ხახმატის ჯვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხახმატის ჯვარიხატი სოფელ ხახმატში (ხევსურეთი). ხახმატის წმ. გიორგი, ხევსურეთის თემების – ბისოხახმატის საყმოთა – პატრონი, რომელიც სადიდებლებში იხსენიება როგორც გიორგი ნაღვარმშვენიერი“ ან „ნაღვარში მაბურთალი“, რადგან ის მიწა, სადაც დაარსებულია, ძალზე ნაყოფიერია, არაგვის „ნაღვარია“.

ხახმატის ჯვარი „რჯულიან-ურჯულოთ სალოცავია“, რადგან მას ლოცულობენ და შეწევნას თხოვენ არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ „ურჯულო“ ქისტებიც: „შენამც იდიდები, გიორგი ნაღვარმშვენიერო, რჯულიან-ურჯულოთ სალოცავო! გიორგის მოდენო, თქვენ გადიდნასთ ღმერთმა...“ ხახმატის გიორგის მოდენი არიან ქაჯავეთის ლაშქრობიდან ტყვედ წამოყვანილი (თუ დახსნილი) ქალები – სამძიმარი, აშექალი, მზექალი და სხვანი, რომლებიც მან ქრისტიანულად მონათლა, მეენე დაუნიშნა და საარსო მისცა ხახმატის ჯვარში, თავისი საყმოს სალოცავად გახადა. განსაკუთრებით სამძიმარი შეითვისა ისე, რომ როცა ხახმატის ჯვარს ახსენებენ, გიორგი ნაღვარმშვენიერისა და სამძიმარ ყელღილიანის ერთობას გულისხმობენ. სხვა ღვთისშვილთაგან განსხვავებით, ხახმატის გიორგის მთავარი საგმირო საქმეა არა იმდენად დევებთან ბრძოლა, არამედ ქაჯავეთის დალაშქრვა და ქაჯავეთის განძის მოპოვება. მის დღესასწაულზე ამ ლექსს მღერიან:

„ქაჯავეთ რად იარები, გიორგი, მგლისა ფერაო?
ვალი მიკიდავ, ვალსა ვთხოვ, რას
მკითხავ, ქრისტის დედაო?
სინას სჭედს ქაჯთა მჭედელი, მივასწრევ წურვაზედაო,
ქურთემულ მაუგლეჯიე, ცხენი შავაგდი ზედაო.
ქაჯთა მჭედელმა ხელკვერი ცხენს მიცა ბეჭებზედაო“


შენიშვნა: („მგლის ფერი“ – მგელივით გაუტეხელი, „სინა“ – სპილენძი, „წურვა“ – წრთობა, „ქურთემული“ – დიდი გრდემლი, ხელკვერი — სამჭედლო იარაღი, ურო).

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები