ხეთაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხეთაგ-ი (ოს. Хетæг) – გენეალოგიური გადმოცემების მიხედვით, ხეთაგუროვებისა და ნარის ქვაბულის მკვიდრთა ლეგენდარული პირველწინაპარი. ერთი ვარიანტით, იგი ყაბარდოელი თავადის – ინალის შვილი, სხვა ვარიანტით – შვილიშვილი იყო. თავის ძმებთან – ბიასლანთან და ისლამთან დაპირისპირებული ხეთაგი ვაჟიშვილებთან (უვიჯიყო და ენალდიყო) ერთად ცენტრალურ კავკასიაში გაიქცა. დადევნებულმა ძმებმა მოკლეს ძმისშვილები, მაგრამ თავად ხეთაგი ვერ მოიხელთეს: ქანცგაწყვეტილ ხეთაგთან კორომი თავად მოვიდა და შეიფარა [სოფ. საუდაგთან ახლომდებარე კორომს ხეთაჯი ვასთირჯი (Хетæджы Уастырджи – „ხეთაგის წმ. გიორგი“) ეწოდა. აქ მკის დაწყების წინ მახლობელი სოფლების მცხოვრებლები ხეთაგის თაყვანსაცემად ყოველწლიურად მოდიოდნენ. – „ხეთაჯი ძუარი“. კორომში მოღონიერებულმა ხეთაგმა გზა ნარის ქვაბულისკენ განაგრძო. იგი თავიდან სოფ. ცმიში (სხვა ვარიანტით, სლაში) შეჩერდა, ცოლად ვინმე ბუგულაევის ქალიშვილი შეირთო და მდინარეების – გურქუმთიდონისა და ზაყადონის შეერთების ადგილთან ახლოს სოფ. ნარი დააარსა.

გადმოცემით, ხეთაგს ჰყავდა ვაჟი – ჯევარჯი, ამ უკანასკნელს კი – მამია და მამი. მამიას ვაჟებად ითვლებიან – გოცი, ჯირი, ბრანცი და ჯანაი. მათ სახელებს უკავშირდება ჯიოევის, ბრანცევის და ჯანაევის გვარები. ძიდახანოვის, ბალაევისა და ოთაროვის გვარების დამაარსებლად გოცის შვილები (ძიდა, ზასა და ოთარა) ითვლებიან, ხოლო ენალდიევის გვარისა – მამიას ვაჟი – ენალდი. მამის ვაჟებისაგან (ქოზირი, სეკო, ძუა) იღებენ სათავეს ქოზირევის, საუთიევის და მამიევის გვარები. სხვა ცნობით, ხეთაგს ჰყავდა ორი ცოლი; ერთისგან ეყოლა ზემონახსენები ჯევარჯი, მეორისგან – გაჯი, რომლის ვაჟები იყვნენ გუბა, ნოღაი და თოთი (დააფუძნეს გვარები: გუბაევი, ნოღაევი და თოთიევი). ზემოაღნიშნული გვარები და მათი განშტოებები თავიანთ წინაპრად ხეთაგს მიიჩნევენ. საინტერესოა ითქვას, რომ ამ მრავალრიცხოვანი ნათესაური გაერთიანებისათვის დამახასიათებელია ენდოგამიური ქორწინება, რაც ოსებში ძალზე იშვიათ მოვლენას წარმოადგენს.


ლიტერატურა

  • Уарзиаты В. С. К исторической интерпретации осетинских преданий о Хетаге // Вопросы кавказской филологии и истории. К 80-летию Ф. Турчанинова. Нальчик, 1982;
  • Емельянова Н. М. Традиционная культура и религия у осетин // Дарьял. 2004. № 4;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия „Народы и Культуры“. Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები