ხახალეიშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ხახალეიშვილი

დავით ხახალეიშვილი — (დ. 28 თებერვალი, 1971, ქუთაისი — გ. 11 იანვარი, 2021 მინსკი), ქართველი ძიუდოისტი (+ 95, აბსოლუტური). ოლიმპიადების ისტორიაში პირველად, დავით ხახალეიშვილის გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა დამოუკიდებელი საქართველოს დროშა და აჟღერდა ჩვენი ეროვნული ჰიმნი.

სსრკ-ის ჩემპიონი (1991), ვერცხლისა (1989) და ორგზის ბრინჯაოს (1990, მძიმე და აბსოლუტური) პრიზიორი, სსრკ-ის ხალხთა X სპარტაკიადის ჩემპიონი (1991), დსთ-ის ჩემპიონი (1992). ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993 - მძიმე და აბსოლუტური, 1996) და ბრინჯაოს პრიზიორი (1990). ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (1989). მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისა (1991, 93) და ბრინჯაოს (1993 აბსოლუტური, 1995) მედლების მფლობელი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში (1996, 97). 1996 წლის ატლანტის XXVI ოლიმპიურ თამაშებზე აწონვაზე დააგვიანა და არ დაუშვეს საჭიდაოდ. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი.

1992 წლის ოლიმპიური თამაშები

+95 კგ, 28 მონაწილე
1. დავით ხახალეიშვილი (გაერთ. გუნდი)
2.ნაოია ოგავა (იაპონია)
3.იმრე ჩოსი (უნგრეთი)
3.დავიდ დუიე (საფრანგეთი)
I წრე ­ წმინდად (4,37) მოუგო ხალიფა აბაბაქარ დიუფს (სენეგალი); II წრე ­ ქულებით (ვაზარი) გაიმარჯვა ფრენკ მორენო გარსიასთან (კუბა); III წრე ­ ქულებით (კოკა) სძლია რაფალ კუბაცკის (პოლონეთი); IV წრე ქულებით (ვაზარი) მოუგო იმრე ჩოსს (უნგრეთი); ფინალში იპონით (1,04) დაამარცხა ნაოია ოგავა (იაპონია).

დავით ხახალეიშვილმა ოლიმპიადის ფინალში იაპონელ ნაოია ოგავას 64 წამში წმინდად მოუგო. ბარსელონა, 1992 წელი

ტურნირი, არც ერთი შერკინება არ წაუგია, თუმცა ოლიმპიური ჩემპიონი ჯერ არ ყოფილა. იაპონელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ოგავა ოლიმპიურ ოქროს აქ, ბარსელონაში მიიღებს. დავით ხახალეიშვილიც საჩემპიონოდ ემზადება, მაგრამ იაპონელებმა ამის თაობაზე ჯერჯერობით არაფერი იციან. პრესის ლოჟაში სასტარტო ოქმები ჩამოარიგეს. წილისყრის შედეგებზე სამდურავი არ ითქმის: ხახალეიშვილი პირველ ჯგუფშია, ოგავა – მეორეში. თუ მოულოდნელი არაფერი მოხდა, მათი გზები სწორედ ფინალში შეიყრება. ტატამზე პირველ წყვილს უხმობენ: ხახალეიშვილი – დიუფი (სენეგალი). ჩვენი ფალავნის უპირატესობა აშკარაა. შეხვედრის ბოლო წამები, ეფექტური გდება და მსაჯის შემართული მარჯვენა – იპონი! ხახალეიშვილი იოლად უმკლავდება დანარჩენ მეტოქეებსაც – კუბელ მორენოს, პოლონელ კუბაცკის, უნგრელ ჩოსს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ძიუდოისტი ფინალშია და, მინიმუმ, ვერცხლის მედალი უკვე განაღდებული აქვს. წინ ფინალია. რა თქმა უნდა, ნაოია ოგავასთან. იაპონელი წმინდად იგებს ოთხივე შეხვედრას და ამ საქმეს 7 წუთსა და 53 წამს ანდომებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ოგავა ძალიან იოლად უმკლავდება თავის მეტოქეებს. სხვა თუ არაფერი, ფსიქოლოგიური უპირატესობა აშკარად მის მხარეს არის. გარეგნულად ასე ჩანს, მაგრამ კაცმა არ იცის, ფინალში რა მოხდება. მაგრამ ის, რაც ფინალში ხდება, ყველა მოლოდინს აჭარბებს. 1 წუთსა და 4 წამში ყველაფერი მთავრდება. 1 წუთსა და 4 წამში! ზედიზედ ორი ეფექტური გდება და ორი ვაზარი. ეს უკვე იპონია – წმინდა გამარჯვება. ოგავა გაოგნებულია, ხახალეიშვილი – გახარებული, მაყურებელი – გაკვირვებული.

შეჯიბრება ყველაზე მნიშვნელოვანი, შეხვედრა – ყველაზე მთავარი, წონითი კატეგორია – ყველაზე პრესტიჟული, მეტოქე – ყველაზე ტიტულიანი, გამარჯვება – ყველაზე ეფექტური. ოლიმპიურ პრიზიორებს დაჯილდოების ცერემონიალზე უხმობენ. ოქროს მედალი ­ დავით ხახალეიშვილს, ვერცხლის – ნაოია ოგავას, ბრინჯაოსი – დავიდ დუიეს და იმრე ჩოსს. დარბაზი ფეხზე დგება. გაისმის საქართველოს ჰიმნი, მაღლა მიიწევს საქართველოს დროშა. ასეთი რამ პირველად ხდება ოლიმპიურ თამაშებზე. ორი დღის წინ ხახალეიშვილი ჩვენი დროშით ხელში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მოაბიჯებდა, 27 ივლისს კი ეს დროშა მისი გამარჯვების აღსანიშნავად ძიუდოისტთა ტურნირზე აღიმართა. პრესკონფერენციაზე ხახალეიშვილმა თქვა: „ოგავა, რა თქმა უნდა, უდიდესი სპორტსმენია. შარშან, ამ დარბაზში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი მასთან წავაგე. დღეს ჩემი ჯერი დადგა. ბრძოლის დაწყებამდე ვნერვიულობდი, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როგორც კი ტატამზე გავედი, ყველაფერმა გამიარა. მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობდი. ძალიან მინდოდა გამარჯვება.”

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები