ხასადარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხასადარი - (არაბ.-სპარს. xāssadār - სახასო, ანუ სამეფო მიწების გამგებელი). სამეურნეო დარგის მოხელე გვიანფეოდალურ საქართველოში. ხასადარი იყო მეფის დომენის, მისი საკუთარი მამულების (ხოდაბუნების, ვენახების, საძოვრების) ზედამხედველი, ამავე დროს საჯარო მოხელეც, რამდენადაც იგი მეფის, როგორც საჯარო პირის მოხელეს წარმოადგენდა.

ისტორიულ დოკუმენტებში ხასადარი პირველად 1644 წ-ის საბუთში იხსენიება. ხასადარი ზედამხედველობას უწევდა დომენის მიწებზე მომუშავე გლეხების (მეფის ყმა-გლეხების, ზოგიერთ შემთხვევაში, ქირაზე მომუშავე გლეხების) სეზონურ მუშაობას და ბეგარის გადახდას.

ხასადარის შემოსავლის წყაროები რამდენიმე ჩანს. მას წილი ჰქონდა, როგორც მეფის ფეოდალურ გადასახადში (სამეხრეო, ღალა), ასევე სახელმწიფო გადასახადშიც (მალი). როგორც დომენის მოხელე, ხასადარი ისტორიულ საბუთებში იხსენიება მოურავთან, ნაცვალთან და მამასახლისთან ერთად.

დასტურლამალის“ მიხედვით, ხასადარი სარგოს იღებდა დომენის მიწების შემოსავლებიდან, რომელიც, როგორც ჩანს, სხვაობდა სამეურნეო ობიექტის მოცულობისა და მოსავლიანობის მიხედვით. ყოველი სამეურნეო ობიექტიდან ხასადარის სასარგებლოდ გაწერილი იყო პურის, ღვინის, ქათმის, ღორის, მასპინძლობის, ძღვენის გადასახადი. არსებული საბუთების მიხედვით, მცირედ, მაგრამ, მაინც ერთმანეთისაგან სხვაობს სხვადასხვა ადგილის (გორი, დიღომი, კავთისხევი, ლილო, დურნუკი, ავლაბარი, ქვემო ბოლნისი) ხასადრების შემოსავლები. დიღმის ხასადარს მალის გადამხდელისაგან ერთი შაური ეკუთვნოდა, მოყალნისაგან - ერთნახევარი კოკა ტკბილი. ზვრისა და ღალის შემოსავლების მეათედიდან „როგორც სამართალია“, ანუ ნახევარი. ასევე, მცირედ განსხვავებულადაა განსაზღვრული კავთისხევის ხასადარის სარგო. მას ეკუთვნოდა „ზვრისა და ხოდაბუნის ათისთავის ნახევარი; კომლზე ქათამი; თვითო ლიტრა ქერი“.

ხასადარი ვალდებული იყო აღეწერა მეფის მამულების შემოსავლები და ერთგვარი ბუღალტერია ეწარმოებინა. დომენის მიწების მართვისას ხასადარის ფუნქციები წააგავდა მეფის მოურავის ფუნქციებს, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მათი სამოქმედო არეალი გამიჯნული იყო. ზოგან ღალის აკრეფის საქმეს მხოლოდ ხასადარი ხელმძღვანელობდა, მაგ., ღალის ხასადარს ეკუთვნოდა „ბატონის (მეფის) სამეხრეოსი და ღალის ათისთავის (მეათედი) ნახევარი“. ღალის გამომღები კომლიდან ხასადარი იღებდა სამ ლიტრა ქერს, მალის გამომღებიდან - შვიდ ფუთნახევარსა და ძღვენს. როგორც ჩანს, ნატურით გასამრჯელოს ღალის ხასადართან ერთად იყოფდნენ მამასახლისი და ნაცვალი. თუკი ხასადარი მეღალის ფუნქციებს ითავსებდა, მას დამატებითი სახის გასამრჯელო ეძლეოდა. ხასადარის სახელო მემკვიდრეობითი იყო.



წყაროები და ლიტერატურა

  • დასტურლამალი 1965: 259, 261, 271, 299;
  • სურგულაძე 1952: 211-216.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები