ხარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იან ვან ეიკი, ხარება

ხარება - მღვდლებამა გადაწყვიტეს ტაძრის შემკობა ფარდით. დავითის ტომიდან მოიყვანეს 7 ქალწული და მათ შორის წმ. მარიამიც, რომელსაც წილად ხვდა ჭეშმარიტი პორფირი და ძოწეულის ძაფების დართვა. მან სახლში წაიღო სართავი და დაიწყო ძოწეულის დართვა.

და აი, დადგა ჟამი წინასწარმეტყველების აღსრულებისა და ღვთიური სიტყვის ხორცშესხმისა: ერთხელ, როდესაც ყოვლადწმიდა ქალწულმა ჩვეულებისამებრ აღასრულა შუაღამიანის ლოცვა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „ქალწული მუცლად-იღებს და შობს ძეს, და ეწოდება მას ემმანუილ (რაც თარგმანებით ნიშნავს - ჩვენთან არს ღმერთი), განიმსჭვალა სიყვარულით ამ ქალწულის მიმართ და ღრმად ჩაფიქრდა. იგი მთელი გულით ევედრებოდა ღმერთს, რომ მიენიჭებინა მისთვის ბედნიერება და ამ ქალწულის უკანასკნელ მოახლედ დაედგინა. უეცრად იგი უჩვეულო ზეციურმა ნათებამ მოიცვა და მოესმა ხმა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მის წინაშე უფლის წარმოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი იდგა. ქალწული შეკრთა, უკვირდა რას მოასწავებსო ეს უცნაური სიტყვები? და უთხრა მას ანგელოზმა. „ნუ გეშინინ, მარიამ! რამეთუ მადლი ჰპოვე წინაშე ღმრთისა და აჰა ესერა, შენ მუცლად-იღო და ჰშუა ძეჲ და უწოდე სახელი მისი იესო. ესე იყოს დიდ და ძე მაღლისა იწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თვისისა, და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისასა საუკუნოდ და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასულ“.

- ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? - მორცხვად მიუგო ქალწულმა.

- სულიწმიდა მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ, ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლისა, - დაამშვიდა იგი მთავარანგელოზმა.

- აჰა, მხევალი ღმრთისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა - მიენდო ღვთის ნებას წმიდა ქალწული და იმავ წამს ჩაისახა მასში წმიდა ნაყოფი და აღავსო ყოვლადწმიდა მარიამის სული სიხარულითა და ბედნიერებით. (ლ. ბარბაქაძე)

დღესასწაულის ღვთისმსახურება

ხარების დღესასწაული ქრისტეშობამდე ცხრა თვით ადრე, 25 მარტს/7აპრილს აღინიშნება.

დღესასწაულის ღვთისმსახურება – ცისკარი და საღვთო ლიტურგია – ამ სასიხარულო უწყებას მაცხოვრის შობით კაცობრიობის გადარჩენის შესახებ მრავალჯერ აცხადებს.

„დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს, და საუკუნით განდაფარული სამის საიდუმლოჲსა გამოცხადებაჲ, რამეთუ ძე ღმრთისაჲ ძედ ქალწულის იწოდების, და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩუენცა ხმა მაღლად უღაღადოთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა“ (ტროპარი).

ამ დღესასწაულის განსაკუთრებულობა ცისკრის კანონია, რომელსაც აქვს მთავარანგელოზ გაბრიელსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შორის დიალოგის ფორმა, აგრეთვე, თითქოს და, ჩვენგან მიმართული, ღვთისმშობლისადმი მისალმება მთავარანგელოზის სიტყვებით:

„მთავარანგელოზისა ხმასა გიღაღადებთ შენ წმიდაო: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა“ (სადიდებელი).

ამგვარად, ჩვენ არა მარტო ხარებას ვიღებთ ჩვენი ხსნის შესახებ, არამედ თავად ვადიდებთ ყოვლად წმინდა მარიამს, რომელიც ღმერთის ხორციელი დედა გახდა.

ჩვეულებრივ, ხარება დიდ მარხვას ემთხვევა და მისი ზეიმის ფორმა ყოველ წელს იცვლება, იმის მიხედვით, თუ რომელ დღეზე მოდის იგი. თუ ხარება სადაგ დღეს ემთხვევა (რაც უფრო ხშირია), საღვთო ლიტურგია საღამოს მწუხრთან ერთად აღესრულება და ამიტომ მას წინ უსწრებს მთელი დღის მარხვა, ისევე, როგორც პირველ შეწირულთა ლიტურგიის დროს. ეს ერთადერთი გამონაკლისია, როცა წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია დიდი მარხვის სადაგ დღეს აღესრულება.


იხილე აგრეთვე

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარება

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები