა განწმედილის ლავრის მსგავს მკაცრ წესებს ეფუძნებოდა. ბერის სენაკში მხოლოდ მცირე სარეცელი, შეურაცხი საგებელი და თითო სარწყული იდგა წყლისთვის, ცეცხლსა და სანთელს არ ანთებდნენ.

გრიგოლ ხანძთელმა კლარჯეთის მონასტრებში ბევრი რამ შეცვალა კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიმსგავსებით, რომელსაც იგი ეწვია სამონასტრო ცხოვრების გასაცნობად. გიორგი მერჩულე აღწერს ახალდაფუძნებულ მონასტრებში ძმათა განაწილების პროცესს dominium-ის (უფროსის წილის) პრინციპით: მთელი საძმოდან გრიგოლ ხანძთელმა ცამეტ-ცამეტი მონაზონი შეარჩია ხანცთისა და შატბერდისთვის, ხოლო ყველა დანარჩენი კენჭისყრის საფუძველზე გადაანაწილა ნეძვისა და კვირიკეწმიდის მონასტრებისთვის.

ხანცთისა და შატბერდის მონასტრებში ბერებს ასწავლიდნენ, იქვე ხდებოდა საეკლესიო წიგნების გადაწერა, ხელნაწერთა მხატვრული გაფორმება, წიგნების ყდების ოქროთი და ვერცხლით გამშვენება. მაგ., იქ შეიქმნა შატბერდის კრებული (სხეც. S-1141, დაახლ. 973-976), რომელიც მოიცავს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქართულ ქრონიკას, შატბერდის ოთხთავი (მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, M-22, 897 წ.), ჯრუჭის ოთხთავი (სხეც. H-1660, 936 წ.

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გვაუწყებს, რომ მისი განკარგულებით, პალესტინიდან ჩამოიტანეს წმ. საბა განწმედილის ლავრის „წესდება“ (შესაძლოა, საუბარია პალესტინური მონაზვნური ჟამნის შეახებ), აგრეთვე მოიხსენიება გრიგოლ ხანძთელის მიერ შედგენილი ვრცელი ჰიმნოგრაფიული კრებული – ძველი იადგარი. მას მიეწერება ზოგიერთი ჰიმნი მიქაელ მოდრეკილის X ს-ის იადგარიდან. (სხეც. S-425).

გრიგოლ ხანძთელი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც სასულიერო, ასევე საერო პირთა და სამეფო კარის წევრთა შორისაც. როდესაც ჯავახეთის საეკლესიო კრებაზე პოლიტიკური მოსაზრებით პატრიარქის ტახტიდან გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, კათოლიკოს-პატრიარქის, წმ. არსენ I დიდის გადაყენება უნდოდათ, რისთვისაც მისი არჩევის არაკანონიკურობასა და ახალგაზრდა ასაკზე მიუთითებდნენ, გრიგოლ ხანძთელის მიერ პატრიარქის მხარდასაჭერად წარმოთქმული სიტყვა გადამწყვეტი აღმოჩნდა. წმინდანმა წინასწარმეტყველურად განჭვრიტა მის მიერ მომავალში განხორციელებული დიადი საქმენი და მოუწოდა კრებას, რომ მხარი დაეჭირათ ახალგაზრდა კათოლიკოსისთვის.

„ცხოვრებაში“ აღწერილია გრიგოლ ხანძთელის მიერ აღსრულებული მრავალი სასწაული. მაგ., მონასტრის მრავალ ბინადარს უნახავს ნათება მის სენაკში, ასევე ლოცვის დროს „მზის დარად“ გაბრწყინებული თვით წმინდანი. მისი ლოცვით მრავალი იკურნებოდა. გრიგოლ ხანძთელი ზეგავლენას ახდენდა არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ველურ ბუნებასა და ცხოველებზეც კი. ერთხელ ბერები მორებს აგროვებდნენ და გაყინული ფერდობიდან დაბლა უშვებდნენ. ერთი ხე მოწყდა და ის-ის იყო ქვევით მიმავალი მოხუცი ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა მას ჯვარი გადასახა და მორი ჰაერში გაშეშდა სხვა სასწაული შატბერდის ახლოს, მთებში მოხდა. გრიგოლ ხანძთელისა და ბერების წინ უეცრად ირემი გაჩნდა, რომელიც მონადირეებს გაურბოდა. სხვათა გვერდის ავლით, მან გრიგოლ ხანძთელთან მიირბინა და თავი მხარზე დაადო. წმინდანმა თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა: „ქრისტეს სახელით, შენ ვერაფერს დაგაკლებენ შენი მტრები, ნუ გეშინია“. შემდეგ გაუშვა ირემი და დალოცა მონადირენი, რომლებმაც ღმერთს ხოტბა შეასხეს.

თბილისის ამირა საჰაკის მხარდაჭერით, ვინმე ცქირი თვითნებურად დაეპატრონა ანჩის კათედრას. გრიგოლ ხანძთელმა მრავალგზის ამხილა ის უღირსი საქციელისთვის და მოუწოდა დაეტოვებინა კათედრა. ცქირმა გადაწყვიტა გასწორებოდა გრიგოლ ხანძთელის და მკვლელი დაიქირავა. იგრძნო რა საშიშროება, წმინდანი სენაკიდან გამოვიდა. მკვლელმა დაინახა წმინდანისგან გამომავალი კაშკაშა სინათლე და შიშისგან ადგილზე გაქვავდა, ხელი კი მათრახივით უგრძნობლად ჩამოეკიდა. მხოლოდ გრიგოლ ხანძთელის ლოცვამ უშველა და განკურნა. ეკლესიისგან განკვეთილი ცქირი ლაშქრით აპირებდა ხანცთის შემუსვრას. გრიგოლ ხანძთელმა და ძმებმა სთხოვეს მეომრებს, რომ ლიტურგიის დასრულების უფლება მიეცათ. როდესაც ღვთისმსახურება დასასრულს მიუახლოვდა, ცქირი უეცრად გარდაიცვალა. ცხოვრებაში ასევე აღწერილია გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა, წმინდანების – ეპიფანეს, ეპისკოპოს ზაქარია ანჩელისა და თებრონიას მრავალი სასწაული.

გრიგოლ ხანძთელმა, რომელიც სიცოცხლის ბოლოს შატბერდში მოსაგრეობდა, გრძნობდა რა მოახლოებულ აღსასრულს, კლარჯეთის ყველა მონასტერს სანთლები დაურიგა თხოვნით – აენთოთ მისი აღსასრულის დღეს და ხანცთაში გადაყვანა ითხოვა. ის აღესრულა კლარჯეთის ყველა მონასტრის კრებულის გარემოცვაში.

გრიგოლ ხანძთელის ერთადერთი გამოსახულება განთავსებულია სადღესასწაულო მინიატიურაზე (სხეც. S-3269, XVIII ს. 20-იანი წწ.), რომელიც შესრულებულია ტრაფარეტით.

ე. გაბიძაშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • ჭელიძე ე., ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა, თბ., 2005;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ.1, თბ., 1963;
  • Mapp H., Дневник поездки в Шавшию и Кларджию, წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, C. Пeтepбypr, 1911.
  • თაყაიშვილი ე., 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ.,1960;
  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
  • კეკელიძე კ., ბარამიძე ა., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1954;
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი, თბ., 2004.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები